სტრასბურგის ვერდიქტი - რუსეთს ბრალის აღიარება უჭირს

სტრასბურგის ვერდიქტი - რუსეთს ბრალის აღიარება უჭირს

საქმე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ 2006 წელს საქართველოს მოქალაქეების მასობრივად დეპორტაციის საკითხზე რუსეთი ევროკონვენციის რამდენიმე მუხლის დაღვევაში დაადანაშაულა.

3 ივლისს მოსამართლემ გადაწყვეტილების მხოლოდ დასკვნითი ნაწილი წაიკითხა, რომლის სრული ვერსია მოგვიანებით ოფიციალურ ვებგვერდზეც გამოქვეყნდება. შვიდწლიანი განხილვის შემდეგ სასამართლოს დიდმა პალატამ გადაწყვეტილება ღია სხდომაზე - საქართველოსა და რუსეთის წარმომადგენელთა თანდასწრებით გამოაცხადა.

ქართული მხარე სტრასბურგის გადაწყვეტილებით კმაყოფილია. რუსულ მხარეს კი ბრალის აღიარება უჭირს და სასამართლოს გადაწყვეტილებაში მისთვის სასარგებლო ჩანაწერების მოძიებას ცდილობს.

რუსეთის წინააღმდეგ საჩივარი საქართველოს მთავრობამ სტრასბურგის სასამართლოში 2007 წლის მარტში შეიტანა და მისი მიზანი იმ ეთნიკური ქართველების უფლებების დაცვა იყო, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთიდან მასობრივად გამოაძევეს. „დიდი რუსული დეპორტაცია“ მაშინ ათასობით ეთნიკურ ქართველს შეეხო, თუმცა სტრასბურგში შეტანილი სარჩელი დაახლოებით 130 ადამიანის ინდივიდუალური შემთხევევის მიხედვით მომზადდა. საქართველოს მთავარი მოთხოვნა რუსეთისგან ადამიანთა უფლებების დარღვევის აღიარება და დაზარალებულებისთვის მორალური და მატერიალური კომპენსაციის მინიჭება იყო.

სტარსბურგში თავიდანვე მიიჩნიეს, რომ საქმე საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ, მისი განხილვა და გადაწყვეტილების მიღება 17 მოსამართლისგან შემდგარ სასამართლოს დიდ პალატას დაეკისრა.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განმარტებით, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთმა 2006 წელს დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი. გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ დაკავების, დაპატიმრების და მასობრივად ქვეყნიდან გამოძევების დროს რუსეთი ქართველების წინააღმდეგ კოორდინირებულ პოლიტიკას აწარმოებდა. შესაბამისად, დაირღვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მეოთხე ოქმის მეოთხე მუხლი. დაკავებისა და დაპატიმრების დროს ქართველები დამამცირებელ და არაადამიანურ პირობებში იმყოფებოდნენ, რითაც დაირღვა მე-3 და მე-5 მუხლები. სამინისტროს განმარტებით, რუსეთს აქვს სამართლებრივი ვალდებულება, კომპენსაცია გადაუხადოს საქართველოს მისი მოქალაქეების უფლებების დარღვევისთვის. კომპენსაციის ოდენობაზე შესათანხმებლად საქართველოს და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს 12-თვიანი ვადა მიეცათ.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მსგავსად სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას საკუთარ ვებგვერდზე გამოეხმაურა რუსეთის ფედერაციის იუსტიციის სამინისტროც. უწყების ოფიციალური განცხადების თანახმად, სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთიდან არ გაუძევებიათ საქართველოს ის მოქალქეები, რომლებიც იქ კანონიერად იმყოფებოდნენ და, რომ ამ გაძევებას მასობრივი ხასიათი არ ჰქონია. რუსეთის იუსტიციის სამინისტრო ასევე განმარტავს, რომ ევროპული სასამართლო აღშფოთებას მხოლოდ იმ დარღვევებზე გამოხატავს, რომელიც საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დეპორტაციის პროცედურებთან დაკავშირებით გამოვლინდა. 

„გასაგებია ეს განცხადება - მარცხის აღიარება არ არის ხოლმე მარტივი, მაგრამ მთავარი და მნიშვნელოვანი არ არის, რა განცხადება გაავრცელა რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ, მთავარია, რა გადაწყვეტილება გამოიტანა სტრასბურგის სასამართლომ. გადაწყვეტილება გამოცხადდა საჯარაოდ. მალე გამოქვეყნდება კიდეც და მისი წაკითხვა ყველას შეეძლება, შესაბამისად, სპეკულაციის საშუალებაც ნაკლები იქნება“, - განუცხადა for.ge-ს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თინა ხიდაშელმა.

იგი სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას უმნიშვნელოვანესს უწოდებს და აღნიშნავს, რომ მსგავსი ტიპის დარღვევაზე პასუხი ევროსაბჭოს ყველა წევრს მოეთხოვება.

„ეს იყო ქმედება, რომელიც ცალსახად არღვევდა არა მხოლოდ ევროკონვენციას, არამედ, ჰუმანურობის ნებისმიერ პრინციპს, რუსული სახელმწიფოს მხრიდან. როდესაც ხარ ევროსაბჭოს წევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა, მოლოდინი უნდა გქონდეს, რომ ასეთი ტიპის დაღვევაზე პასუხს გაგებინებენ. დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოს და რუსეთის იუსტიციის სამინისტროებს შორის კონსტრუქციული შეთანხმება შედგება ამ გადაწყვეტილების შესაბამისად, მაგრამ, რაც ყველაზე მთავარია, ეს იქნება პრეცედენტი იმისთვის, რომ არც რუსეთის და არც ერთი სხვა სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი ქმედება აღარ განხორციელდეს მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ“,- განმარტავს თინა ხიდაშელი.

მისივე თქმით, თუ რუსეთი კონსტრუქციული არ იქნება და საკომპენსაციო თანხასთან დაკავშირებით საქართველოსთან 12 თვის ვადაში ვერ შეთანხმდება, საქმე კვლავ სტრასბურგის სასამართლოში დაბრუნდება. ასეთ შემთხვევაში კი მოსალოდნელი შედეგის პროგნოზი არცთუ რთული გამოსაცნობი იქნება.

„მე მინდა, ყველა იმ ქართველს, რომელიც გახდა დამამცირებელი მოპყობის მსხვერპლი, მივულოცო ეს გამარჯვება და ვუთხრა, რომ ევროპულმა სასამართლომ მათი უფლებები დაიცვა“, − ეს განცხადება საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა სასამართლოს გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ გააკეთა.

სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც. „სამწუხაროდ, დღესაც ხდება ადამიანის უფლებების დარღვევა ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება იქნება ერთგვარი გაფრთხილება რუსეთის ფედერაციისთვის. სამართალი არსებობს და იმედი მინდა გამოვთქვა, რომ მსგავსი სარჩელის საფუძველი ჩვენ მომავალში აღარ მოგვეცემა, რადგან ვცდილობთ კონსტრუქციული ურთიერთობა დავამყაროთ რუსეთთან“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მაია ფანჯიკიძემ.

2006 წელს რუსეთიდან ეთნიკური ქართველების გამოდევნის საქმე არ არის ერთადერთი საკითხი, რომელზეც საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო დონეზე დავობდა. სტრასბურგში კვლავ გრძელდება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებული სარჩელის განხილვა, რომელიც ასევე მშვიდობიანი მოქალაქეების უფლებების დარღვევას ეხება. საქართველოში იმედოვნებენ, რომ 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე სტრასბურგის უმაღლესი სასამართლო 3 ივლისის მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს.