ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს დაინიშნა. გადაწყვეტილება ცესკომ გვიან ღამით გამართულ სხდომაზე მიიღო. კომისიის სხდომაზე დადგა ალტერნატიული წინადადებაც, რომ არჩევნები დანიშნულიყო 16 ივლისს. სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ განმარტეს, რომ ეს იქნებოდა საუკეთესო დრო არჩევნების მეორე ტურში გასული კანდიდატებისათვის საარჩევნო კამპანიის წარმართვისთვის. თუმცა, ამ წინადადებას ცესკო-ს სხვა წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. საბოლოოდ, ხმათა უმრავლესობით არჩევნები 12 ივლისს დაინიშნა.
2014 წლის 12 ივლისს ადგილობრივი თვიმმართველოსბის არჩევნების მეორე ტური გაიმართება თვითმმართველ ქალაქში - თბილისში, ბათუმში, რუსთავში, ფოთში, გორში, მცხეთაში, ოზურგეთსა და თელავში და 13 თვითმმართველ თემში - ახმეტაში, ყვარელში, გორში, თიანეთში, მარტვილში, ქობულეთში, ბაღდათში, ხონში, ტყიბულში, ლანჩხუთში, თერჯოლში, თელავსა და ხულოში.
თბილისის მერის არჩევნების მეორე ტურში ერთმანეთს „ქართული ოცნების“ კანდიდატი დავით ნარმანია და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ნიკა მელია დაუპირისპირდებიან. პირველი ტურის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით 50.82 პროცენტი, ხმების უმეტესობა „ქართულმა ოცნებამ“ მოიპოვა. შემდეგ მოდის „ნაციონალური მოძრაობა“ 22.48 პროცენტი, „ნინო ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციამ“ 10.22 პროცენტი მიიღო, შემდეგ მოდის სხვა პარტიები.
ცესკო-ს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საკრებულოს პირველი სხდომები გაიმართება 14 ივლისს და 2 აგვისტოს. საკრებულოს პირველი სხდომები 2 აგვისტოს ჩატარდება - თელავი და თელავის მუნიციპალიტეტი, მცხეთის საკრებულო და მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო, გორის საკრებულო და გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო, ოზურგეთის საკრებულო და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო. რაც შეეხება დანარჩენ ქალაქებს, მათ შორის თბილისში საკრებულოს პირველი სხდომა 14 ივლისს ჩატარდება.
უკვე ცნობილია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს საერთაშორისო დამკვირვებლები ისევ დააკვირდებიან. საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, არჩევნებს იგივე დამკვირვებლები დააკვირდებიან, რომლებიც იყვნენ პირველ ტურზე და ესენი არიან საელჩოები, ასევე რამდენიმე ინსტიტუტის წარმომადგენლები, მათ შორის, NDI, IRI.
ცესკო-ს გადაწყვეტილებას საგანგებო ბრიფინგით გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილი ამომრჩევლებს მიმართავს, მიიღონ მონაწილეობა მეორე ტურში.
„ჩვენ არა გვაქვს უფლება მოვდუნდეთ, ვიყოთ პასიური იმ იმედით, რომ არჩევნები უჩვენოდაც ჩატარდება. დღეს არა გვაქვს უფლება გულგრილი დავრჩეთ პროცესებისადმი! იცოდეთ, რომ თითოეული თქვენგანის ხმა მნიშვნელოვანია. იცოდეთ, თქვენი ხმა იგებს და თქვენი ხმა გადამწყვეტია“, - ნათქვამია პრემიერი მიმართვაში.
ცესკო-ს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური 12 ივლისს გაიმართება, სასამართლოში გაასაჩივრებს „ნაციონალური მოძრაობა“. როგორც გიორგი ვაშაძე აცხადებს, ცესკო-ს აღნიშნული გადაწყვეტილება, გარდა საარჩევნო კოდექსის პირდაპირი დარღვევისა, ეწინააღმდეგება აგრეთვე, ცესკოსავე მიღებულ დადგენილებას, რომელიც განსაზღვრავს მეორე ტურისათვის სავალდებულო პრეცედურების ვადებს. ვაშაძის განცხადებით, ცესკო-ს ამ გადაწყვეტილებით, საქართველოში კიდევ ერთხელ, ღიად და საჯაროდ მოხდა აღიარება, რომ კანონზე და სასამართლოზე მაღლა დგას ერთი კონკრეტული ადამიანი - ბიძინა ივანიშვილი.
„ხელისუფლებამ ეს იმიტომ გააკეთა, რომ დღეიდან ცესკოში წევრი უნდა ჩანცვლდეს. ნინო ბურანაძის პარტიას ჰყავდა ახალი წევრი და მათ უნდოდათ ზედმეტი თავის ტკივილის გარეშე, რაც შეიძლება სწრაფად დანეიშნათ არჩვენები, რომ არ ჰქონოდა მოსულიერების შესაძლებლობაც კი ოპონენტ ძალას, მაშინ, როცა შატაბის ხელმძღვანელი დაკავებულია და საჭიროა გადაეწყოს მენეჯმენტი, რომ სრულფასოვნად მივიღოთ მონაწილეობა არჩევნებში“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
კვლევის, შეფასებისას პიარისა და მარკეტინგული კომუნიკაციების კომპანია „ჯეპრა“-ს უფროსი კონსულტანტი, სოსო გალუმაშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ სტრატეგია უნდა იყოს იგივე რაოდენობის შენარჩუნება, რაც იყო პირველ ტურში. გალუმაშვილი ფიქრობს, რომ ადგილებზე შტაბების მუშაობით შესაძლებელია რაოდენობის შენარჩუნება. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ სტრატეგიას, მისი თქმით, ეს უნდა იყოს რაოდენობის გაზრდა.
„თვითმმართველობის არჩევნებმა დაგვანახა, რომ აქტივობა არ იყო მაღალი. ტრაგედიად არ მივიჩნევ ასეთი დონის აქტივობას. ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც ის არის რომ ჯერჯერობით საქართველოს მოსახლეობას არ აქვს გააზრებული რამდენად მნიშვნელოვანი ინსტიტუციაა თვითმმართველობა.
აქედან გამომდინარე, საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, თვითმმართველობის არჩევნებზე ყოველთვის ნაკლები აქტიურობაა ხოლმე. როგორი იქნება აქტივობა მეორე ტურში? - პრინციპში, იგივე იქნება, რაცა იყო პირველ ტურში. ამომრჩევლის იგივე რაოდენობა „ქართული ოცნებისთვის“ უპირობო გამარჯვებას ნიშნავს“, - აცხადებს სოსო გალუმაშვილი.