„თუ „ოცნება“ მოტივაციას ვერ აღუძრავს ამომრჩეველს, შეიძლება უცნაური შედეგი დაფიქსირდეს“

„თუ „ოცნება“ მოტივაციას ვერ აღუძრავს ამომრჩეველს, შეიძლება უცნაური შედეგი დაფიქსირდეს“

„ჩემი აზრით, ნარმანიამ მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვების მიზნით, როგორც მინიმუმ, ახლავე უნდა დაასახელოს ვიცე-მერების, საკრებულოს თავმჯდომარისა და საქალაქო სამსახურის უფროსების ღირსეული და პროფესიონალი ადამიანების კანდიდატურები. იმედს ვიტოვებ, რომ კანდიდატები შერჩეული ჰყავს და თან ისეთი, რომელთა დასახელება უარეს შედეგამდე არ მიიყვანს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას საარჩევნო და პოლიტიკური ტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის დირექტორი კახი კახიშვილი.

For.ge კახი კახიშვილს ესაუბრა.

ჯერჯერობით, ცესკო არ ჩქარობს მეორე ტურის თარიღის გამოცხადებას, საარჩევნო კამპანიას შეზღუდვები არ ახლავს, მაგრამ არ ფიქრობთ, რომ დაგვიანებულია არჩევნების თარიღის გამოცხადება?

- ცესკოს იმ გრაფიკში, რომელიც დამტკიცებულია განკარგულებით ჯერ კიდევ მეორე ტური თბილისში გამოცხადებული აქვს 28 ივლისისთვის. ვფიქრობ, რომ ცესკომ დროზე უნდა გათვალოს ის ვადები, რა ვადებში მათი აზრით, შესაძლებელი იქნება საარჩევნო დავების დასრულება და დანიშნოს მეორე ტური. დაგვიანებულია თუ არა, ვფიქრობ, ამას დიდი მნიშვნელობა საარჩევნო კამპანიის ჩატარებაზე არ აქვს. ყველამ ძალიან კარგად იცის ვინ გავიდა მეორე ტურში.

საარჩევნო კამპანიას შეზღუდვები არ ახლავს. ასე რომ, ამ შემთხვევაში სუბიექტებს აქვთ შესაძლებლობა, რომ მოემზადონ არჩევნებისთვის.

ნარმანიამ მეორე ტურში დამაჯერებელი გამარჯვების მიზნით, როგორც მინიმუმ, ახლავე უნდა დაასახელოს ვიცე-მერების, საკრებულოს თავმჯდომარისა და საქალაქო სამსახურის უფროსების ღირსეული და პროფესიონალი ადამიანების კანდიდატურები. იმედს ვიტოვებ, რომ შერჩეული კანდიდატები მაინც ჰყავს და თან ისეთი, რომელთა დასახელება უარეს შედეგამდე არ მიიყვანს.

ეს არის მხოლოდ განმსაზღვრელი ფაქტორი იმისა, რომ ნარამანიამ მეორე ტურში დამაჯრებელი გამარჯვება მოიპოვოს?

- გასათვალისწინებელია ისიც, რომ ნარმანიამ უნდა შეუნარჩუნოს საკუთარ ამომრჩეველს მოტივაცია. უნდა გააკეთოს დასკვნა, რომ ის საარჩევნო კამპანია, რომელსაც ისინი აწარმოებდნენ, ვერ გაუჩინა ამ შემთხვევაში არანაცმოძრაობის ამომრჩეველს მოტივაცია, რომ წავიდეს და მხარი დაუჭიროს ნარმანიას. საჭიროა, რომ ეს მოტივაცია გაიზარდოს. ამომრჩეველს არ აქვს სურვილი მხოლოდ ათმეტრიანი ბილბორდებით და საარჩევნო პლაკატებით უზრუნველყოფილი საარჩევო კამპანიის შედეგად მივიდეს და ვინმეს დაუჭიროს მხარი. საჭიროა მოტივაციის შექმნა.

ერთ-ერთი ფაქტორი მოტივაციის შექმნის იქნება ის, რომ რეალურად, ნარმანიამ წარუდგინოს საზოგადოებას ღირსეული გუნდის წევრები, მაგალითად ვიცე-მერი, საკრებულოს თავმჯდომარე, იგივე საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები იმისთვის, რომ ამომრჩეველს გაუჩნდეს მოტივაცია მხარი დაუჭიროს ნარმანიას. როგორც ჩანს, ნარმანია ჯერჯერობით ამის გაკეთებას არ აპირებს. ვფიქრობ, რომ მისთვის უკეთესი იქნებოდა ამ ნაბიჯის გადადგმა.

კანდიდატებმა დაიწყეს საარჩევნო კამპანია. მმართველი გუნდის მერობის კანდიდატის ყვითელი ავტობუსით მგზავრობამ და ამომრჩეველთან შეხვედრამ, ერთგავრი დაბნეულობა გამოიწვია. გაჩნდა ასეთი შეფასებაც, რომ ნარმანია წარსულში დაბრუნებას ცდილობს. როგორ ფიქრობთ, სწორად არის დაგეგმილი ნარმანიას საარჩევნო კამპანია?

- ნარმანიას კამპანია გავს უგულავას საარჩევო კამპანიას. ერთი დასკვნა უნდა გააკეთოს „ქართულმა ოცნებამ“ ის ილეთები და ხრიკები, რომელსაც იყენებდა საარჩევნო პერიოდში „ნაციონალური მოძრაობა“, საქართველოს მოსახლეობას ამის უკვე არ სჯერა. იმედს ვიტოვებ, რომ ნარმანია პურის ცხობას და საწვავის ჩასხმას არ დაიწყებს. იმიტომ, რომ რეალურად ხალხს აღარ სჯერა ასეთი დაპირებების. ხალხი ელოდება სოციალური პრობლემების გაუმჯობესებას.

ნარმიანიას ავტობუსით სიარული ნამდვილად შველას ვერ მოუტანს ხალხს, რომ აღფრთოვანდნენ იმით, რომ ნარმანია მათთან ერთად მგზავრობს. ყველაზე კარგი საარჩევნო კამპანია არის გულწრფელობა საკუთარ ამომრჩეველთან. ეს გულწრფელობა გამოიხატება იმაში, რომ დღესვე უნდა წარუდგინო ის კანდატები, ვისთანაც ერთად აპირებს ააყვავოს თბილისი. საზოგადოება თავად გააკეთებს დასკვნას, შეძლებს თუ არა ის ამ გუნდთან ერთად იმ დაპირებების შესრულებას, რომელსაც უხვად გასცემს.

რაც შეეხება მეორე ტურს, ფიქრობთ, რომ ამომრჩევლის აქტიურობა მაღალი იქნება?

- არ მგონია, რომ იმაზე მეტი იყოს, ვიდრე პირველ ტურში. ყველაფერს განსაზღვრავს საარჩევნო კამპანია, მაგრამ აქვე მინდა განვაცხადო, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა საკუთარ ამომრჩეველში მოტივაციის აღძვრა პირველ ტურშივე. ჩვენ ვნახეთ, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან შედარებით, მაშინაც, სხვათა შორის, არაპოპულარული კანდიდატი ჰყავდა „ქართულ ოცნებას“, დღეს კოალიციამ მიიღო 300 ათას ხმაზე ნაკლები, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებზე. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამომრჩეველს ვერ აღუძრა მოტივაცია. მეორე ტურში იგებს ის, ვინც, ერთი ხმით მეტს მიიღებს. „ქართულმა ოცნებამ“ უნდა იცოდეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰყავს მოტივირებული ამომრჩეველი, რომელიც მივა არჩევნებზე და ხმას მისცემს საკუთარ კანდიდატს. სამწუხაროდ „ქართულ ოცნებას“ ასეთი ტიპის მოტივირებული ამომრჩეველი არ ჰყავს.

მაშინ როგორ შეიძლება დასრულდეს მეორე ტური?

- თუ „ქართული ოცნება“ ვერ აღუძრავს მოტივაციას ამომრჩეველს და ამავდროულად, ვერ უზრუნველყოფს იმას, რომ ადამიანები, რომლებმაც პირველ ტურში დაუჭირეს მხარი ნარმანიას, მივიდნენ ისევ არჩევნებზე და ხმა მისცენ ნარმანიას, შეიძლება უცნაური შედეგი დაფიქსირდეს. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ამაზე უნდა იმუშაოს „ქართულმა ოცნებამ“ და არა - ავტობუსით ატარონ ნარმანია.

რაც შეეხება უგულავას საგამოძიებო ორგანოში დაბარებას, ის აცხადებს, რომ წაყენებულ ბრალდებას ჰქვია პოლიტიკურად მკვდარი ნარმანიას გარადჩენის მცდელობა. მორატორიუმის პირობებში უგულავას დაკითხვაზე დაბარება მიბმულია ნარმანიას წინასაარჩევნო კამპანიასთან?

- თქვენ იცით ჩემი პოზიცია ამ მორატორიუმთან დაკავშირებით რომელიც იქნა გამოცხადებული. მხარს არ ვუჭერდი ასეთი ტიპის მორატორიუმს, მეტიც - არ მესმოდა. იმაზე კი არ უნდა ვიფიქროთ, რომ საარჩევნო პროცესში არ ვსდიოთ პოლიტიკური ნიშნით და არჩევნების შემდეგ შეგვიძლია. ამ დროს იმაზე უნდა ვიფიქროთ, შევქმნათ დეპოლიტიზირებული სამართალდამცავი სისტემა. როგორ ფიქრობთ, რამდენად მართებულია, რომ ადამიანების ის ნაწილი, რომლებიც მუდმივად გამოდიოდნენ და ამბობდნენ, რომ პრემიერ-მინისტრს პროკურატურაზე და სამართალდამცავ უწყებებზე აქვს ზემოქმედების გარაკვეული ბერკეტები და მასთან ათანხმებენ საპროცესო მოქმედებას, დღეს ეუბნებიან პრემიერს - უთხარი პროკურატურას არჩევნების პერიოდში ჩვენს პოლიტიკოსებს თავი დაანებოსო.

ანუ, თავად უჩენენ პრემიერს პროკურატაურაზე და სამართალდამცავ ორგანოებზე ზემოქმედების ბერკეტს?

- რა თქმა უნდა. ერთი მხრივ აცხადებენ, რატომ აქვს ბერკეტები პროკურატურაზე ღარიბაშვილსო და მეორე მხრივ ეუბნებიან, რომ უთარი პროკურატურას თავი დაგვანებოსო. გამოდის, რომ ეს განცახდებები კეთდება მხოლოდ მაშინ, როდესაც თავად აწყობთ. როგორ ფიქრობთ, რამდენად ნორმალური ვითარება იქნება, თუ იგივე ადამიანები მიმართავენ ღარიბაშვილს და ეტყვიან, რომ უთხარი მოსამართლეებს, რომ იმ საქმეების განხილვა შეაჩერონ, რომელიც ჩვენს პოლიტიკოსებს და ყოფილ თანამდებობს პირებს ეხებაო?! ბუნებრივია, ეს ხომ არანორმალური მოვლენა იქნება.

ამიტომაც ვიყავი თავიდანავე მორატორიუმის წინააღმდეგი. სიტყვა მორატორიუმი არ წერია არც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში და არც სისხლის სამართლის კოდექსში. გამომძიებლის მოქმედება უნდა ეფუძნებოდეს საქმეზე ჭეშმარიტების დადგენისთვის საჭირო აუცილებელი ღონისძიებების გატარებას, რომელიც გაწერილია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში. მეორე ტურის პირობებში უგულავას პასუხისგებაში მიცემა, „ნაციონალურ მოძრაობას“ აძლევს საშუალებას, რომ კიდევ ერთხელ მოიარონ მთელი მსოფლიო და უთხრან რომ პოლიტუკური დევნილები არიან.

ფაქტია, რომსითი პარკისსაქმის გამოძიებას საზოგადოება დიდი ხანია ითხოვს...

- რადგან ამ ავადსახსენებელ მორატორიუმს დათანხმდნენ, ჩემი აზრით, არასწორი იყო მეორე ტურის პირობებში თბილისის „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის საარჩევნო შტაბის უფროსისთვის ბრალის დამძიმება. სამართალდამცავი სისტემის მუშაობა პოლიტიკურ ამინდზე არ უნდა იყოს დამოკიდებული.