მოჩხუბარი მამაოს ვიდეო ავტორს იძულებით გამოაქვეყნებინეს?

მოჩხუბარი მამაოს ვიდეო ავტორს იძულებით გამოაქვეყნებინეს?

დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელებსა და ვიდეოპორტალებზე გამოქვეყნებულ ვიდეოს, რომელშიც სასულიერო პირი ორ მამაკაცთან ჩხუბშია ჩართული. სამოქალაქო პირების თანმხლები ორი ქალი მათ გაშველებას ცდილობს, თუმცა ამაოდ.

როგორც საუბრიდან ირკვევა, სასულიერო პირი საერო პირს იმის გამო დაუპირისპირდა, რომ ამ უკანასკნელმა მეუფეს შეაგინა.
"ხელი როგორ გაგარტყა, მრცხვენია" - ისმის ჩხუბში ჩართული ერთ-ერთი ახალგაზრდას ხმა

Ambebi.ge-მ დაადგინა, რომ დაპირისპირებაში მონაწილე სასულიერო პირი მღვდელი ილარიონ ხურციძეა. ჩვენ უშუალოდ მისგან ვცდილობდით კომენტარის მოპოვებას, თუმცა დაკავშირება ვერ შევძელით. ვიდეოს გავრცელებიდან რამდენიმე საათში Ambebi.ge-მ მამა გაბრიელ ჩადუნელისგან მოიპოვა კომენტარი. მამა გაბრიელი ამბობს, რომ აღნიშნული ვიდეოს გავრცელება წარმოადგენს გამიზნულ პროვოკაციას ეკლესიის წინააღმდეგ. ამასთან, Ambebi.ge-სთან საუბრისას მამა გაბრიელი ამბობს, რომ პირს, რომელმაც გადაიღო კადრები, იძულებით გამოაქვეყნებინეს ვიდეო. გთავაზობთ მის კომენტარს:

მამა გაბრიელ ჩადუნელი, რუის–ურბნისის ეპარქიის მღვდელმსახური, ქარელის რაიონის სოფელ კეხიჯვარის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი: ამჟამად მამა ილარიონი ძალიან ცუდად გრძნობს თავს (რაც ბუნებრივია), ამიტომ ყოველგვარი კომენტარებისაგან თავს შევიკავებთ. ამ ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 

დავსძენ მხოლოდ ერთს, ამ ვიდეოს გადამღები და ამტვირთველი არის ახლად სკოლადამთავრებული ბავშვი, რომელმაც განაცხადა, რომ აიძულეს ამ ვიდეოს გამოქვეყნება, წინააღმდეგ შემთხვევაში მის ოჯახს ემუქრებოდნენ, სწორედ ამიტომ დაიდო ვიდეო რამდენიმე დღის შედეგ და არა მაშინვე. რა იგულისხმა ბავშვმა ამ სიტყვებში, სამართალდამცავები გაარკვევენ. ფაქტია, რომ ეს იყო გამიზნული პაროვოკაცია რუის-ურბნისის ეპარქიის მიტროპოლიტისა და მთლიანად ეპარქიის სასულიერო პირებისადმი.

ძიების დასრულების შემდეგ გავაკეთებთ კომენტარს, შესაძლოა ამ ფაქტთან დაკავშირებით და საერთოდ, ამ ბოლოს სასულიერო პირებისადმი აგორებულ პროვოკაციებთან დაკავშირებით პრესკონფერენციაც მოვაწყოთ. ამ ჟამად კი, როგორც მოგახსენეთ, სხვას ვერაფერს გეტყვით.