გიგი უგულავას უკვე მერამდენედ წაუყენეს ბრალი. ბოლოს, ლამის, თვითმფრინავიდან „ჩამოხსნეს“, კიდევ ერთხელ დაიბარეს დაკითხვაზე და ისე გამოუშვეს, სასამართლომ მისთვის პასპორტის ჩამორთმევაც კი არ მიიჩნია მიზანშწონილად - უგულავაც „გმირულად“ აცხადებს, კიშინიოვში მარტო იმიტომ წავალ, რომ დავბრუნდეო. ყოფილი პროკურორი მურთაზ ზოდელავაც ამბობს, რამდენჯერაც უცხოეთში წასვლას დავაპირებ, იმდენჯერ დაკითხვაზე მიბარებენო. სხვა შემთხვევებს უბრალოდ, აღარ გავიხსენებთ - დაახლოებით ანალოგიური სიტუაციაა, საზოგადოებაც დაბნეულია და სავარაუდოდ, ხელისუფლებაც (გნებავთ, პროკურატურა), რომელიც ვერ ახერხებს, ერთი სასამართლო პროცესი მაინც ბოლომდე მიიყვანოს. სიტუაციაში სიცხადის შესატანად კვლავ ვერსიებზე გვიწევს მსჯელობა - რა შეიძლება ხდებოდეს რეალურად, როგორ აღიქვამს ამ ყველაფერს საზოგადოება და რაში ცდება ხელისუფლება, ამ თემებზე ექსპერტი, ვახტანგ ძაბირაძე გვესაუბრება.
ბატონო ვახტანგ, დაკითხვებზე გაუთავებელმა და ფაქტობრივად, უშედეგო დაბარებებმა უკვე ტრაგი-კომიკური სახე მიიღო... რა შთაბეჭდილება გექმნებათ, პოლიტიკურ ჭრილში ეს ყველაფერი როგორ გამოიყურება?
- დეტალებსა და სამართლებრივ მხარეზე ვერაფერს ვიტყვი. ასეთი სიტუაციების გამო პოლიტიკურ წრეებსა და საზოგადოებაში ყოველი ასეთი ნაბიჯი მარტივად აღიქმება - ხელისუფლება არის უსუსური, ვერ ამტკიცებს ჩადენილ დანაშაულს, ან უარეს შემთხვევაში, არ სურს მისი დამტკიცება და პროცესს წელავს იმისთვის, რომ საზოგადოება, გარკვეულწილად, მშრალზე დატოვოს, დააკმაყოფილოს რაღაც ინტერესი.
საზოგადოების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ არის რაღაც გარიგება ახლანდელ და ძველ ხელისუფლებას შორის და ამის გამო არ ხდება სამართლიანობის აღდგენა და დამკვიდრება.
ერთი მიმართულება იქნება თუ მეორე, ყველა ხელისუფლების საწინააღმდეგოდ მუშაობს. რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ და მეც ვიცი, რომ არჩევნებზე ცოტა ხალხი მოდის. შესაძლოა, ამას პირდაპირი გავლენაც არ ჰქონდეს არჩევნებთან, მაგრამ უკვე გარკვეული უნდობლობა რომ გაჩნდა „ქართული ოცნების“ მიმართ, ეს ფაქტია.
სადამდე გაგრძელდება მოსახლეობაში იმედგაცრუების პროცესი, პროგნოზირება რთულია, მაგრამ დიდხანს რომ არ შეინარჩუნებს საზოგადოება დუმილს, ესეც აშკარაა. ხელისუფლებამ, თუ მას ძალაუფლების შენარჩუნება სურს, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადადგას. წინააღმდეგ შემთხვევაში გულგატეხილობა და აგრესია წავა უკვე არა ნაციონალების, არამედ „ქართული ოცნების“ მიმართულებით. ეს იმდენად ბუნებრივი პროცესია, დიდი ლოგიკა და დაკვირვება არ სჭირდება. 20 წლია, ამ რეჟიმში ცხოვრობს ჩვენი საზოგადოება და დღესაც იგივე გრძელდება.
თქვენ ჩამოთვალეთ რამდენიმე ვერსია, რის გამოც დაუსრულებელი და უშედეგო დაკითხვების სერია შეიძლება, გრძელდებოდეს - შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება უსუსურია?
- ასე კატეგორიულად თქმა გამიჭირდება, რადგან ჩაღრმავებაა საჭირო - არის ეს უსუსურობა, სულსწრაფობა თუ სასამართლოს მხრიდან სხვა ფაქტორები მუშაობს. ეს რომ დაადგინო, პროცესში უნდა იყო აქტიურად ჩართული. თუ სამართალდამცავი უწყებები არ არიან დარწმუნებული, რომ მათი მტკიცებულებები წყალგაუმტარი იქნება, მაშინ ხელისუფლებისთვისვე უკეთესია, ასეთი საქმეები საერთოდ არ განიხილოს, რადგან ყოველი ასეთი ნაბიჯი მის საწინააღმდეგოდ მუშაობს. საზოგადოებაში ჩნდება განწყობა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უფრო ძლიერია, ვიდრე ხელისუფლება.
ვისაც კი ამ ქვეყანაში უცხოვრია, ვერ დაიჯერებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უცოდველია და მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება. ამიტომაც ძლიერდება იმედგაცრუება ხელისუფლების მიმართ. თუ ყველა ლიდერი უცოდველი იყო, მაშინ ის უბედურებები, რაც ხდებოდა, ვისგან ხდებოდა? მაშინ უნდა დავიჯეროთ, რომ არსებობს არა მხოლოდ პარალელური სამყარო, არამედ ისიც, რომ მარსიანელები ჩამოდიოდნენ და ისინი ახდენდნენ ამ უბედურებებს.
ხელისუფლების სიძლიერის დამამტკიცებელი ყველაზე წონადი არგუმენტი იქნებოდა დამოუკიდებელი, პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი ინსტიტუციები. ეს ჯერ არ გვაქვს, შესაძლოა ცოტა ნაადრევიცაა, მაგრამ თქვენი შეფასებით, ამ მიმართულებით გადადგმული ეფექტური ნაბიჯები თუ იგრძნობა?
- შეიქმნა დამოუკიდებელი საკონსტიტუციო კომისია და თითქოს, დაიწყო მუშაობა (არჩევნებთან დაკავშირებით შეჩერდა), ითქვა, რომ წლის ბოლოსთვის დასრულდება, მაგრამ თუ სერიოზულად ვაპირებთ ამ საკითხზე მუშობას, წლის ბოლომდე ვერ მოესწრება. ვფიქრობ, რომ უკვე არასწორად მივუდექით საქმეს - მეც ვარ ამ კომისიაში - ჯერ მაინც საჭირო იყო, კონცეპტუალურად ჩამოგვეყალიბებინა, რას ვაკეთებთ და შემდეგ მიგვეცა იურიდიული ნორმების ფორმა. ახლა ეს ყველაფერი ერთად გასაკეთებელია და ვეჭვობ, მოესწროს.
რაზეც თქვენ საუბრობთ, ეს მაინც კონსტიტუციაში უნდა იყოს ჩამოყალიბებული.
მეორე საკითხია, რომ რაკი დღევანელი კონსტიტუცია არ ზღუდავს (სასამართლოს რომ თავი დავანებოთ), შეიძლებოდა, დავუშვათ, დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყებების შექმნა, რომ სამართლიანობის დამკვიდრების პროცესში საზოგადოება ნდობით ყოფილიყო განმსჭვალული ასეთი კომისიის მიმართ.
ეს არ მოხდა და ახლა იცით როგორ არის? - ამ სიტუაციაში, დღევანდელი ხელისუფლება ჰგავს ჰაერში ამხტარ კაცს, რომელიც უკან ვეღარ დაბრუნდება. ან წინ უნდა წავიდეს, ან ჩამოვარდეს - სწორედ ამას ვამბობ, თუ გადახტები, უნდა გადახტე, ახლა ჰაერში არიან და საპარლამენტო არჩევნებამდე ეს გადახტომის პროცესიც ვერ მოესწრება - მკვეთრი გადაწყვეტილებებია საჭირო, არა უკანონო, არამედ სამართლებრივ ჩარჩოში მოქცეული.
აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ძალზე მკვეთრად უნდა დააფიქსიროს მესიჯები, როგორ აპირებს და საერთოდ, რას აპირებს. არ ვგულისხმობ პროგრამას და არც სამოქმედო გეგმას მხოლოდ ამ საკითხთან მიმართებაში. ძალიან ბევრი ისეთი იმპულსი მოდის სხვადასხვა მხრიდან, რომ სიჯანსაღის შთაბეჭდილებას არ ქმნის.
ასოცირების ხელშეკრულება რომ გაფორმდა, იმ ყველაფერს რაც ხდება, ვერ გადაფარავს და ესეც უნდა იცოდეს ხელისუფლებამ. გარდა ამისა, ეს ხელშეკრულებაც ორლესული მახვილივითაა. თუ მისი იმპლემენტაცია მოხდა ძალდატანებით და არასწორად, ჩვენი მოსახლეობა, გარემო, ასეთი რამისთვის მზად არ არის. ამიტომ, აქაც ხელისუფლებას მოზომილი, გათვლილი და გააზრებული ნაბიჯების გადადგმა დასჭირდება.
ყველაფერს ერთად როდესაც უყურებ და ხელისუფლების მუშაობის ერთი წლის შედეგებს გადახედავ, მადლობა რისთვისაც უნდა ვუთხრათ ეს არის ის, რომ მედია მართლაც გათავისუფლდა - ერთი ცენტრიდან არ იმართება და არც ამისი სურვილი ჩანს; ციხეებში წამება არ არის; ბიზნესს არ ავიწროებენ, მაგრამ ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით აქ სხვა შრეებიც არსებობდა და ეს მიტოვებულია. არის რაღაც დადებითი, იგივე არჩევნები, საპრეზიდენტო თუ ადგილობრივი. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ დიდი ხანია, საქართველოში ასეთი არჩევნები არ ჩატარებულა - არ გაჩენილა კითხვა, ხომ არ დაიწყება ხვალ სამოქალაქო დაპირისპირება - 2003 წლიდან შეჩვეულები ვიყავით არჩევნების შემდეგ რევოლუციების და დაპირისპირების მოლოდინს. არ ყოფილა გაყალბება, ძალდატანება, ეს ყველაფერი კარგია, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ ეს ყველაფერი ინსტიტუციურად არ არის გამაგრებული და ხვალ შეიძლება, ისევ თავდაყირა დადგეს, თუკი ხელისუფლება მოინდომებს.
გარდა ამისა, ეს არის მხოლოდ ერთი პატარა ფენის მოშორება იმ დიდი ტვირთისათვის, რომელიც მთელ ქვეყანას აწევს და სწორედ ეს ტვირთია დასაძლევი.
ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ ამ ყველაფრის გამო ხელისუფლების უსუსურობის განცდა ჩნდება მოსახლეობაში. ამ განცდას კი მხოლოდ ხელისუფლების მკვეთრი, თავდაჯერებული, სამართლებრივ ჩარჩოში მყოფი ნაბიჯები შეცვლის. უგულავასთან დაკავშირებით იქნება თუ სხვასთან, თუ ისევ ასე გაგრძელდება, მხოლოდ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ იმუშავებს.
როგორც აღნიშნეთ, არის სხვა ვერსიებიც - რატომ უნდა აწყობდეს ხელისუფლებას ამ გახმაურებული საქმეების გაჭიანურება, ან, თუ ნაციონალებს გაურიგდა, ამით რა პოლიტიკურ დივიდენდებს მიიღებს?
- პოლიტიკურ დივიდენდებს ვერ მიიღებენ, მაგრამ როდესაც გარიგებაზეა საუბარი, აქ არის მესამე ძალის ფაქტორი, რომელიც მუდმივად არის ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში - ეს არის დასავლეთი, რომელიც თვლის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პოლიტიკური ძალა და არ შეიძლება მისი რეპრესირება. როგორც ჩანს, ხელისუფლებამ ვერ შეძლო დასავლეთის დაწმუნება, რომ პოლიტიკურ რეპრესიებს არ ატარებს.
კიდევ ერთი მომენტია - დასავლეთი თვლის და სწორიცაა, რომ უნდა არსებობდეს მრავალპარტიულობა - ქართული ოპოზიციაც იმდენად ტრადიციული აღმოჩნდა, კიდევ ერთხელ ვერ მოახერხა გაერთიანება და მყარი პოზიციით გამოსვლა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ჩაენაცვლებინა, რითაც მოხსნიდა ფაქტორს, რომ საქართველოში მრავალპარტიულობა არ არის. არჩევნებიდან გამომდინარე და დასავლეთი მხოლოდ ფაქტებით მსჯელობს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე პოლიტიკური ძალაა. ამიტომ ცდილობს, შეინარჩუნოს ორპარტიულობა მაინც, რადგან მესამე ძალა ქვეყანაში არ არის და სამწუხაროდ, მართალიცაა. ამას ვგულისხმობ, როდესაც გარიგებაზე ვსაუბრობ - როგორც ჩანს, ხელისუფლება დასავლეთს უკეთებს რევერანსს და ვერ ახერხებს დაუმტკიცოს, რომ სააკაშვილმა ასჯერ მეტად გადააჭარბა თავის უფლებამოსილებას, ვიდრე სარკოზიმ.
რაც შეეხება რაში შეიძლება აწყობდეს ხელისუფლებას - შესაძლოა, ფიქრობენ - ჩვენ არ გინდივართ? - მოვა „ნაციონალური მოძრაობა“ და იმის შიშით, რომ ნაციონალები ხელისუფლებაში არ დაბრუნდნენ, ხალხი მოითმენს, მხარს დაუჭერს. ასეთი ფილოსოფია თავის დროზე წარმატებით გამოიყენა შევარდნაძემ, როდესაც ასლან აბაშიძე იყო მეორე პოლიტიკური ძალა და მთელ საქართველოს ჟრუანტელი უვლიდა იმის შიშით, რომ აბაშიძე არ მოსულიყო ხელისუფლებაში. სააკაშვილი კი რუსეთით გვაშინებდა და „მოდელირებული ქრონიკა“ ამისი მაგალითი იყო. შესაძლოა, „ქართულ ოცნებაშიც“ არსებობს ასეთი პოლიტიკური ფილოსოფია, მაგრამ ეს ძალიან მცდარია - არ გაამართლა არც შევარდნაძესთან და არც ახლა გაამართლებს.
დარწმუნებული ვარ, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში არჩევნების გზით ვერ დაბრუნდება მაგრამ აუცილებლად გაჩნდება ახალი პოლიტიკური ძალა - როგორც კი ხალხში ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნილება გაჩნდება და ეს აუცილებლად მოხდება.
ეს დაუსრულებელი „სეირნობები“ დაკითხვებზე დასავლეთის თვალში როგორ შეიძლება, ჩანდეს?
- ამ შემთხვევაში როგორ გამოჩნდება დასავლეთის თვალში, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ამ ყველაფერს როგორ აღიქვამს საქართველოს მოსახლეობა. ხალხი კი, როგორც გითხარით, ასე აღიქვამს - ან შეკრულია, ან უნიათოა და ა.შ. ყოველ შემთხვევაში, ხელისუფლებას ამას პლუსად არ უთვლის.
მხოლოდ ერთი გზა აქვს ხელისუფლებას - წარმატებულად მიიყვანოს ეს საქმეები სასამართლომდე?
- ხელისუფლებას მხოლოდ ეს პრობლემა არ აქვს, ეს არის ერთი, რომელიც მკვეთრად ჩანს. ნაციონალების ლანძღვის ლიმიტი ამოწურულია, მხოლოდ მკვეთრი, სამართლებრივი ნაბიჯები გადაარჩენს ამ ხელისუფლების იმიჯს. მოსახლეობას უნდა აჩვენოს, რეალურად რა აპირებს. „ნაციონალური მოძრაობის“ დროს ვიცოდით, რაც ხდებოდა. დღეს არავინ არ იცის, რა ხდება. რჩება შთაბეჭდილება, რომ არც არაფერი ხდება. ეს აზრი უნდა დაამსხვრიოს „ქართულმა ოცნებამ“ და შექმნას რეალობა, რომ სადღაც მივდივართ.