„მერობა არ ნიშნავს იმას, რომ შენ არასოდეს მოგეთხოვება პასუხი“

„მერობა არ ნიშნავს იმას, რომ შენ არასოდეს მოგეთხოვება პასუხი“

ე.წ. „შავი ფულის“ მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანის ბრალდებით, თბილისის ყოფილი მერი დილის 06.00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. მასთან ერთად აეროპორტში იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრი გიგა ბოკერიაც, რომელიც უგულავასთან ერთად კიევში მიფრინავდა. უგულავა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმა საზღვრის გადაკვეთის დროს აიყვანეს.

გამომძიებლებმა უგულავას ბრალი აეროპორტშივე გააცნეს. ამ დროისთვის გიგი უგულავა მოდულის შენობაში წინასწარი დაკავების საკანში იმყოფება. დაკავებულს ბრალს 48 საათში წარუდგენენ. უგულავა დაკავებულია სსკ-ის 194-ე მუხლის მე-2 და 3-ე ნაწილებით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 9-12 წლამდე ვადით. საქმეზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრების იდენტიფიცირების და დაკავების მიზნით.

რაც შეეხება ბრალს - გიგი უგულავას, „დანაშაულებრივი ჯგუფის სხვა წევრებთან“ ერთად, „ნაციონალური მოძრაობის“ დასაფინანსებლადე.წ. „შავი ფულის“ მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანას ედავებიან. სწორედ, განსაკუთრებით დიდი ოდენობის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე მოხდა უგულავას დაკავება. გამოძიებით დადგენილია, რომ უგულავა, როგორც დანაშაულებრივი ჯგუფის ხელმძღვანელი, დანაშაულში ჩართულ სხვა წევრებთან ერთად, მათ შორის ამავე საქმეზე დაკავებულ მის ქვისლ გიორგი ღონიაშვილთან და ლატარიის კომპანიის ყოფილ დირექტორთან, დავით კეზერაშვილის ბიზნეს პარტნიორ, ალექსანდრე გოგოხიასთან ერთად, ახორციელებდა ერთ-ერთი ოფშორული კომპანიიდან საქართველოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ე.წ. „შავი ფულის“ მართლსაწინააღმდეგოდ შემოტანას.

გამაოძიებით დადგენილაი, რომ „შავი ფული“ უნდა მოხმარებოდა პოლიტიკური პარტიის, „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსებას. კერძოდ, ოფშორულ ზონაში, ვირჯინიის კუნძულებზე დარეგისტრირებული, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული კომპანიიდან, „ექსიმუს ჰოლდინგიდან“ (რომლის დირექტორიც არის ბრალდებულის სახით ძებნილი ალექსანდრე გოგოხია), ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე თანხა ირიცხებოდა ასევე ოფშორში დარეგისტრირებული კომპანიის, „ბრუქთრეიდის“ ანგარიშზე, საიდანაც ფიქტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა უკვე ხვდებოდა საქართველოში რეგისტრირებულ კომპანიაში, ხდებოდა აღნიშნული თანხის კონვერტაცია და გიორგი ღონიაშვილზე გადაცემა.

პატიმრობაში მყოფი ღონიაშვილი, თავის მხრივ უკანონო შემოსავალს გადასცემდა გიორგი უგულავას „ნაციონალური მოძრაობის“ წინასაარჩევნო კამპანიის დაფინანსების მიზნით. საერთო ჯამში, ოფშორული კომპანიიდან საქართველოში -ფიქტიური ხელშეკრულების საფუძველზე ფულის გათეთრების გზით უნდა გადმორიცხულიყო 1 500 000 აშშ დოლარი, ხოლო გატარებული ოპერატიულ სამძებრო ღონისძიებების შედეგად განხორციელდა მხოლოდ 760 000 აშშ დოლარის გადმორიცხვა. აღნიშნული თანხა გიორგი უგულავამ გამოიყენა პარტიული მიზნებისთვის. 
თავად გიგი უგულავა მისი დაკავების ფაქტს ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს. რადგან, მისივე განცხადებით ყოფილ პრემიერს „თავს არ უხრის“.

„აქამდე ვთამაშობდით დამალობანას, ახლა ვითამაშებთ დაჭერობანას. მერე ისევ დავუბრუნდებით დამალობანას, მერე ისევ - დაჭერობანას. სხვა გზა არ აქვთ და მაკავებენ, დანარჩენი სამართლებრივად მართალი ვარ. დაკავებული ვარ იმის გამო, რომ ბიძინა ივანიშვილს თავს არ ვუხრი და არც არასოდეს დავუხრი - ეს ერთი. მეორე - ბრალდება არ ვიცი, აუცილებელი იყო, რომ მე ნიღაბი ჩამომეხსნა ამ სისტემისთვის და აი, ჩამოვხსენი კიდეც“, - განაცხადა ბრალდებულმა უგულავამ.

გიგი უგულავა ამტკიცებდა, რომ კიშინოვიდან დღეს საღამოსვე დაბრუნდებოდა, რადგან 4 ივინისს დილის 10 საათზე საგამოძიებო უწყებაში დაკითვაზე იყო დაბარებული. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ უგულავა აეროპორტში ადვოკატებთან ერთად გამოცხადდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ გიგი უგულავა ქვეყნიდან წასვლას და მიმალვას აპირებდა. საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ წინასაარჩევნო მორატიუმის მიუხედავად უგულავას დაკავება აუცილებლობით იყო გამოწვეული.

„მორატორიუმს რაც შეეხება, მინდა განვმარტო, რომ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, გიგი უგულავა აპირებდა მიმალვას, აპირებდა თავი აერიდებინა საგამოძიებო მოქმედებებისთვის, შესაბამისად, აქედან გამომდინარე, გამოწვეული გადაუდებელი აუცილებლობით იქნა აყვანილი. გუშინდელი დღის განმავლობაში გიგი უგულავამ ორჯერ შეცვალა გამგზავრების მიმართულება, ჯერ ჰქონდა ერთი ბილეთი, შემდეგ აიღო მეორე. არსებობდა ოპერატიული ინფორმაცია, რომ ის აღარ დაბრუნდებოდა საქართველოში“, - განაცხადა გიორგი გრძელიშვილმა. 

მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების ამ ეტაპზე შეიკრიბა უგულავას წინააღმდეგ საკმარისი მტკიცებულები, რის საფუძველზეც მოხდა მისი დაკავება, გამოძიებას ამ დროისთვის გიგი უგულავასთვის ბრალი არ წაუყენებია. უგულავას ადვოკატის გიორგი გელხაურის განცხადებით, დაცვის მხარეს არ გადასცემია არანაირი საქმის მასალები და მათ მხოლოდ ზედაპირულად იციან, რომ დაკავება უკავშირდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებას. გარდა ამისა, ადვოკატები უგულავას დაკავების პროცესში სამართალდამცველების მხრიდან გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობენ. 

„უგულავას დაკავების შემდგომ არ განუმარტეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, თუ რას ედავებოდნენ, რა თემაზეა დაკავებული, მას წარმოდგენა არ აქვს, უბრალოდ, მან იცის ზედაპირულად, რომ ეს არის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებასთან დაკავშირებული. საგამოძიებო სამსახურში გადაყვანის შემდგომ იგი ითხოვდა ადვოკატთან დაუყოვნებლივ შეხვედრას, რისი უფლებაც არ მისცეს, ესეც არის დარღვევა. ყველა ამ დარღვევის შესახებ ისაუბრებს უკვე სასამართლოზე“, - განაცხადა გიორგი გელხაურმა.

თბილისის ყოფილი მერის დაკავებასთან დაკავშირებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“განცხადება ინგლისურ ენაზე გაავრცელა. „ნაციონალური მოძრაობა“ დარწმუნებულია, რომ 15 ივნისის ადგილობრივი არჩევნების გადამწყვეტი მეორე ტურის წინ, განსაკუთრებით თბილისში, გიგი უგულავას დაკავება მიზნად ისახავს საქართველოს მთავარი ოპოზიციური პარტიის დასუსტებას და მიუთითებს მთავრობის დღის წესრიგში პოლიტიკური ანგარიშსწორებისა და ოპოზიციის დევნის გაღრმავებაზე. ამავე განცხადებაში აღნიშნულია, რომ უგულავას დაკავება ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პერსონალური გადაწყვეტილებაა, რომელიც კვლავ რჩება გადაწყვეტილებების მთავარ მიმღებად საქართველოს მთავრობაში, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად თანამდებობა აღარ უკავია. 

„კიდევ ერთი - კანონის სრული უგულებელყოფის, ცინიზმის და პოლიტიკურ ოპონენტებთან დაკავშირებით ივანიშვილის კაპრიზების შესრულების დამატებითი ფაქტი არის ის, რომ ადვოკატი არც შეუშვეს მთელი ამ საათნახევრის განმავლობაში. მიმდინარეობს დემონსტრირება იმისა, რომ არც სასამართლოს გადაწყვეტილებას, არც კანონს, არც ადვოკატის ფუნდამენტურ მინიმალურ პროცესიალურ უფლებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ამ პოლიტიკური გუნდისთვის, რომლებიც ივანიშვილის ყველა კაპრიზს ასრულებენ, ივანიშვილის პოლიტიკური მონები არიან. ვითარება გადაჰყავთ სრულიად არასასურველ კალაპოტში“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

უმრავლსობა კი უგულავას დაკავებას გადაუდებელი აუცილებლობით ხსნის. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა  კობახიძის განცხადებით, როცა საქმე ბიუჯეტის თანხების მითვისება-გაფლანგვას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებას და ფულის გათეთრებას ეხება, პოლიტიკური სარჩული ხელოვნურად მოგონილი საფუძველია. რაც შეეხება მორატორიუმს, ვიცე-სპიკერის განცხადებით, ის თავად არ წარმოადგენს კანონს და თუ პირის დაკავების საჭიროება იყო, კობახიძე არ თვლის, რომ წინასაარჩევნო პერიოდის გამო საგამოძიებო მოქმედება არ უნდა განხორციელდეს. 

„პოლიტიკური სარჩული ძალიან ხელოვნურად მოგონილი საფუძველია. მერობა და ნებისმიერი თანამდებობა არ ნიშნავს იმას, რომ შენ არასოდეს მოგეთხოვება პასუხი ჩადენილი დარღვევებისთვის. ყველა ბრალს „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურად მოტივიებულს უწოდებს, რაც საფუძველს მოკლებულია, რადგან საუბარია რეალურ ფაქტებზე, რასაც პასუხი უნდა გასცეს უგულავამ. საბოლოო ვერდიქტს სასამართლო გამოიტანს, რომელიც დღეს არც პროკურატურის გავლენის ქვეშ იმყოფება და ასევე აბსოლუტურად დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან.

თუმცა, სასამართლოს მიმართ ვიტყოდი, რომ მან ასევე უნდა გამოიჩინოს მიუკერძოებლობა „ნაციონალური მოძრაობისგანაც“ და არ უნდა დაუშავს, რომ დამნაშავე პირი აღმოჩნდეს გარეთ. უდანაშაულო ადამიანის მსჯავრდება დაუშვებელია, მაგრამ დამნაშავე პირის თავისუფლებაც ძალიან საფრთხის შემცველია საზოგადოებისთვის. სასამართლომ ძალიან დიდი გულისყურით უნდა განიხილოს ნებისმიერი და მათ შორის გიგი უგულავას საქმე“, - განაცხადა მანანა კობახიძემ.