რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის...უკაცრავად, გიგის ცხოვრებიდან

რამდენიმე სურათი ანუ ეპიზოდი ყაჩაღის...უკაცრავად, გიგის ცხოვრებიდან

მაზე, თუ როგორ მოხვდა გიგი უგულავა იმ გაუგებრობაში, რასაც "ნაციონალური მოძრაობა" ჰქვია, ისტორია სდუმს, მაგრამ ფაქტია, რომ მოსახდენი მოხდა და სისხლიც დაიღვარა, უმწიკვლო და თან ნაციონალური. ხან ქვები ესროლეს ბოლნისში და ხან ხელ-კეტები უბრახუნეს ბათუმში, მაგრამ გიგის ყველაფერი ცდებოდა. თითქოს განგება განგებ იცავსო.

...მერე მერი გახდა, არა, სქესი კი არ შეუცვლია, ქალაქის მერი გახდა. დიდი ქართველი მომღერლის, ნინი ქარსელაძეს სიტყვები : "ძველია, მაგრამ ასე მგონია, ჩემი ქალაქი ჩემი ტოლია", ზუსტადაც რომ გიგის შეეფერებოდა, რადგან ეგ და თბილისი ერთად დამშვენდნენ, ფერზე მოვიდნენ და იერი შეეცვალათ. თბილისს გუდაური შეემატა, ხოლო გიგის დამატებითი კილოგრამები. სწორედ ამ კილოგრამებს უნდა უმადლოდეს ქართველი ერი, რომ არსებობს "უგულავას დიეტა".

გართობაც უყვარდა მერს, ბოროტმა და ავზნიანმა ხალხმა სურათები გაუვრცელეს სტრიპტიზ ბარში რომ ერთობოდა. დაუნახავია ქართველი ერი, განა გართობაც იმისთვის არ უნდოდა გიგის, რომ ენერგიაზე მოსულს ისევ ქალაქისთვის დაეხარჯა ენერეგია?! ისევ ნინი ქარსელაძეს დავესესხები, რომელიც ამბობდა - არსად ასეთი სიო არა ქრის და სხვას არა ჰგავს ჩემი ქალაქიო, მართლაც რომ ასეა. განა, რომელიმე სხვა ქალაქის მერს დაამუნათებდნენ ამის გამო?!

ჭორებიც მუდამ თავს ეხვია გიგის. ჯერ პირველ ცოლთან არ ქონდა ურთიერთობა დასრულებული, რომ მეორესთან დაშორებას აბრალებდნენ, მაშინ როცა კაცი დღენიადაგ ოჯახზე ფიქრობდა, "რომ არა ოჯახზე ფიქრი, ისე დედაქალაქზე ვერ იფიქრებო" - ეს სიტყვები ნინი ქარსელაძეს არ უთქვამს, მაგრამ ბრძნულად კია ნათქვამი.

ბინაც დაანგრია გიგიმ თაბუკაშვილის ქუჩაზე. არ მოუვიდა თვალში და აბა რა უნდა ექნა?! სამაგიეროდ ახლა ხომ შენდება იმაზე დიდი, ვიდრე იყო. დიდი საქმეების კეთების დროს გულნატკენი ადამიანები მუდამ არიან ხოლმე და ამ კორპუსის მახოვრებლებიც მათ რიცხვში გადიან. ამ ფაქტს ისე ინანიებდა გიგი, რომ ბევრჯერ უნახავთ ოთახში განმარტოებული მეტანიებს აკეთებდაო. უთქვამს, თუ დამიჭერენ, კარებში დადგით ჩემი საწოლი, რომ ყველამ გადამიაროსო. ნანობს...

გიგის მეისტორიეები მძიმედ გაიხსენებენ 2013 წლის 8 თებერვალს, როდესაც საჯარო ბიბლიოთეკის მიმდებარე ტერიტორიაზე გიგი იხვეწებოდა ხალხი გამოუშვით ჩემზეო, მაგრამ არ გაუშვეს. ამის მერე კაცობრიობას ორი კითხვა სტანჯავს, არის თუ არა სიცოცხლე მარსზე და რომ გაეშვათ ხალხი, რას უზამდნენ გიგის. მეორე კითხვაზე პასუხთა უმეტესობა ასე იწყება "დედას", მაგრამ გაგრძელებაზე დაობენ, მეტიც, ქართველ ექსპერტებსაც კი არ აქვთ ცალსახა პასუხი.

გიგი ყოველთვის ქედმაღლობით გამოირჩეოდა. ისე დადიოდა, თითქოს ფიქრობდა, ჩემ ხელზე დასადები ბორკილი ჯერ არ გამოჭედილაო, მაგრამ ერთი წუთით გონება გაებნა (როგორც ქართველი ექსპერტები ამბობენ: ტელეფონის "ნასტროიკებში" პერსონალური ზარის დაყენება უნდოდა, რათა სააკაშვილის ზარზე ენრიკე იგლესიასის "HERO" გაჟღერებულიყოო) და სწორედ მაგ დროს გამოუჭედავთ და ეს ფაქტი ვერ გაიგო, თორემ აუცილებლად გაითვალიწინებდა.

როგორც უკვე ვთქვით, ბორკილი დაადეს. ცნობილი ქართველი დიაზინერები წერენ, რომ ბორკილი შსს-ს გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან იყო, რომელიც ერთნაირად უხდება როგორც ქალაქის ექს-მერს, ისე სხვა ექსებსაც, ამიტომ არაა გამოირცხული სხვის ხელებზეც ვნახოთო.

ეს მხოლოდ რამდენიმე ეპიზოდია ამ დიადი ადამიანის ცხოვრებიდან. ზემოთ დაწერილ ნაშრომს არ აქვს ისტორიული დოკუმენტობის პრეტენზია, ამიტომ მასში მოტანილი ფაქტები შესაძლოა, შეიცავდეს მცირე შეცდომებს (აქ ძალიან მოუხდებოდა ნინი ქარსელაძის რაიმე ნათქვამი, მაგრამ ქართველი ქარსელაძელოლოგები ამბობენ, რომ ამ თემაზე მას არაფერი უთქვამს),
თუმცა ამაზე ნუ იდარდებთ. მათ, ვინც ამის წაკითხვის შემდეგ კომენტარებში დაწერს: "ავტორო გგონია ხუმრობ?" "ეს რა უნიჭობა იყო", "არა, ბიჭო ნარმანია აჯობებს", "გიგი ვერ დააფასეთ, უმადურებო" და სხვა. ერთ რჩევას მოგცემთ, ერთი ადამიანი ცოდოა წერით და ვინმე ჩაენაცვლეთ ხოლმე.

პ.ს. მე ის მიკვირს, ისე როგორ უნდა მოიქცე ადამიანი, რომ შენი დაჭერა ეროვნულ ზეიმად აქციო?! ამასაც მოხერხება უნდა...