გასულ კვირას ქართულ ინტერნეტფორუმებზე შედარებითი სიმშვიდე იყო. ძნელი სათქმელია, ამის მიზეზი ზედიზედ ორი ქალთა დღე იყო თუ სხვა რამ, მაგრამ ის კი ცხადია, რომ კვირის ბოლოსთვის შესამჩნევი პოლიტიკური გამოცოცხლება შეინიშნებოდა.
ალბათ დამეთანხმებით, რომ არსებობს ბევრი უფრო ჭკვიანი, უფრო პრინციპული, თუნდაც უფრო განათლებული ადამიანი, ვიდრე ისინი, ვინც ქართულ ტელევიზიებში გამოდიან და საკუთარ თავს ინტელიგენტებს უწოდებენ.
BIG_EGO: “როდესაც გამოდის ცნობილი კომუნისტი, ან კიდევ ვინმე ეგეთი და იძახის ინტელიგენტი ვარო – ჩემს თვალში არის სრული მარაზმი და მეტყველებს მათ სისულელეზე ან უპრინციპობაზე. ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს იმას ინტელიგენტი ჰქვია თუ პროლეტარი. ერთადერთი, რამაც შეიძლება გაამძაფროს ჩემი დამოკიდებულება, ის არის, რომ მათ ნათქვამ სისულელეებს ბრბო უფრო სერიოზულად აღიქვამს, ვიდრე სხვებისას. ან, სხვანაირად რომ ვთქვათ, ცოტა მეტი აზროვნება მოეთხოვება ასეთი სტატუსის ხალხს.
რაც შეეხება იმას, რომ ტერმინის საჭიროებას ეჭვქვეშ ვაყენებ, შესაბამისად - მძულს ინტელიგენცია. ვფიქრობ, რომ ეს სტატუსი არც ერთ ღირსეულ ადამიანს არაფერში არ სჭირდება. ვცემ პატივს რეალურად განათლებულ და მოაზროვნე ადამიანებს, მაგრამ ასეთებისგან არასოდეს მსმენია, რომ საკუთარ თავს (თუნდაც კრებითად) ინტელიგენციას უწოდებდნენ და ამით დანარჩენებზე მაღლა აყენებდნენ”
ფაქტი ერთია - ჭეშმარიტი ინტელიგენტი არასოდეს იტყვის ინტელიგენტი ვარო...
იცით, რომ თქვენი პირის ღრუ საფრთხეშია? არა? ნწუ, ნწუ, ნწუ...
გიგი211: ”წარმოიდგინეთ, რომ თბილისის ხალხმრავალ ადგილას მოიგრიხება ძაან-ძაან გოგჩო, მოულოდნელად გადმოუხტება თეთრხალათიანი მუტრუკი და ეკითხება: "იცით, რომ თქვენი პირის ღრუ საფრთხეშია?"
ეს უაზრობა, რატომღაც, ქოლგეითის სარეკლამო რგოლია, რომელსაც ყოველდღე ატრიალებენ სხვადასხვა არხებზე... ის რაც ამერიკელებისა და ევროპელებისათვის, ან იქნებ, აზიატებისათვის, შესაძლოა ჩვეულებრივი სიტუაცია იყოს. საქართველოში, რბილად რომ ვთქვათ, ცოტა უხერხულ ელფერს იძენს... ვერ ეწერება იმპორტირებული რაღაც-რაღაცეები ქართულ მოსახვევებში...”
ერთი, კბილის პასტებისაც... მაგრამ პოლიტიკოსების საქციელიც ხშირად ვერ ეწერება ისე, როგორც მათ უცხოელ მრჩევლებს წარმოუდგენიათ...
ბათუმში რესტორანი დააჯარიმეს 400 ლარით, რადგან იმ რესტორანში სრულდებოდა ცნობილი სიმღერა: “ასეთია ქურდი კაცის ბედი“. სიმღერის შესრულება აკრძალეს.
ელლე: “ის დროა, რომ სიმღერის ავტორი, ჩემთვის და მრავალი თქვენგანისათვის უსაყვარლესი კომპოზიტორი, ბიძინა კვერნაძე მივცეთ სისხლის სამართლის პასუხისგებაში ქურდული სამყაროს ინტელექტუალურ-შემოქმედებით მხარდაჭერაში (მსგავსი ქმედების კრიმინალიზაციის პრეცედენტი უკვე გვქონდა, მაგალითად ი. ბათიაშვილის საქმე).
კი, მიყვარს ეს კაცი და უდიდეს პატივს ვცემ, მაგრამ ქვეყანაში კანონის უზენაესობის პრინციპი ბოლოსდაბოლოს უნდა დამკვიდრდეს. ასევე, ავკრძალოთ "თეთრი ბაირაღები", შევიკრიბოთ ვარდების რევოლუციის მოედანზე და საჯაროდ მოვაწყოთ აუტოდაფე”.
აბა, ჰე, კიდევ რა ავკრძალოთ? კიდევ ვინ დავიჭიროთ?
ხომ არ იცით, რა ზიანი მოაქვს დემოკრატიას? არადა არიან ადამიანები, რომლებიც ასე ფიქრობენ...
შაქროII: “ანცი იდოლოგები, კერძოდ - დარჩიაანთ კაცი, ხშირად ამბობს ტვ-ში რომ დემოკრატია მხოლოდ მექანიზმია და მას ბევრი ხარვეზები აქვს. ეს განცხადება გულისხმობს, რომ არსებობს სახ. განვითარების სხვა მექანიზმები ისეთი, რომ მასაც შეუძლია ზუსტად იგივე როლის შესრულება (ანუ - უფლება–თავისუფლებების დაცვა) რაც “დემოკრატიას“.
ნახეთ დარჩიაშვილისეული “გენიალურობა“: “დემოკრატია, ეს მექანიზმია. ასევე გულისხმობს დილემას “ჯერ სახელმწიფო და მერე დემოკრატია, თუ - ჯერ დემოკრატია და მერე სახელმწიფო?“ – ანუ, ნამეტანი დემოკრატიაც არაა კარგი... დემოკრატიულ თავისუფლებებს სჭირდება კორექტირება.
იქნებ, ვინმემ რომელიმე ქვეყნის მაგალითზე მითხრას რა ზიანი მოუტანია დემოკრატიას? პ.ს. ჩემთვის დემოკრატია მექანიზმი არაა. არამედ დემოკრატია არის საზოგადოების, როგორც გონიერი პოპულაციის, ცხოვრების ბუნებრივი წესი”.
ვაშა ამ ახალ საქართველოს, ვაშა შენებას!
რევოლუცია კი, მოდის! მოდის და, ფორმული მღელვარებაც თანდათან ზენიტს უახლობდება.
VK: “ბევრი მითქმა–მოთქმაა იმაზე, რომ თითქოს მომავალი აქციების დროს, სააკაშვილი არა თუ თბილისში, არამედ საქართველოშიც არ იქნება. ამბობენ, რომ ბობოყვათში მიმდინარეობს გაძლიერებული მზადება მიშას მისაღებად...
ძვირფასო თანაფორუმელებო, ყველას გეკითხებით, ხელისუფლების მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც: უნდა დატოვოს თუ არა სააკაშვილმა თბილისი?”
მე თუ მკითხავთ, გამოსავალი მხოლოდ ერთია - სააკაშვილიც მომიტინგეებს უნდა შეუერთდეს და პრეზიდენტის გადადგომა მოითხოვოს!
ბევრმა დაიჯერა, რომ ფორუმზე კი არ არიან, ფორუმ რომანიუმის არენაზე გამოდიან და მილიონებს მიჰმართავენ აღტყინებული სიტყვით.
მიშიზმი - მითი თუ რეალობა?!
ბარანა: “აქ ბევრმა არსებამ დაიმკვიდრა პრაქტიკა - როგორც კი რამეში არ დაეთანხმები, ეგრევე მიშიზმში “გამხელენ“. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ ჩემს დამოკიდებულებას გარკვეული საკითხებისადმი და ვითხოვ უფლებას, რომ თუკი ვინმე “მიშისტს“ ან რაიმე მსგავსს მიწოდებს, პირდაპირ ვუწოდო იმბეცილი.
ვაცხადებ:
არ მომწონს, რომ მიშა აფხაზეთის დაბრუნების დაპირებას იძლეოდა;
არ მომწონს, რომ ქუჩას დაარქვა ბუშის სახელი;
არ მომწონს, რომ დაღეჭა ჰალსტუხი;
არ მომწონს, რომ კეზერაშვილი ჰყავდა მინისტრად;
არ მომწონს, რომ სასკოლო რეფორმების ნაწილი თვითნებურად გააუქმა;
არ მომწონს მიშას რეზიდენცია.
და, კიდევ ბევრი რამე არ მომწონს...
მაგრამ, ბევრ იდიოტიზმს არ დავეთანხმები, რომელიც ოპოზიციური რიტორიკის ფარგლებში ითქმება. და ვინც ამის გამო მიშისტი დამიძახოს, იმის თავზეც გავიარე”
ფორუმელებზე რა გითხრათ და, ამის წაკითხვის შემდეგ, ჩემშიც გაიღვიძა რაღაც მიშისტურმა...
ოპოზიცია და ხელისუფლება, ქართულ ინტერნეტფორუმებზე მითიურ ორთავიან ფრინველს აგონებთ, რომლის თავებმაც შეიძულეს ერთმანეთი და ერთიმეორის საზიანოდ ქვების ყლაპვა დაიწყეს. ორი თავი, მაგრამ ერთი სხეული, ერთი კუჭი ჰქონდა ფრინველს და მან ვერ მოინელა მოძულე თავების ნაყლაპი ქვები და დაიღუპა.
licemer: “იუზერებო, მერამდენედ უნდა დავისაჯოთ სიბრიყვის გამო? დღევანდელი ოპოზიციის სახეები ნოღაიდელი, ოქრუაშვილი, ბურჯანაძე, მამრაძე, კიწმარაშვილი, ზურაბიშვილი, ხაინდრავა - ეს ის ხალხია, ვინც ერთხელ უკვე გაუსინჯა გემო იოლ ფულს, ახლა ამ უძირო ხაზინიდან "თამაშგარე მდგომარეობაშ" აღმოჩნდნენ - ეს ვერ მოუნელებიათ და სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ ქართული საზოგადოების გულისტკივილი და პროტესტი.
მიშას სიმპათიას ვერავინ დამაბრალებს, მაგრამ შეჩვეული ჭირის პრინციპიდან გამომდინარე ისევ ეგ მირჩევნია”
ზუსტად ეგეთ რამეს ამბობდა, იტალიიდან “რეალში“ წასული ანტონიო კასანო ორი წლის წინ. მერე რაც მოხდა, ყველამ ვიცით...
ჩვეულებრივი დიალოგი ფორუმელსა და საშუალო სტატისტიკურ ქართველს შორის
კავკაზსკი_ლევ: საშუალო სტატისტიკური ქართველი: ვაჰ,რას გვიშვრება ეს მთავრობა...
მე: კი, მარა, რას გვიშვრება?
საშუალო სტატისტიკური ქართველი: ვერ ხედავ, ტო? ხალხი პატრულში რეკავს და იმის არ სცხვენია...
მე: და რა გვიშველის?
საშუალო სტატისტიკური ქართველი: ეს ჭირი დროზე უნდა მოვიშოროთ. ამან დაღუპა საქართველო.
მე: კი, მარა, სხვა ვინ მოვა?
საშუალო სტატისტიკური ქართველი: შენ დიდი ხანია გიცნობ და არ გეკადრება... მიშა გიყვარს?
მე: “გრეჩიხას“ მაინც ჯობია“.
სწორედაც რომ! დემოკრატია არა ისა... მთავარია “გრეჩიხას“ მაინც ჯობდეს! დანარჩენი კი მეორეხარისხოვანია...
გამომდინარე ჩვენს სამშობლოში ბოლო 20 წლის მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით, ზოგიერთმა ფორუმელმა ისეთი მოთხოვნები წამოაყენა, დაჯერებაც კი ძნელია...
ჯეირანა: “ხაზი ესმევა 1991-1994 წლებში განვითარებულ მოვლენებს. რამაც გამოიწვია 100 ათასობით მოქალაქის იძულებითი გადაადგილება, ათეულ ათასობით მოქალაქის დაღუპვა, გაუბედურება, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტრავმატირება, რაც არასოდეს არ აღდგება. მილიონმა მოქალაქემ იძულებით დატოვა სამშობლო.
მოვითხოვთ შემდეგს: სიკვდილით დაისაჯოს შემდეგი პიროვნებები (ვიცით, რომ ეს აკრძალულია, მაგრამ სიტუაციის სიმწვავებასთან დაკავშირებით გთხოვთ გააკეთოთ გამონაკლისი):
ედუარდ შევარდნაძე
მანანა გამსახურდია
თენგიზ კიტოვანი
თენგიზ სიგუა
ირინა სარიშვილი
ირაკლი ბათიაშვილი
ირაკლი წერეთელი
აკაკი ასათიანი
გია ყარყარაშვილი
გოგა ხაინდრავა
მათი ბრალია ქვეყანაში სიტუაციის იმ ზღვრამდე მიყვანა, რამაც გამოიწვია სამოქალაქო ომი!“.
რა უნდა თქვა? “აუწყვია“ კაცს ქვეყანა... თუმცა, ედუარდ შევარდნაძეს რაღას ერჩის, ნეტავ...