გიგი უგულავასთვის აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას უცხოელი დიპლომატები ეხმაურებიან. შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საკუთარი პოზიცია სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გამოხატა: „თბილისში ბატონ გიგი უგულავას დაკავება, როგორც ჩანს, ეწინააღმდეგება კანონის უზენაესობის წინა ვალდებულებებს“,- წერს კარლ ბილდტი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ქეთრინ ეშტონის პრესსპიკერის განცხადებას იმოწმებს, რომლის თანახმადაც, ევროკავშირი ყურადღებით ადევნებს თვალს გიგი უგულავას დაკავების საკითხს და მას მორატორიუმის კონტექსტში განიხილავს.
„აღვნიშნავთ, რომ გიგი უგულავა, რომელსაც შეჩერებული აქვს მერობის უფლებამოსილება, საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების დროს ოპოზიციის კამპანიის ხელმძღვანელია. გავიხსენებთ პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის მიერ 14 აპრილს გაკეთებულ განცხადებას საარჩევნო პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებასა და სამართლებრივ დევნაზე მორატორიუმის დაწესების თაობაზე. ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს სასამართლო პროცესის სრული დამოუკიდებლობა, გამჭვირვალობა და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფლება იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც საქართველომ 2014 წლის 27 ივნისს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერისას აიღო“, - ნათქვამია ქეთრინ ეშტონის პრესსპიკერის განცხადებაში.
საქართველოში აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი კი განმარტავს, რომ აშშ-ის ყურადღება მიპყრობილია პროცესისა და პრინციპების და არა – კონკრეტული ინდივიდების მიმართ. ნორლანდი იმედოვნებს, რომ ბრალის დამტკიცებამდე პირის უდანაშაულობის პრეზუმფცია დაცული იქნება და მართლმსაჯულება მაღალი სტანდარტების დაცვით განხორციელდება.
რას ნიშნავს ეს შეფასებები და როგორი უნდა იყოს საქართველოს ხელისუფლების რეაგირება? რა გეგმები შეიძლება ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას“ და რა გავლენას მოახდენს მიმდინარე პროცესები არჩევნების მეორე ტურზე? - For.ge სამართლებრივ საკითხთა ექსპერტს კახა კახიშვილს ესაუბრა. იგი ხელისუფლებას ოპოზიციასთან მორატორიუმზე დათანხმების გამო მკაცრად აკრიტიკებს.
კახა კახიშვილი: განცხადებებსა და გამოხმაურებებში, რომელიც გამოქვეყნდა, ძირითადი აქცენტი კეთდება მორატორიუმის დარღვევაზე და არა იმაზე, რამდენად საფუძვლიანი იყო სამართალდამცავების მხრიდან გიგი უგულავას დაკავება და სასამართლოს მიერ აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდება. კითხვა, რომელიც დაისმის, ასეთია: „რატომ დაარღვიეთ მორატორიუმი?“ ამიტომაც ვიყავი თავის დროზე მორატორიუმის წინააღმდეგი. როდესაც ამ საკითხზე მსჯელობდნენ, ვაცხადებდი, რომ მორატორიუმზე ხელისუფლება არ უნდა დათანხმებულიყო. უნდა ეთქვა: მე ვერ ჩავერევი პროკურატურის საქმიანობაში, ისევე, როგორც ვერ ვერევი დღეს სასამართლოს საქმიანობაში. მორატორიუმს რომ არ დათანხმებულიყვნენ, დღეს ასეთი განცხადებები არ გაკეთდებოდა.
კარგი იქნება, თუ ხელისუფლება თანმიმდევრული იქნება და გაუგებარ პოლიტიკურ გარიგებებზე კი არა, კანონზე დაყრდნობით მიიღებს გადაწყვეტილებებს. პროკურატურის საქმიანობა რეგულირდება პროკურატურის შესახებ კანონით, ხოლო გამომძიებლებისა და პროკურორების საპროცესო მოქმედებები და გადაწყვეტილებები რეგულირდება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით. არც ერთში და არც მეორეში არ წერია სიტყვა „მორატორიუმი“, ამიტომ, ჩემთვის გაუგებარია, რატომ დასთანხმდა ხელისუფლება ამ წინადადებას.
რა მოლოდინი გაქვთ, შეძლებს პროკურატურა მყარი არგუმენტებით იმის დასაბუთებას, რომ გიგი უგულავას დაკავება და პატიმრობის შეფარდება გადაუდებელი აუცილებლობა იყო?
- როგორც ჩანს, სასამართლოში შეძლო - წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო არ გამოიყენებდა აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობას. ხელისუფლებას პრობლემა, ყველაზე მეტად, ამ გაუგებარი მორატორიუმის გამო შეექმნება. ამ საკითხთან დაკავშირებით იქნება კითხვები ყველა დიპლომატიური წარმომადგენლის განცხადებაში. კონსულტაციების დროს, რომელსაც ხელისუფლება, სავარაუდოდ, გამართავს დიპლომატებთან, წარდგენილი უნდა იყოს პროკურატურის დასაბუთებული პოზიცია გადაუდებელ აუცილებლობასთან დაკავშირებით. პროკურატურამ თუ ეს სასამართლოს დაუსაბუთა, ალბათ, დიპლომატებსაც დაუსაბუთებს.
უგულავას ბრალდებებთან და სასამართლოსთან დაკავშირებული საკითხების სათავისოდ გამოყენებას შეეცდებიან მისი თანაგუნდელები. პოლიტიკური თვალსაზრისით, რა შედეგის მიღება შეუძლია „ნაციონალურ მოძრაობას“ ამ პროცესებიდან?
- „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს იქცევა ისე, როგორც იქცეოდა 2000-2003 წლებში, როდესაც ხდებოდა ძალის დემონსტრირება, სახელმწიფო ინსტიტუტების და თანამდებობის პირების დისკრედიტაცია, მათ ქმედებებში იქნება საბოტაჟის ნიშნებიც. გამოუვა, თუ არა „ნაცმოძრაობას“ რის გაკეთებასაც აპირებს, ეს მხოლოდ ხელისუფლების კვალიფიკაციაზეა დამოკიდებული.
ყველამ ნახა, რა ხდებოდა უგულავას სასამართლო პროცესის შემდეგ - სიტყვიერად და ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ პროკურორებს. წინა ხელისუფლების დროს იმავეს ვერავინ გააკეთებდა, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დანაშაულებრივი გადაწყვეტილებები გამოჰქონდა პროკურატურას და სასამართლოს. „ნაცმოძრაობა“ რომ ყოფილიყო ხელისუფლებაში და რომელიმე პოლიტიკურ პარტიას გაებედა იმგვარი ძალადობა, რაც გუშინ სასამართლოსთან მოხდა, წარმოიდგინეთ, რა მოჰყვებოდა ამას მათი მხრიდან. „ნაცმოძრაობა“ აპროტესტებს ყველანაირ ძალადობას, რომელიც ეხება მის წარმომადგენლებს, მაგრამ, იმავდროულად, თავად არ ერიდებიან ძალადობას. ეს უნდა იყოს საყურადღებო ხელისუფლებისთვის. მან უნდა ისაუბროს არა რაღაც კანონთან შეუსაბამო მორატორიუმებზე, არამედ, უნდა იმოქმედოს კანონით დადგენილ ჩარჩოებში. ნებისმიერ ფაქტს სჭირდება რეაგირება. თუ ხელისუფლება დახუჭავს თვალს ერთი კონკრეტული პოლიციელის ან პროკურორის ცემის ფაქტზე, ხვალ მსხვერპლი იქნება 5 პოლიციელი, ზეგ - დაკარგავს პოლიციას, პროკურატურას და აღმოჩნდება მარტო, როგორც ეს იყო შევარდნაძის ხელისუფლების დროს - როდესაც დისკრედიტებული იყო სახელმწიფო ინსტიტუტები და შელახული ჰქონდათ ავტორიტეტი სახელმწიფო მოხელეებს.
ვიმეორებ, რეგირება უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ კანონით დადგენილ ჩარჩოებში - არ უნდა იყოს არც კანონზე მკაცრი, როგორც ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ პერიოდში და არც კანონზე ლმობიერი, როგორც ეს იყო შევარდნაძის მმართველობის ბოლო პერიოდში - 2000-2003 წლებში. წინააღმდეგ შემთხვევაში წარმატებით განხორციელდება „ნაციონალური მოძრაობის“ გეგმა, რომელიც სახელმწიფო ინსტიტუტების და თანამდებობის პირების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.
რა გავლენა შეიძლება იქონიოს გიგი უგულავას საკითხმა არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც ზუსტად ერთ კვირაში გაიმართება?
- გაუგებრად მიმაჩნია იმაზე საუბარი, რომ შესაძლებელია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თბილისში არჩევნების მეორე ტური მოიგოს, იმიტომ რომ, დიდი სხვაობაა ნარმანიასა და მელიას მიერ მიღებული ხმების რაოდენობაში. ნარმანიას ხმები მელიას ვერ დაემატება. 99,9%-ით დარწმუნებული ვარ, რომ ნარმანია გაიმარჯვებს. „ნაცმოძრაობა“ კი საუბრობს როგორც მეორე პოლიტიკური ძალა, მაგრამ არ მგონია, მას, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, ისეთი მხარდაჭერა ჰქონდეს, რომ პირველ ადგილზე გავიდეს. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ „ოცნების“ კანდიდატები სუპერპოპულარულები არიან და სუპერმხარდაჭერით სარგებლობენ ხალხში. უბრალოდ, იმდენად დისკრედიტებულია „ნაცმოძრაობა“, რომ ამომრჩეველს მისი მხარდაჭერა კიდევ რამდენიმე წელი არ მოუნდება.