ვიღაცები, 27 ივნისის ფონზე, ფსიქიკური შეშლილობის ზღვარზე არიან და ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერილი ხელშეკრულების დაკნინებას ცდილობენ. შესაბამისად, ათას რამეს ბოდავენ, ესაო, ისაო, ევროკავშირი ქართულ ენას, ტრადიციებს, კულტურას წაგვართმევს, ასოცირება არაფერს ნიშნავსო. მამაცხონებულო, თუკი ასოცირება ფარატინა ქაღალდია, აბა, ისტერიკა რატომღა გაქვს? - ამ შეკითხვაზე პასუხს უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკი, უსაფრთხოების ექსპერტი კონსტანტინე ფორჩხიძე სცემს და არ გამორიცხავს, რომ ე.წ. პრორუსულმა პოლიტიკურმა ძალებმა “ოცნების” წინააღმდეგ პროვოკაციების კასკადი დაგეგმონ. ფორჩხიძის თქმითვე, არსებობს ალბათობა, რომ შემოდგომიდან ქუჩაში გასულმა არასაპარლამენტო ოპოზიციამ სახელმწიფო შენობები დაიკავოს, გზები გადაკეტოს და მიზნის მიღწევას ასე შეეცადოს. მიზანი კი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია, რასაც შეიძლება, მხოლოდ ხელისუფლების კი არა, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ვექტორის შეცვლაც მოჰყვეს. მოკლედ, რა პროვოკაციები იგეგმება ხელისუფლების წინააღმდეგ და რუსეთი “სტავკას” ისევ ნინო ბურჯანაძესა და აქამდე ცნობილ სხვა ფიგურებზე გააკეთებს, თუ თამაშში ახალ პერსონას შემოიყვანს? - “ქართული სიტყვა” აგრძელებს სკანდალური ინტერვიუების ციკლს უშიშროების თადარიგის პოლკოვნიკ კონსტანტინე ფორჩხიძესთან.
- ბატონო კონსტანტინე, თქვენც და სხვა ექსპერტებიც არ გამორიცხავდით, რომ რუსეთი საქართველოში არეულობის პროვოცირებას 27 ივნისამდე შეეცდებოდა, თუმცა საბედნიეროდ, ევროკავშირთან ასოცირების ხელმოწერამ მშვიდობიანად ჩაიარა. საფრთხეები კიდევ არსებობს, მით უმეტეს, იმ ფონზე, როცა რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ლავროვი აცხადებს, როგორც კი ასოცირების ხელშეკრულება ძალაში შევა, რუსეთი თავდაცვის ზომებს მიიღებსო?
- ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ, რომ რუსეთის ქმედებები დროში იქნება გაწელილი და ეს მართებული შეფასებაა.
- ესე იგი, ლავროვის ზემოხსენებული განცხადება პირდაპირი მუქარაა?
- პირდაპირი მუქარა კი არა, საქართველოს ხელისუფლებისთვის გზავნილია.
- აღსანიშნავია, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის პარალელურად, ე.წ. სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებულ რესპუბლიკაში სეპარატისტები რეფერენდუმისთვის ემზადებიან...
- ცხინვალის რეფერენდუმი სავაჭრო თემაა, თუმცა არ მგონია, რუსეთმა სამაჩაბლოს მიერთება დაიწყოს. საერთოდ, არ შეიძლება, ტერმინი “სამხრეთ ოსეთი” გამოვიყენოთ, რადგან ეს მიხეილ სააკაშვილის დამკვიდრებულია და იმ მდგომარეობამდე, რომელშიც დღეს ვართ, სწორედ ასეთი ტერმინოლოგიის დამკვიდრებამ მიგვიყვანა.
- ადრე კრემლის მიერ სამეგრელოს არეულობის გეგმაზე საუბრობდით. კიდევ რა საფრთხეები არსებობს? ერთ არამშვენიერ დღეს, საქართველოში შეიძლება, რუსული ტანკები ისევ გამოჩნდნენ?
- რუსული ტანკები დღესაც საქართველოს გულში არიან - რუსეთის უახლოეს სამხედრო ბაზიდან 40 კილომეტრი გვაშორებს, თუმცა პირდაპირი საომარი საფრთხე არ არსებობს და კრემლი უფრო იმ სცენარს აირჩევს, რომელზეც ადრეც გვისაუბრია, ანუ შეეცდება, საქართველოს ხელისუფლებაში არჩევნების გზით ისეთი პოლიტიკური ძალები მოიყვანოს, რომლებიც მის ინტერესებს დააკმაყოფილებენ.
- ესე იგი, ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების თემა, რომელზეც მხოლოდ ლევან ვასაძე კი არა, უკვე ნინო ბურჯანაძეც ხმამაღლა ლაპარაკობს, გააქტიურდება?
- დიახ, ამის ყველა ნიშანი არსებობს... ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები რუსულ ინტერესებში ჯდება!
- “ოცნების” ხელისუფლებას ვადამდელი არჩევნების დანიშვნას როგორ აიძულებენ?
- ნებისმიერი პატარა პროვოკაციით.
- მაგალითად?
- მაგალითად, ისეთ თემებს შემოაგდებენ, როგორიც ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის აზერბაიჯანული სკანდალია.
გარდა ამისა, გამორიცხული არაა, რომ უკმაყოფილების გასაჩენად სამართლიანობის აღდგენა გამოიყენონ, მით უმეტეს, რომ ძალიან ბევრია გაღიზიანებული და ისეთი ადამიანი, რომელიც ღირსებააყრილია. სწორედ ამაზე მეტყველებს 15 ივნისის არჩევნებში ამომრჩევლის დაბალი აქტივობა. ისე, ჩემი აზრით, მეორე ტურზეც დაბალი აქტივობა იქნება, რაც კიდევ ერთი მინიშნება იქნება, რომ ხელისუფლების მიმართ ნდობა ნელ-ნელა კლებულობს. ეს საგანგაშოა.
- ვთქვათ, არასაპარლამენტო ოპოზიციამ, ამ შემთხვევაში, ბურჯანაძის ფრთამ, ხალხი, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ქუჩაში გამოიყვანა, მაგრამ ხელისუფლებას როგორ აიძულებს, რომ ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს?
- შეიძლება, გამოსვლებმა პერმანენტული სახე მიიღოს და შიმშილობაც გამოაცხადონ. ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, ოპოზიციას რა ფინანსური სახსრები ექნება. ამ საპროტესტო აქციების მთავარი მოთხოვნა ასეთი იქნება: რატომ არ ისჯება “ნაცმოძრაობა”?!
- თუკი ხელისუფლება ამ აქციებს ყურადღებას არ მიაქცევს, აქციების ორგანიზატორები შეიძლება, სიტუაციის გამწვავებაზე წავიდნენ და, ვთქვათ, სახელმწიფო შენობებში შეჭრა სცადონ?
- ამ პოლიტიკური პროცესის სტრატეგიული მიზანი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა იქნება, მაგრამ თუ ამას ვერ მიაღწევენ, მაშინ იმას მაინც მოახერხებენ, რომ ქუჩის აქციებით თავიანთი რეიტინგი მაქსიმალურად გაზარდონ. იმ შემთხვევაში, თუკი ხალხს აიყოლიებენ, გამორიცხული არაა, რომ მასობრივი გაფიცვები და გზის გადაკეტვებიც დაიწყოს. ამასთან, სახელმწიფო სტრუქტურების პარალიზება მოახდინონ.
- ყველაფერ ამისთვის ხელისუფლება მზადაა?
- არა. ხელისუფლება მზად რომ იყოს, ეს 15 ივნისის არჩევნებზე გამოჩნდებოდა და იმ შედეგს მიიღებდა, რასაც ელოდა. მართალია, ამბობენ, მეორე ტური დემოკრატიისკენ გადადგმული ნაბიჯია და დასავლეთი ამას ისე შეხედავს, როგორც დემოკრატიის ზეიმსო, მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის, რა?!
მოდით, შევხედოთ, რეალურად, ამომრჩევლის რა რაოდენობა მივიდა 15 ივნისს.
- რა რაოდენობა?
- 20 პროცენტი, თუმცა ეს ციფრი გაზარდეს, რაზეც საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული დარღვევებიც მეტყველებს. გარდა ამისა, რამდენიმე ოლქში შედეგები გაუქმდა. მართალია, ყველაფერი ეს არჩევნების საბოლოო შედეგზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ სამაგიეროდ, გავლენას სხვა რამეზე, ანუ ხალხის უკმაყოფილებაზე ახდენს.
- ისე, ცოტა უცნაურია, რომ ბურჯანაძის გაერთიანება აქციებს შემოდგომისთვის აანონსებს. თუ პროტესტია, არ ჯობია, ახლავე დაიწყოს?
- შემოდგომა პოლიტიკურად აქტიური პერიოდია. ზაფხულში კი, იციან, რომ ხალხი ქუჩაში არ გამოვა...
- თუკი რუსეთისკენ მიდრეკილმა ე.წ. არასაპარლამენტო ოპოზიციამ საპროტესტო ტალღა ააგორა, ქუჩაში “ნაციონალებიც” გავლენ?
- არა... აქციები ნინო ბურჯანაძემ რომ დაიწყოს და გვერდით “ნაციონალები” დაიყენოს, როგორ წარმოგიდგენიათ, რა მოხდება? რა და, - ხალხი ჩაქოლავს!
არ ვიცი, ხელისუფლება რამდენად აცნობიერებს, რომ ყველაფერ ამან ქვეყანას შეიძლება, ძალიან მძიმე შედეგები მოუტანოს.
- რას გულისხმობთ?
- რას და, - პროდასავლური კვალიფიციური სუბიექტი, “ნაცმოძრაობის” იმ ფრთის გარდა, რომელზეც ადრეც გვისაუბრია, ქართულ პოლიტიკურ ველში არ არსებობს. ეს მოსკოვშიც კარგად იციან და იმ ანალიტიკურ სამსახურებშიც, რომლებიც ყველაფერ ამას გეგმავენ და საქართველოში თავიანთი მიზნის განხორციელებას ცდილობენ.
- კი ბატონო, მაგრამ არსებობს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - ნინო ბურჯანაძე რეიტინგული ფიგურა არაა, რაც ბოლო ორმა - საპრეზიდენტო და თვითმმართველობის არჩევნებმაც ნათელყო...
- ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს...
- როგორ არ აქვს? - ხომ საჭიროა ლიდერი, რომლის დაძახილზეც ხალხი ქუჩაში გავა?! უნდა ველოდოთ, რომ კრემლმა “სტავკა” სხვა, თუნდაც არაპოლიტიკური ბეგრაუნდის პერსონაზე გააკეთოს?
- ახალი ფიგურა ახლა კი არა, ცოტა მოგვიანებით გამოჩნდება და ის, შეიძლება, მოსკოვში მოღვაწე ქართველი იყოს.
- ვისზე მიანიშნებთ?
- ნებისმიერზე, რომელიც დღეს მოსკოვში მოღვაწეობს. შეიძლება, ეს ისეთი ფიგურაც იყოს, რომელზეც ჯერ წარმოდგენაც არ გვაქვს.
მოდით, ის გავაანალიზოთ, ამ პოლიტიკური პროცესის საბოლოო შედეგი რა უნდა იყოს. რა და, - იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც ამაში ჩაერთვებიან, მაქსიმალური დივიდენდები მიიღონ. ეს დივიდენდი კი, საპარლამენტო არჩევნების გზით, უმრავლესობაში მოსვლაა, რათა ქვეყნის მხოლოდ ხელისუფლება კი არა, საგარეო ვექტორიც შეიცვალოს. თუ ხელისუფლებასთან ერთად, პოლიტიკური ვექტორიც შეიცვლება, ეს საგანგაშო იქნება. “ოცნება” სწორედ ამაზე უნდა დაფიქრდეს და თუკი 15 ივნისის არჩევნების შედეგები არ გააანალიზა, სვლას დაღმავალი გზით გააგრძელებს. საბოლოო ჯამში კი, 2016 წლის არჩევნებისთვის ძალიან დაბალი რეიტინგი ექნება და ბიძინა ივანიშვილის სახელი აღარ უშველის.
- სხვათა შორის, ამას წინათ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, 15 ივნისის შედეგები ივანიშვილის კი არა, ჩვენი დამსახურებააო...
- დიახ, თქვა...
- ყველაფერ ზემოთქმულის პარალელურად, ევროკავშირის და, საერთოდ, დასავლეთის დისკრედიტაცია ხომ არ გააქტიურდება, მაგალითად, ცალკეული ჯგუფები ხალხს მტკიცებას დაუწყებენ, ევროპა ქართველობას გვართმევს, გვრყვნისო?
- გარყვნაზე რა გითხრათ, მაგრამ ისეთ ექსპერტებსა და პიროვნებებს გამოიყვანენ, რომლებსაც საზოგადოებაში ავტორიტეტი აქვთ და ათქმევინებენ, რომ საბოლოო ჯამში, ასოცირების ხელშეკრულება არაფრის მომტანია. არადა, სინამდვილეში, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა, ყველაფრს თავი რომ დავანებოთ, საქართველოს ევროპის ველში დაბრუნებას ნიშნავს, მაგრამ პოლიტიკურ ასპექტებს არ უყურებენ და ყურადღებას ეკონომიკასა და კეთილდღეობაზე ამახვილებენ. არადა, კეთილდღეობის შესაძლებლობა სწორედ ასოცირების ხელშეკრულებაა, ანუ ხელისუფლების ადექვატური მოქმედებების პირობებში, ეს ხელშეკრულება კეთილდღეობას მოიტანს და მოსახლეობა შვებით ამოისუნთქებს. ეს დღეს და ხვალ კი არა, შეიძლება, 5-10 წლის შემდეგ იყოს. ხელისუფლების მოვალეობაა, რომ საზოგადოებას აუხსნას, ყველაფერი ეს დროში გაწელილი პროცესია და შედეგს ახლავე ნუ ელოდებიო. ეს დროში გაწერილი პროცესი მხოლოდ ჩვენთვის კი არა, რუსეთისთვისაცაა - ამ გაწელილ პროცესს სათავისოდ გამოიყენებს. ამიტომ, იქნება გარკვეული “შპილკები” და ექსპერტებიც გამოჩნდებიან, რომლებიც ხელშეკრულების გადაფარვას ისეთი მესიჯებით დაიწყებენ, რომელიც ხალხზე იმუშავებს...
- მაშასადამე, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება ერთგვარ ლუსტრაციას მოახდენს?
- რა თქმა უნდა, და, პირველ რიგში, პოლიტიკური ძალების ლუსტრაცია მოხდება. ამასთან, ასოცირების ხელშეკრულება მედია-სექტორის, ექსპერტული საზოგადოებისა და ეკლესიის ლუსტრირებასაც მოახდენს.
- სხვათა შორის, უწმინდესმა აღნიშნა, რომ ევროპა ჩვენი არჩევანია...
- პატრიარქი ბრძენია და იცის, რომ ასოცირების ხელშეკრულება პოლიტიკური მომენტია, ანუ ევროპამ, პრაქტიკულად, აღიარა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია!
საქართველო-ევროკავშირის ხელშეკრულებას წინ დიდი პროცესი უძღვოდა...
- ისე, ზოგი მიიჩნევს, რომ 27 ივნისი სააკაშვილისა და, საერთოდ, “ნაცმოძრაობის” დამსახურებაა...
- “ნაცმოძრაობა” რა შუაშია? გაიხსენეთ, თავის დროზე თავად ევროკავშირმა გამოთქვა გაფართოებისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების, ასე ვთქვათ, მიზიდვის სურვილი. ამისთვის თანხებიც გამოყო და პროგრამებიც შექმნა. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი ინდიკატორული პროგრამა საქართველოსთვის ის იყო, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შედგა და რომლის პირველი ნაწილი 2007-დან 2011 წლამდე პერიოდს მოიცავდა, მეორე კი, - 2011-2013 წლებს.
როგორ წარმოგიდგენიათ, ევროპას რომ არ სდომებოდა და თავისი პოლიტიკური გეოსტრატეგიული ინტერესები არ ჰქონოდა, საქართველოში თანხებს ჩადებდა? ცხადია, - არა.
ევროკავშირმა, ინდიკატორული პროგრამის პირველი ეტაპისთვის, საქართველოს 120 მილიონზე მეტი ფინანსური დახმარება გამოუყო და ეს თანხა დემოკრატიის განვითარებაზე, კანონის უზენაესობის დამკვიდრებაზე, მმართველობის ეფექტურობის ამაღლებაზე უნდა დახარჯულიყო.
- ეს 120 მილიონი დოლარი იყო თუ ევრო?
- ევრო... ასევე, თანხა ეკონომიკურ პოლიტიკასა და სომხეთთან სამეზობლო ურთიერთობების გაუმჯობესებას უნდა მოხმარებოდა. სხვათა შორის, ამ უკანასკნელი, ასე ვთქვათ, პუნქტის შესასრულებლად 31 მილიონი იყო გამოყოფილი. სიღარიბის შემცირებასა და სოციალური რეფორმირებისთვის - 38 მილიონი ევრო, საქართველოს შიდა კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისთვის - 19 მილიონი.
- ამ თანხებს ვინ განკარგავდა?
- საქართველოს ხელისუფლება.
- ხელისუფლება დიდია, კონკრეტულად?
- მიხეილ სააკაშვილის გარეშე საქართველოში არაფერი ხდებოდა. ამ ჩამოთვლილი პუნქტებიდან მხოლოდ ბოლოზე, ანუ საქართველოს შიდა კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებაზე რომ შევჩერდეთ, გამოდის, 19 მილიონი ჰაერში გაისროლეს.
- რატომ?
- იმიტომ, რომ 2008 წელს ის მოხდა, რაც მოხდა, მაგრამ ამ 19 მილიონის მომკითხავი არავინაა.
- ბატონო კოტე, როგორც ვხვდები, საუბარი იქითკენ მიგყავთ, რომ ევროკავშირის მიერ გამოყოფილ მილიონებს “ნაციონალები” პირადი კეთილდღეობისთვის იყენებდნენ, არა?
- სწორედ ესაა კორუფცია, თორემ ეტყობა ქვეყანას, რომ 2007-2011 წლებში 120 მილიონი ევრო მიიღო?
- სააკაშვილი უფასო სასადილოებს სულ “ცამპა-რუმპით” ხსნიდა და ევროკავშირის მიერ გამოყოფილი ფულიც, ალბათ, სწორედ ამაში იხარჯებოდა!
- კი ბატონო, მაგრამ იცით, როგორ იყო? - ვთქვათ, ერთ უფასო სასადილოს გახსნიდნენ, ან სოციალურ საცხოვრებელს ააშენებდნენ, დანარჩენი ფული კი, კაცმა არ იცის, სად მიდიოდა. სხვათა შორის, ამ თანხების მონიტორინგი არავის ჩაუტარებია, არადა, ევროპა, ადრე თუ გვიან, მოგვთხოვს, 120 მილიონი რაში დაიხარჯა.
- ეს 120 მილიონი სესხი იყო თუ გრანტი, ანუ საჩუქარი?
- საჩუქარი.
- აბა, ევროპას რა ესაქმება, მისი ნაჩუქარი როგორ გამოვიყენეთ?
- პირველი პროგრამა რომ დამთავრდა, მეორე, ასოცირების ხელშეკრულებამდე მიმყვანი პროგრამა დაიწყო. ეს უკვე ომისშემდგომი პერიოდია და, შესაბამისად, თანხა გაიზარდა.
- რამდენით?
- ლაპარაკია 3,7 მილიარდზე. ამას დაუმატეთ ერთი მილიარდი ამერიკული დახმარება. ასევე, გავიხსენებ ერთმილიარდიან დახმარებას, რომელიც “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, 32 დონორმა ქვეყანამ საქართველოს მოაწოდა. მახსოვს, ამ თანხას პირდაპირ არ გვაძლევდნენ, ანუ საუბარი იყო მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა და სასოფლო-სამეურნო ტექნიკის მოწოდებაზე. მახსოვს, ზურაბ ჟვანია ბრიუსელში ჩავიდა და, როგორც ვიცი, იმდენს მიაღწია, რომ თანხა წამოვიდა, თუმცა არავინ იცის, ეს თანხა ვის მოხმარდა, როგორ დაიხარჯა და სად წავიდა. ამ თანხებს 10-15 ოჯახი, ანუ ისინი ინაწილებდნენ, ვინც სააკაშვილის გვერდით იყვნენ.
- ეს 10-15 ოჯახი ვინაა?
- მაგალითად, “ნაცმოძრაობაში” არსებობდა გივი თარგამაძის კლანი, ასევე, ზურაბ ჟვანიას ყოფილი გუნდი, კეზერაშვილის მიმართულება, ახალაიების კლანი და ასე შემდეგ...
- გივი თარგამაძის კლანი ვისგან შედგებოდა?
- ძირითადად, ძალოვანებისგან.
მოკლედ, დავითვალოთ, საერთო ჯამში, რა თანხაზეა ლაპარაკი: “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, საქართველომ დასავლეთისგან, დაახლოებით, 6-7 მილიარდის დახმარება მიიღო. გარდა ამისა, კრედიტს მსოფლიო ბანკიც გვაძლევდა.
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოს საგარეო ვალი, დაახლოებით, 13 მილიარდია, თუმცა ამ თანხაში წეღან ნახსენები 6-7 მილიარდი არ შედის, რომელიც ევროპამ გვაჩუქა და რომელიც საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობას უნდა მოხმარებოდა, მაგრამ არსებობს ეჭვი, რომ ამ თანხის დიდი ნაწილი “ნაცმოძრაობის” ყულაბაში წავიდა, ანუ თუ გავითვალისწინებთ, რომ რაღაცას აშენებდნენ, ფასადებს არემონტებდნენ და ასე შემდეგ, ამ 6-7 მილიარდიდან ქვეყანას მხოლოდ 10-15 პროცენტი მოხმარდა. ყველაფერი ეს მიზნობრივი პროგრამა იყო, ამიტომ, აუცილებელია, რომ მხოლოდ ევროპულმა მონიტორებმა კი არა, ქართველმა სამართალდამცავებმაც მოიკითხონ, თანხები სად წავიდა.
- თუ “ნაცმოძრაობას” ამდენი ფული ჰქონდა, აბა, დღეს ფულზე რატომღა “ჩალიჩობს”?
- მაქვს ეჭვი, რომ ამ თანხების დიდი ნაწილი სწორედ იმ სქემებზე იხარჯებოდა, რაზეც ადრე ვსაუბრობდით, ანუ იარაღის უკანონო ბიზნესზე და ასე შემდეგ... ამასთან, თანხა კერძო ფონდებშიც აკუმულირდებოდა. ჩემი ინფორმაციით, პროკურატურასა და შსს-ში სპეცფონდები სწორედ ამ მიზნით შექმნეს, თუმცა თავის დროზე, ანუ 2004 წელს, ფონდების შექმნა დასავლეთის მოთხოვნა იყო, რადგან ხელფასები გაეზარდათ და ბრძოლა სამოხელეო დანაშაულის - კორუფციის წინააღმდეგ დაეწყოთ. ამაში სოროსის, გაერო-ს განვითარების ფონდები ჩაერთნენ, ასევე, კერძო შემომწირველებიც. წესით, ეს ფონდები პირველ ეტაპზე უნდა ყოფილიყო, მერე კი, მისი ფუნქცია სახელმწიფო ბიუჯეტს ეტვირთა, მაგრამ “ნაციონალებმა” ფონდები ბოლომდე შეინარჩუნეს და თავიანთი ავტორიტარული ხელისუფლების ერთ-ერთ დასაყრდენად აქციეს. ამ ფონდებს გაუბედურებული ხალხის დაყაჩაღებით ავსებდნენ.
- დასავლეთს ამდენ ფულს “უტეხავდნენ” და ხალხის “დარეკეტება” რაღად უნდოდათ?
- კერძო ფონდებიდან ფულის მოხსნა უფრო ადვილია, ვიდრე - რომელიმე სამინისტროდან.
- რატომ?
- იმიტომ, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან “მოხსნილ” თანხაზე კვალი რჩება, კერძო ფონდებს კი ვინ შეამოწმებს?
- ევროპელები ყასიდადაც ვერ ხვდებოდნენ, რომ “ნაციონალები” გრანტს არამიზნობრივად ხარჯავდნენ?
- საქართველოში ევროკავშირის მისიაა და სადაზვერვო ინფორმაცია ექნებოდა, რა და როგორ ხდებოდა.
- პასუხს რატომ არ სთხოვდნენ, ან ახალ გრანტებს რატომღა აძლევდნენ?
- იმიტომ, რომ დღეს ევროპისთვის გეოსტრატეგიულად ყველაზე საინტერესო საქართველოა.
- ბატონო კოტე, რა ამის პასუხია და, ამას წინათ, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, ნატო-სა და ევროკავშირში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე შესვლას, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა მირჩევნიაო, ეს პროვოკაციული განცხადებაა?
- ასეთი განცხადების გაკეთება, რბილად რომ ვთქვა, არამიზანშეწონილად მიმაჩნია, რადგან არავის უთქვამს, ნატო-ში ან ევროკავშირში აფხაზეთისა და სამაჩაბლოს გარეშე უნდა მიგიღოთო.
ისე, არავინ იცის, რუსეთს საქართველოში რეალურად რა ინტერესი აქვს. კი ბატონო, მეზობლის ინტერესი უნდა გაითვალისწინო, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ შენი პოლიტიკური კურსი შეცვალო... არსებობს სომხეთისა და რუსეთის გეოსტრატეგიული ინტერესი. ამიტომ დაიწყო აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე საუბარი. სხვათა შორის, თომას დე ვაალი თავის დროზე წერდა, რომ რკინიგზის გახსნამ აფხაზეთი შეიძლება, რუსეთის გეოსტრატეგიულ ინტერესებს მოწყვიტოსო. ისე არ გამიგოთ, რომ თომას დე ვაალის მოსაზრებას ვემხრობი, მაგრამ ამაზე დაფიქრება შეიძლება. სომხეთი, როგორც ცნობილია, ევრაზიულ კავშირში შედის და ევროკავშირსა და ევრაზიულ კავშირს შორის საზღვარი, პრაქტიკულად, საქართველო-სომხეთზე გადის, ხვდებით, რა სიტუაციაა?
საერთოდ, საქართველო უნდა განვიხილოთ, როგორც სამი ძირითადი მოთამაშის - რუსეთის, დასავლეთისა და აშშ-ის გეოსტრატეგიული ინტერესი. ამ სამკუთხედს არ უნდა გავექცეთ, თუმცა სამივესთან ურთიერთობისას ჩვენი ინტერესიც უნდა გავითვალისწინოთ.