თბილისი ყოფილი მერი არჩევნებს საკნიდან დააკვირდება

თბილისი ყოფილი მერი არჩევნებს საკნიდან დააკვირდება

თბილისის ყოფილი მერი ხუთ უმძიმეს სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული, თუმცა გამოძიებამ უგულავას მეექვსე ბრალიც წარუდგინა - მარნეულის ეპიზოდი, ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და იძულება. გიგი უგულავას ბრალი ე.წ. მოდულის შენობაში წარედგინა. როგორც ჟურნალისტებს ბრალის წარდგენის შემდეგ, უგულავას ადვოკატმა გიზო უგლავამ განუცხადა, ყველასთვის სიურპრიზი იქნება, რომ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციას და ყალბ დოკუმენტებს დაემატა მარნეულის ეპიზოდი, რომელშიც ბრალი წარედგინა ჯგუფური მოქმედების ორგანიზებისა და იძულებისთვის.

თავად გიგი უგულავა მიიჩნევს, რომ უკანონოდ არის დაკავებული და გამომძიებლებთან დავაყენეთ შესაბამისი მოთხოვნა - უკანონოდ დაკავებულის გათავისუფლების შესახებ. უგულავა მიიჩნევს, რომ არის პოლიტიკური პატიმარი. უგულავამ თავისი ნებით უარი თქვა ჩვენების მიცემაზე.

უკანონო შემოსავლებისა და მარნეულის საქმე გაერთიანებულია. მარნეულის ეპოზოდში მოწმეები საარჩევნო კომისიის წევრები არიან. რაც შეეხება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდებას, ბრალდების ამ ნაწილში მთავარი მოწმე, ბიზნესმენი და უგულავას მეგობარი, გიორგი კაპანაძეა. კაპანაძე არ მალავს, რომ ყოფილი მერის წინააღმდეგ გამოძიებასთან ითანამშრომლა და აქვე დასძენს, რომ მზად არის სასამართლოს მისცეს ჩვენება, როგორც ბრალდების მოწმემ. კაპანაძე ფულის გათეთრების დეტალებზე საუბრობს და აცხადებს, რომ მასსა და უგულავას შორის შუამავალი იყო გიორგი ღონიაშვილი, უგულავას ქვისლი. საქმეში არის ფიქტიური ხელშეკრულების დოკუმენტები, სატელეფონო საუბრები და ვიდეო-მასალა.

„გიგი უგულავა არის დამნაშავე და ის უნდა დაისაჯოს. რაც შეეხება თანხებს, ეს იყო მილიონ ნახევარი დოლარის ოდენობით გაფორმებული ფიქტიური კონტრაქტი, რისი მეშვეობითაც 760 ათასი დოლარი იქნა გადმორიცხული საქართველოში საარჩევნოდ „ნაციონალური მოძრაობის“ დასახმარებლად. ეს თანხა მთლიანად ღონიაშვილმა გადასცა გიგი უგულავას. ამ ოპერაციაში ჩართული იყვნენ - გიგი უგულავა, გიორგი ღონიაშვილი, დავით კეზერაშვილი და ალექსანდრე გოგოხია. თუ მოსამართლე არ მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას და მას დატოვებს პატიმრობაში, სამართლიანობა იქნება აღდგენილი“, - აცხადებს გიორგი კაპანაძე.

რაც შეეხება „სითი პარკი“-ს საქმეს, გამოძიების ინფორმაციით უგულავამ ბიუჯეტის კუთვნილი 86 700 ლარის გაფლანგა და, ამ საქმეში უგულავას წინააღმდეგ ჩვენება მისივე მეგობარმა, ყოფილმა პარლამენტარმა კობა ბექაურმა მისცა, რომელიც კაპანაძის მსგავსად მზად არის უგულავას წინააღმდეგ ჩვენება სასამართლოს მისცეს.

„კომპანია დაფუძნებულია ვირჯინიის კუნძულებზე, რომელიც შექმნეს შავი ხვრელებისთვის, „ნაციონალური მოძარობის“ დასაფინანსებლად, თავისი სიამოვნებისთვის. პირადად ვარ დასწრებული, ჩემთან ერთად როგორ აცილებდა ამ ადამიანებს მამუკა ახვლედიანი. პირადად ვესწრებოდი ამ მოლაპარალებას როგორც საქართველოში, ასევე ისრაელში. ამ ყველაფერზე უგულავას და არა მარტო მას, პასუხის გაცემა მოუწევს“, - აცხადებს კობა ბექაური.

გიგი უგულავას ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოში პროცესის დაწყებამდე ჟურნალისტებთან ის მტკიცებულებები გაასაჯაროვეს, რომელიც მათი თქმით, ბრალდების მხარემ გადასცა. საუბარია ბიზნესმენ გიორგი კაპანაძის დაკითხვის ოქმზე, რომელიც დაცვის მხარის თქმით, ერთ გვერდიანია. ადვოკატების განცხადებით, ოქმში წერია, რომ ლონდონში უცნობმა პირმა მას გადასცა წერილი სადაც ეწერა - „რიჟიკ“ აზრზე მოდი, სანამ დროა, მერე გვიან იქნება.

„გიორგი კაპანაძე იგივე „რიჟა“ დაიკითხა სადაც ისაუბრა თითქოსდა, მუქარაზე. საქმე არის სულ ერთ-გვერდიანი, სადაც საუბრობს, რომ გიგი უგულავა დამემუქრაო. თავის ჩვენებაში წერს, რომ ლონდონში, რომელიღაც ქართულ რესტორანში იკვებებოდა, გამოსვლის შემდეგ შავებში ჩაცმული შავგვრემანი მამაკაცი მიუახლოვდა და გადასცა წერილი, სადაც მითითებულია - „რიჟიკ, რას ლაპარაკობ და ვის ებრძვი აზრზე მოდი სანამ დროა, თორემ მერე გვიან იქნება“ და აი, ამ მტიკებულებით უნდა ბრალდების მხარეს, რომ გიგი უგულავა დაიჭიროს“, - განაცხადა ადვოკატმა გიორგი ბასილაიამ.

ყოფილი მერის დაკავებასთან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, საქართველოში ახლა მიმდინარეობს ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქმნის სტაბილურობას, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ.

„ეს არის დემოკრატიული არჩევნები. ბუნებრივია, დემოკრატიული არჩვენების დროს, მთლიანად არ ჩერდება სხვა პროცესები, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ყველა მხარე ამ პროცესს მოეკიდება უაღრესი პასუხისმგებლობით და დარწმუნებული ვარ, არგუმენტები, როგორც პროკურატურას, ასევე დაცვის მხარეს ექნება ძლიერი და გადაწყვეტილება გამოტანილი იქნება დამოუკიდებელ და თავისუფალ სასამართლოში. ჩვენმა საზოგადოებამ ვაჩვენეთ, რომ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და ყველა უწყებამ ბუნებრივია, იგივე რეჟიმში უნდა იზრუნოს ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისთვის“, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის განცხადებით, მორატორიუმი არ არის კანონი ან კონსტიტუცია.

„მე არ მესმის იმ ადამიანების, ვინც საუბრობს მორატორიუმის დარღვევაზე. მორატორიუმი არ არის კანონი ან კონსტიტუცია. ის არის მმართველი ძალის კეთილი პოლიტიკური ნების გამოხატულება. სამართალდამცველმა ორგანოებმა ეს მორატიორიუმი წინასაარჩევნო კამპანიის დროს 100 პროცენტით დაიცვეს, მაგრამ მოხდა ერთი გამონაკლისი უგულავას შემთხვევაში.

მათ ჩათვალეს, რომ ეს ბრალდებული არ იქცეოდა ისე, როგორც ეს იყო გამოძიების ინტერესში. ვერავინ აუკრძალავს სამართალდამცველ ორგანოს, რომ დაიცვას კანონი. კანონი არის ყველასთვის ერთი. აქედან გამომდინარე, უგულავასთან დაკავშირებული აჟიოტაჟის მე არ მესმის და მით უფრო, რომ -ეს არის მორატორიუმის დარღვევა. მორატორიუმი არ არის იმუნიტეტი, რომ რაც გინდა ის აკეთო და როდესაც გამოძიებას შენს მიმართ კითხვები აქვს, მიიმალო ქვეყნიდან. დანარჩენი პროკურატურის საქმეა. ბოლო სიტყვას იტყვის სასამართლო, რომელიც არის დამოუკიდებელი“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

პროკურატურის გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, პროკურატურა და ცესკო შეთანხმებულად მოქმედებს მეორე ტურთან დაკავშირებით. მისი თქმით, შეტევა ერთდროულად განხორციელდა, ერთი მხრივ, დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი და მეორე მხრივ, იმავე დღეს, როცა კანონით გათვალისწინებული ვადები ამოწურული არ იყო, ცესკო-მ მიიღო შემაჯამებელი ოქმი და უკანონოდ დანიშნა არჩევნების მეორე ტური.

„ბრალი წარდგენილია ფულის გათეთრებაზე, მაშინ, როცა არსებული მტკიცებულებები საეჭვოა და არის მხოლოდ ერთი ბიზნესმენის ჩვენება, რაც საკმაოდ წინააღმდეგობრივია და ბევრ კითხვას ბადებს. რაც შეეხება მარნეულში მომხდარ ინციდენტს, უგულავასთვის ბრალის წარდგენა არის აბსურდი. მომხდარი შეიძლება დაკვალიფიცირებულიყო ადმინისტრაციული კანონმდებლობით, რადგან ანალოგიურ დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება მოხდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის წესით“, - აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.