„საზოგადოებას კმაყოფილების განცდა არ უნდა გააჩნდეს, როდესაც მის არჩეულ მერს თავისუფლებას უზღუდავენ“

„საზოგადოებას კმაყოფილების განცდა არ უნდა გააჩნდეს, როდესაც მის არჩეულ მერს თავისუფლებას უზღუდავენ“

კიშინიოვში მიმავალი გიგი უგულავა რატომღაც კიევის რეისზე დააკავეს, თბილისის ყოფილ მერს „დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან“ ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ დასაფინანსებლად ე.წ. შავი ფულის მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანას ედავებიან, რომელიც საარჩევნო კამპანიისთვის სჭირდებოდა „ნაციონალურ მოძრაობას“.

არის ეს პოპულისტური ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც სამართლიანობის აღდგენის მოლოდინით გულგატეხილ საზოგადოებას კვლავ მისკენ შემოაბრუნებს, თუ საფრანგეთის მაგალითმა მხნეობა შემატა ქართველ სამართალდამცველებს და მკვეთრი ნაბიჯების აღარ ეშინიათ? იქნება თუ არა უგულავას დაკავება სამართლიანობის აღდგენის ახალი ტალღის დაწყების გზაზე პირველი ნაბიჯი, ამ თემაზე ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი გვესაუბრება.

სოსო ცისკარიშვილი: მძიმე ფაქტია მთლიანად სახელმწიფოსთვის, სიმსუბუქეს იწვევს მხოლოდ იმის გახსენება, რომ უარეს დღეში აღმოჩნდა საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, სასჯელს იხდის იტალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი. იმედი მაქვს, იგივე არ დაემართება ბატონ უგულავას, თუ მისი ადვოკატები, როგორც თავად ბრძანებენ, სხვასაც დაარწმუნებენ, რომ იგი უდანაშაულოა.

„ნაციონალური მოძრაობის“ იდეა გახლავთ, რომ ეკონომიკური დანაშაულის ჩამდენი ბევრად უფრო მძიმე სასჯელით ისჯება, ვიდრე სისხლის სამართლის კოდექსით გასამართლებული თუნდაც მკვლელები. ამიტომ ერთადერთი, რაზეც შეუძლიათ აპელირება გააკეთონ, მათმა მხარდამჭერებმა, ის გახლავთ, რომ ჯერჯერობით აღარ არსებობს სასჯელის შეკრებითობის პრაქტიკა. თუმცა, როგორც ჩანს, ჩვენს პროკურატურას უჭირს და შესაძლოა, დაბრუნდეს ეს საკმაოდ არაჰუმანური სასჯელის ნორმა.

საკმაოდ დიდხანს იყო მოლოდინი, რომ უგულავას დააკავებდნენ, ყოველ შემთხვევაში, რა ბრალდებებზეც პროკურატურა საუბრობდა, შედეგად აღმკვეთი ღონისძიების რაიმე ფორმა მაინც უნდა მოჰყოლოდა, თუმცა მისი დაკავება საკმაოდ გაჭიანურდა. როგორ ფიქრობთ რა მოხდა ახლა? ხელისუფლებას ხომ არ სურს თავის სიძლიერეს ხაზი გაუსვას და მორატორიუმის მიუხედავად, არჩევნების მეორე ტურის წინ პოლიტიკური ქულები დააგროვოს?

- რომ გითხრათ, გიგი უგულავა წყვეტს არჩევნების შედეგს, არ ვიქნები გულწრფელი, „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერთა „თავშესაფარი“ გახლავთ ასეთი თემების გავრცელება. საქმეში ჩაუხედავს შესაძლოა, საფუძვლიანად მოეჩვენოს ასეთი განცხადება, თუმცა პირველი ტური შედგა და სატრაბახო შედეგი „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დაუდია. რამდენადაც ვიცი, მორატორიუმი ეხებოდა კანდიდატებს, რომლებიც თანამდებობების დასაკავებლად იბრძოდნენ. ასეთი კი არ ყოფილა ბატონი უგულავა.

თავისთავად, უაღრესად უსიამოვნოა ფაქტი, როდესაც ქვეყნის დედაქალაქის მერი, ხალხის მიერ არჩეული, ხვდება ბრალდებულის სკამზე. პროკურატურის მოტივაცია შეიძლება, უფრო გააძლიერა იმ ფაქტმა, რომ მისი წინა შეთავაზება აღმკვეთი ღონისძიების შესახებ, სრულად იქნა იგნორირებული სასამართლოს მიერ.

ვფიქრობ, სწორედ უგულავას საქმე გადაიქცა ანგარიშსწორების თემად სასამართლოსა და პროკურატურას შორის. აქამდეც ყოფილა პროკურატურის შეთავაზების გაუზიარებლობა სასამართლოს მიერ, მაგრამ როდესაც პრაქტიკულად მოთხოვნა იყო ქვეყნიდან გაუსვლელობა ეჭვმიტანილი უგულავას მიმართ, ამის იგნორირება სასამართლოს მხრიდან ვერ ვიტყვით, რომ დამაჯერებელი ნაბიჯი იყო საზოგადოებისთვის.

ეს გარკვეული შიდა დაპირისპირების ამსახველი ფაქტი უფრო იყო, რაზეც მყისიერი რეაგირება მოჰყვა თავად უგულავას მხრიდანაც. კვლავ ვიმეორებ, რომ ჩვენს საზოგადოებას არანაირი კმაყოფილების განცდა არ უნდა გააჩნდეს, მაშინ, როდესაც მის არჩეულ ქალაქის მერს თავისუფლებას უზღუდავენ. არ გამოვრიცხავ, რომ ბრძოლა პროკურატურასა და სასამართლოს შორის გაგრძელდეს.

„ნაციონალურ მოძრაობას“ გააჩნია საჭიროზე მეტი კომუნიკაცია ცივილიზებულ სამყაროსთან, რომ საკუთარი ხედვა ამ ფაქტის მიმართ, წარმოაჩინოს როგორც პოლიტიკური დევნა და შერჩევითი სამართალი. კარგი იქნებოდა, თუ ასეთ წყალნარევ განცხადებებს დაამატებდნენ იმ ფაქტებს, რომელიც მიგვანიშნებდა ადამიანებზე, რომლებსაც ასევე ბიუჯეტის მილიონები აქვთ უგზო-უკვლოდ გაფლანგული და არავინ ერჩის დღევანდელი ხელისუფლებიდან.

ისევე როგორც შეიძლება ვისაუბროთ თვითლუსტრაციაზე, ჩვენი „ანგელოზი“ დეპუტატებისა, რომლებიც რატომღაც საკუთარი ღირსების შელახვის გამო სასამართლოში არ უჩივიან საქართველოს ელჩს აზერბაიჯანში, საქართველოს ვიცე-პრემიერს და თუნდაც „ქართული ოცნების“ სპიკერს, რომლებმაც, თითქოს, დააბრალეს ორ წარმატებულ პარლამენტარს „შავი თანხების“ გადმოტანა საქართველოში.

უარყოფა ყველაფრის შეიძლება, მაგრამ როდესაც რეაგირება არის არაადეკვატური, ვფიქრობ, შედეგებს საზოგადოება უკეთესად გააცნობიერებს, ვიდრე ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენელი, რომელსაც ერთი სული აქვს, ყველაფერი მოყვეს, მაგრამ პოლიტიკურ „მუხრუჭებს“ პატივს სცემს და დუმილს ამჯობინებს.

რჩება შთაბეჭდილება, რომ სასამართლო კვლავნაციონალური მოძრაობისგავლენის ქვეშ რჩება?

- სასამართლოში იერარქიული კიბე მთლიანია, არ არის რაიმე დაპირისპირება მოსამართლეთა წრეში და ვიდრე ახალი ხელმძღვანელი არ ეყოლება უზენაეს სასამართლოს, რომელიც წლების განმავლობაში ჩვენს მიერ მოიხსენიებოდა როგორც „უზენაესი უსამართლო“, არაფერია გამორიცხული.

ვერავის ბრალს წინასწარ ვერ გავიზიარებ მისი დადასტურების გარეშე, მაგრამ როდესაც ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენა უპირველესი მოთხოვნაა საზოგადოების და ეს პროცესი არ იწყება იმ სტრუქტურების წყალობით, რომლებიც წლების განმავლობაში მსახურებოდნენ მხოლოდ უსამართლობას, ვგულისხმობ პროკურატურას და სასამართლოს, რა თქმა უნდა, წარუმატებელი იქნება ყველა ხელისუფლება, რომელიც ამჯობინებს, მალული თამაშის რეჟიმში არსებობას.

სამართლის შერჩევითობაზე შეიძლება ვისაუბროთ მხოლოდ მაშინ, თუ გადავავლებთ თვალს, ვისთვის აღდგა სამართლიანობა, რამდენისთვის და რა დღეშია წლების განმავლობაში გაუბედურებული ნაწილი ჩვენი საზოგადოებისა.

სამართალდამცველ უწყებებს სტიმული ხომ არ მისცა იმ ფაქტმაც, რაც მოხდა საფრანგეთში?- სარკოზის დაკავებას ვგულისხმობ...

- სტიმულად საკმარისი იქნებოდა ბერლუსკონეს მუშაობა მოხუცთა პანსიონატში მათ მომვლელად. ამავე დროს, ბიუჯეტის გაფლანგვა არის ყველაზე მკაფიო დანაშაული, რომელსაც ყველაზე მწვავედ აღიქვამს დასავლეთი. ნებისმიერი სხვა ტიპის ბრალდებები შეიძლებოდა, ყოფილიყო მსჯელობის საგანი, მაგრამ ბიუჯეტი არის წმინდა ფასეულობა დასავლეთისთვის და მისი საკუთარი ნებით გამოყენება რასაკვირველია, შეურაცხმყოფელია ნებისმიერი სახელმწიფოებრიობისთვის.

რა რეაქცია ექნება დასავლეთს უგულავას დაკავებასთან დაკავშირებით? ნაციონალები უკვე აცხადებენ, რომ ეს ივანიშვილის გავლენით მოხდა...

- „ევროპის სახალხო პარტია გააკეთებს“ იმას, რასაც აქამდეც აკეთებდა, მაგრამ ნებისმიერი ასეთი განცხადება აახლოებს დროს, როდესაც საქართველო იქნება სერიოზულ დაპირიპირებაში თუნდაც ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს, უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან, როგორც საშიში დამნაშავის მფარველთან. ვგულისხმობ ბატონ ადეიშვილს, მთავარ შემოქმედს ქართული უსამართლობისა, რომელსაც დღესაც ფეხი ფეხზე აქვს გადადებული ბუდაპეშტში და მოიაზრება იქაური პრემიერის მრჩევლად. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი პრემიერის მიმართ პრეტენზია ევროკავშირშიც ძალიან ბევრს აქვს, ეს ჩვენი საკითხი არ გახლავთ, მან უნდა აგოს პასუხი, როგორც თანამონაწილემ დანაშაულისა, რომლის ჩამდენის მფარველიც გახლავთ. არ გამოვრიცხავ, რომ შესაბამისი აქციების ადგილად თბილისში გადაიქცეს უნგრეთის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია.

რაც შეეხება არჩევნების შემდგომ პერიოდს, როდესაც მორატორიუმი დამთავრდება, სამართლიანობის აღდგენის კუთხით პროცესები როგორ წარიმართება? იმისი მოლოდინიც არსებობს, რომ შესაძლოა, უგულავაც ისევ გამოუშვან...

- არსებობს ცნება, რომელიც არ იწონება, ეს გახლავთ ნიჭი და უნარი. ყველა ერთად ვნახავთ, ნიჭის და უნარის რა პოტენციალი გააჩნია დღევანდელ ხელისუფლებას და ასეთ შემთხვევში უფრო საქმიანი და სამართლიანი იქნება ჩვენი შეფასებებიც.

ჯერჯერობით ნიჭი და უნარი ჩვენს ხელისუფლებას არ გამოუვლენია?

- ჯერჯერობით არ იზომება ეს თვისებები იმ მიმართებით, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ, როგორც ჩანს, მთელი ძალისხმევა და პოტენციალი ხელისუფლებისა, დაეთმო ევროპული გზის შერჩევას და პირველი მყარი ნაბიჯის გადადგმას. ეს რასაკვირველია, ყოფილი და დღევანდელი ხელისუფლების ერთობლივი გამარჯვებაა და მას მხოლოდ მივესალმებით, მაგრამ დროა, ქვეყნის შიგნით არსებულ პრობლემებზე კონცენტრიტდეს ერიც და ბერიც.

ელოდებით, რომ ეს პროცესი დაიწყება?

- თუ რაიმე გადამფარველი შფოთი არ განვითარდა ქვეყანაში, რისი წინაპირობებიც შეიძლება იკვეთებოდეს ჩვენი ჩრდილოელი მეზობლის დაკვეთის საფუძველზე, რა თქმა უნდა, შევძლებთ უფრო სანდო გარემოს შექმნას ქვეყანაში. მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოების ერთიანობა ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ იქნება თვალსაჩინო და მტკიცე.

ნაციონალური მოძრაობისლიდერები საკმაოდ მწვავე განცხადებებს აკეთებენ, ბოკერიამ ისიც თქვა, ხელისუფლებაა შესაცვლელიო. შესაძლოა მათი მხრიდან სიტუაციის გამწვავების მცდელობას ჰქონდეს ადგილი?

- მთელი ქართული საზოგადოება 7 წელი მაინც საუბრობდა იმაზე, რომ აუცილებელი იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შეცვლა ხელისუფლებაში, ამდენად, მინიმუმ 5-წლიანი პერიოდი მაინც აქვს დღევანდელ ხელისუფლებას, იმ სტანდარტებით, რომელიც გამოიყენა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და როდესაც კრიტიკაზეა საქმე, მეტი პატიოსნების და ჰუმანურობის მქონე პოლიტიკურმა ძალებმა უნდა შეძლონ სიმშვიდის დამკვიდრება ჩვენს საზოგადოებაში. რადიკალები ასეთ სიმშვიდეს ვერ შექმნიან. რაც შეეხება სიტუაციის არევას, თუ ეს ორივე პოლიტიკური ძალის ინტერესში შედის, მაშინ ორივე ერთად დატოვებს პოლიტიკურ სცენას.