გიგი უგულავა ხუთ უმძიმეს სისხლის სამართლის საქმეშია ბრალდებული. ეს საქმეებია: „სითი პარკი“ ბიუჯეტის კუთვნილი 86 700 ლარის გაფლანგვა; „თბილისის განვითარების ფონდი“ ბიუჯეტის კუთვნილი 48 მილიონ ლარის გაფლანგვა; „რიყის და ტელე იმედის“ გასხვისება; უკანონო შემოსავლების ლეგალიზაცია და შპს „თბილსერვის ჯგუფი“, რომელიც თბილისის მერიამ ქალაქის დასუფთავების მიზნით 2006 წელს დააფუძნა და გამოძიების ინფორმაციით, თბილისის ბიუჯეტიდან 5 245 945 ლარი გაფლანგა. ყველა ამ საქმეზე ზედამხედველობას მთავარი პროკურატურა აწარმოებს.
გამოძიების პროსეცში არაა გამორიცხული, რომ ყოფილ მერს ბრალი კიდევ დაუმძიმდეს. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მხრიდან გამოცხადებული ე.წ. მორატორიუმი ჯერ კიდევ ძალაშია, ფინანსთან სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა გიგი უგულავას დაკავების გადაწყვეტილება მიიღო. საგამოძიებო სამსახურში აცხდებენ, რომ უგულავას დაკავება ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მოხდა. უგულავა ქვეყნიდან მიმალვას ცდილობდა.
ყოფილი მმართველი გუნდი ხელისუფლებას წინასაარჩევნოდ გამოცხადებული მორატორიუმის დარღვევაში ადანაშაულებს, თუმცა ბრალდებას არ იზიარებს უმრვალესობა. პარალამენტის წევრი, ლევან ბერძენიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მორატორიუმის პირობებში უგულავას დაკავება არ იგეგმებოდა, მაგრამ ის ქვეყნიდან გარბოდა და შესაბამაისად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება.
For.ge ლევან ბერძენიშვილს ესაუბრა.
„ნაციონალური მოძრაობა“ საქმის პოლიტიკურ მოტივზე საუბრობს. მათი განმარტებით, უგულავა არ აპირებდა ქვეყნიდან გაქცევას, დადიოდა საგამოძიებო უწყებაში და აძლევდა ჩვენებას. რატომ გახდა მისი დაკავება აუცილებელი მითუმეტეს, რომ გამოცხადებული იყო მორატორიუმი?
- არავინ აპირებდა არავის დაპატიმრებას, მაგრამ კაცმა აშკარად აიგდო ქვეყანა და აეროპორტში აპირებდა საქართველოს კანონებისთვის დაცინვას. დაბარებულია დაკითხვაზე და ამბობს, რომ ფეხებზე მკიდია თქვენი დაბარება, მე მივდივარ ოფიციალური მივლინებითო. არაოფიციალური პირია, რა მივლინებით უნდა წავიდეს, ვერ გეტყვით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, იგი დაბარებული იყო საგამოძიებო უწყებაში და იმის ნაცვლად, რომ მისულიყო საგამოძიებო უწყებაში, წავიდა აეროპორტში. თურმე ბრუნდებოდა, კი არ ბრუნდებოდა, არამედ გარბოდა ქვეყნიდან.
ასე რომ, სრულიად კარგად მესმის იმ უწყების, რომელმაც თქვა, რომ ეს კაცი გარბისო. ის არგუმენტი, რომ ადრეც მიდიოდა და ბრუნდებოდა თურმე, ეს არაა არგუმენტი, არ შეიძლება ეს სერიოზულად იყოს განხილული. რაც შეეხება იმას, რომ უგულავას დანაშაული არის პოლიტიკურად მოტივირებული, ეს მართალი არაა, იმ უბრალი მიზეზის გამო, რომ მისი დანაშაული პოლიტიკასთან არის დაკავშირებული, ანუ ლაპარაკია „შავ ფულზე“ და პარტიების უკანონო დაფინანსებაზე, რაც ყველაზე მძიმე დანაშაულია.
როდესაც ასეთ კაცს იჭერენ, ყოველთვის ამბობენ, რომ პოლიტიკურად არის მოტივირებულიო. ამას ამბობდა ყველა, ვინც ასეთ დანაშაულში ამხილეს. აქ მთავარი არის რას იტყვის სასამართლო და არა რას იტყვის „ნაციონალური მოძრაობა“, ან თუნდაც - „ქართული ოცნება“, პროკურატურა, ან თავად უგულავა - ეს უმნიშვნელოა. მთავარია რას დაადგენს სასამართლო და თუ დაადგენს, რომ „შავი ფულის“ შემოტანასთან გვაქვს საქმე და ეს პოლიტიკური კორუფცია არის, მაშინ გიგი უგულავა მიიღებს იმ სასჯელს, რომელსაც ის იმსახურებს. თუ დადგინდა, რომ ასე არაა, კი ბატონო გათავისუფლდება, რა პრობლემაა.
გაქვთ მოლოდინი იმისა, რომ სასამართლომ შესაძლოა უგულავა პატიმრობაში დატოვოს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ პრემიერ-მინისტრმა თავის ერთ-ერთი ინტერვიუში აღნიშნა, რომ გარკვეული მოსამართლეები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ ზეგავლენის ქვეშ...
- მე მიმაჩნია, რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ მე არ უნდა ვთქვა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენის ქვეშაა. დამოუკიდებელ სასამართლოს თუ წარუდგენთ უტყუარ ფაქტს, გინდა „ნაციონალური მოძრაობა“ მოსწონდეს გულში და ხმას აძლევდეს, გიგი უგულავას გაუშვებს იქ, სადაც აღმოჩნდება მისი ადგილი. აქ არაფერი არაა საეჭვო, მთავარია სწორად იქნას გამოძიებული მასალები. სამართალი არ დაიკარგება.
გიგი უგულავა ვერ დამალავს იმ ფაქტს, რასაც აკეთებდა. მე ვიცნობ ათასობით ხალხს, ვისაც ხელფასს აძლებდა, თქვენც იცნობთ ამ ხალხს. ჩვენი ჯიბიდან ამოჰქონდა ფული და აძლევდნენ მათ აქტივისტებს, მარტო იმაში, რომ ნარკომანები მოეყვანათ არჩევნებში. რა ზღაპრები უნდა მოყვნენ ახლა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრება, არ ვიცი, მაგრამ ვიცი როგორ იყო აწყობილი მათი საარჩევნო სისტემა. 50 მილიონი იქნება თუ ნახევარი მილიარდი, 5 თეთრიც რომ დაუმტკიცდეს ჩაჯდება. სხვათა შორის, სარკოზის გაცილებით ნაკლებს ედავებიან.
„ნაციონალური მოძრაობა“ პარალელებს ავლებს სარკოზის დაკითხვასა და უგულავას დაკავებას შორის...
- სარკოზი არის დიდი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი. გიგი უგულავა არის თბილისის სამარცხვინო მერი. ამ მხრივ არ უნდა შევადაროთ. ისე, ქურდი ქურდია, გინდა ფრანგი იყოს, გინდა ქართველი. თუ სასამართლო დაადგენს, რომ ქურდია, დაისჯება, რა ვქნათ ახლა?! შეიძლება უდანაშაულო აღმოჩნეს ეს კაცი, ყველაფერს დაადგენს სასამართლო. ჯერ თქვა კიშინოვში მივდივარო, მაგრამ ვნახეთ, რომ ბილეთი ჰქონდა კიევის მიმართულებით.
უგულავა ამტკიცებს, რომ მისი დაკავება არის პოლიტიკურად მოტივირებული, უშუალოდ ბიძინა ივანიშვილის ბრძანებით დააკავეს, რადგან მას „თავი არ მოუხარა“. როგორ ფიქრობთ, ეს განცხადებები მხოლოდ დასავლეთისთვის კეთდება?
- არაა პრობლემა, გადავიტანთ. ეს განცხადება კეთდება ევროპისთვის, იმიტომ, რომ ჩვენი სასამართლოს და ხელისუფლების იმედი მათ არ აქვთ. გასაგებია, ამერიკიდან უნდათ დახმარება, მაგრამ გიგი უგულავას თუ დაუმტკიცდა დანაშაული, ვერც ამერიკა და ვერც ევროპა ვერ დაეხმარება, და არც არანაირი სურვილი არ იქნებათ მისი დახმარების.
ვიცე-პრემიერი აანონსებს, რომ უგულავას ბევრ კითხვებზე მოუწევს პასუხის გაცემა. მიუხედავად იმისა, რომ ხუთ უმძიმეს საქმეშია ბრალდებული, გამორიცხავთ ბრალის დამძიმებას?
- არ ვიცი კიდევ რა კითხვები იქნება, მაგრამ ბატონი უგულავა ძალიან აქტიურად იყო ჩართული როგორც ღია პოლიტიკაში, ისე პოლიტიკასთან დაახლოებულ „ქურდულ გარჩევებში“. ამიტომ არ გამიკვიდრება არაფერი.
ქურდულ გარჩევებში რას გულისხმობთ?
- ვგულისხმობ იმას, რომ ღამე დაიბარებდნენ ბიზნესმენებს, წაართმევდნენ ბიზნესმენს ყოველგვარი კანონის გარეშე ყველაფერს. აი, ასეთ გარჩევებს ვგულისხმობ. ამაში მონაწილეობდა უგულავა და თუ დაუმტკიცდება ეს დანაშაული, ეს ცალკე დაუმძიმებს ბრალს. მაგათი ბედი რომ შეკრებითობის კანონი გავაუქმეთ, თორემ 100 წლით მოუწევდა უგულავას ციხის გისოსების ხეხვა.
ბატონი გიგი უგულავა ძალიან არის დარწმუნებული თავის ინტელექტში. ეს პირველი შემთხვევა არაა, მეტისმეტად გათამამებული იყო და არ ჰქონდა ამის საფუძველი. უგულავა ჩართული იყო კორუფციულ სქემებში. ეს ის შემთხვევა არაა, როცა მარტო პარტიისთვის ზრუნავდა. თვითონაც მოსწონდა ეს ამბავი, როგორც ჩანს. მაგრამ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ სანამ სასამართლო არ იტყვის, მანამდე ეს ბრალდება დარჩება ეჭვის დონეზე.