ქართველი სამხედროები „ძლიერთა თამაშებში“ მიიღებენ მონაწილეობას (ვიდეო)

ქართველი სამხედროები „ძლიერთა თამაშებში“ მიიღებენ მონაწილეობას (ვიდეო)

დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები სექტემბერში ლონდონში დაგეგმილ „ძლიერთა თამაშებში“ (“Invictus Games”) მიიღებენ მონაწილეობას. დღეს, თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ტურნირისთვის შერჩეული ექვსი სამხედრო წარადგინეს. „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილე სამხედროებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვაკო ავალიანი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიესალმნენ და ასპარეზობაში წარმატებები უსურვეს. ქართველ სამხედროებს სიტყვით მიმართა ასევე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშემ, ვიცე-პოლკოვნიკმა ნიკ ვილკესმა.

ღონისძიებაზე სტუმრებმა პრინცი ჰარის ვიდეო მიმართვა მოისმინეს. ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წარმომადგენელმა „ძლიერთა თამაშების“ ქართველ მხარდამჭერებს და სამხედრო მოსამსახურეებს ტურნირში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა. პრინცი ბრიტანეთის სამეფო ფონდისა და ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად, თამაშების ორგანიზატორია.

ღონისძიებას გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები, დაჭრილი სამხედროების ოჯახის წევრები, მწვრთნელები და სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციების  წარმომადგენლები დაესწრნენ. სამხედროების წარდგენაზე შპს „ჯი თი მოტორსის“ დამფუძნებელი გიორგი თავდიშვილიც იმყოფებოდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, კომპანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობს და დაშავებული ქართველი სამხედროების საერთაშორისო ასპარეზობის მხარდამჭერია.

10-14 სექტემბერს ლონდონში დაგეგმილი „ძლიერთა თამაშებში“ მონაწილეობისთვის 2008 წლის აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილი ქართველი სამხედროები  სპორტის სხვადასხვა სახეობაში ყოველდღიურ მომზადებას უკვე გადიან. საერთაშორისო ასპარეზობისთვის მათ პროფესიონალი მწვრთნელები მძლეოსნობაში, მშვილდით სროლაში, ცურვაში, ფრენბურთში, ველორბოლასა და ბირთვის კვრაში ინტენსიურად ავარჯიშებენ. საქართველოს შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები 14 ქვეყნის 400-მდე დაშავებულ სამხედროსთან ერთად იასპარეზებენ.

ლონდონში "ძლიერთა თამაშები" დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდასაჭერად და მათივე მონაწილეობით პირველად იმართება. ასპარეზობის მიზანი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების საბრძოლო სულისკვეთების ამაღლება და  მოტივაციის გაზრდა, ასევე მათი რეაბილიტაციის პროცესში სპორტის აქტიურად გამოყენებაა. „ძლიერთა თამაშები“ შესაძლებლობას იძლევა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ დაუჭიროს მხარი იმ მეომრებს, რომლებიც   სხვადასხვა სამხედრო მოქმედებებსა თუ სამშვიდობო მისიებში დაშავდნენ.