ტერორისტების მიერ შედგენილ რუკაზე საქართველოც აღმოჩნდა. ტერორისტული დაჯგუფება „ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო“ (ISIS) მიკრობლოგ ტვიტერში ერთიანი ისლამური სახელმწიფოს შექმნის ხუთწლიან გეგმას აქვეყნებს. ახალ რუკაზე მსოფლიოს ის სახელმწიფოებია მონიშნული, სადაც ISIS შარიათის კანონზე დაფუძნებული სახელმწიფოს შექმნას გეგმავს.
საქართველოსთან ერთად რუკაზე მთლიანად არის კავკასიის რეგიონი, ახლო აღმოსავლეთი - პალესტინა იორდანია, ლიბანი სირია, ეგვიპტე, არაბეთის ნახევარკუნძული, თურქეთი, ჩრდილოეთ აფრიკა თითქმის ცენტრალურ აფრიკამდე, აზიის დიდი ნაწილი, აღმოსავლეთ ევროპის ნაწილი, ბალკანეთი, ყირიმის ნახევარკუნძული და, ასევე, პირენეის ნახევარკუნძული - ესპანეთი, პორტუგალია.
„ჯიხადი 2020“ - მსგავსი ტიპის სტრატეგიული გეგმის შესახებ ალ-ქაიდა ჯერ კიდევ 2000 წელს პროგნოზირებდა, თუმცა მის შესახებ ცნობილი მხოლოდ 2005 წელს გახდა.
2006 წელს შექმნილმა ერაყისა და ლევანტის ისლამურმა სახელმწიფომ ერაყსა და სირიაში მის კონტროლირებად ტერიტორიაზე უკვე გამოაცხადა ისლამური ხალიფატი და მთავარ ხალიფად აბუ ბაკრა ალ-ბაღდადი დანიშნა. ტერორისტული დაჯგუფება ერაყში მოწყობილი უმეტესი ტერორისტული აქტების ავტორია.
არაოფიციალური ინფორმაციით, დაჯგუფებაში 10-იდან 15 ათასამდე კარგად გაწვრთვინილი და შეიარაღებული პირი ირიცხება, მათი დაფინანსების წყაროებად კი ძარცვისა და გამოსასყიდისგან მიღებულ სახსრებს ასახელებენ. თუმცა მათ მთავარ დაფინანსების წყაროდ მაინც სპარსეთის ყურის ქვეყნები ითვლებიან, მათ შორის, საუდის არაბეთი, ქუვეითი და მსხვილი მენავთობოები.
ექსპერტების ნაწილი ისლამურ ხალიფატს მსოფლიოს ახალ საფრთხედ აღიქვამს, თუმცა საინტერესოა, რამდენად შესაძლებელია ხალიფატის საზღვრებში ქრისტიანული ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს მოქცევა?! როგორც რუსეთის ისლამური კომიტეტის თავმჯდომარე ჰეიდარ ჯემალი „მოამბესთან“ საუბარში აცხადებს, როდესაც იბადებოდა ისლამი, მის ირგვლივ იყვნენ მხოლოდ ქრისტიანები. ერაყი, სირია, ლიბია ძირითადად დასახლებული იყო ქრისტიანებით ან წარმართებით, თუმცა ამას მუსლიმანებისთვის ხელი არ შეუშლია ამ ტერიტორიების დაკავებასა და არაერთი ხალიფატის შექმნაში.
ამის მიუხედავად, ჰეიდარ ჯემალი მაინც მიიჩნევს, რომ ისინი, ვინც დღეს საუბრობს ხალიფატის შექმნაზე, ცოტა მოძველებულად აზროვნებს. დღეს არენაზე უფრო მეტად გამოჩნდა პოლიტიკური ისლამი, თუმცა იმისთვის, რომ გააძლიერონ მუსლიმანების პოზიციები, სულაც არ არის აუცილებელი ხალიფატის შექმნა. ამისთვის საკმარისია მუსლიმანთა პოზიციების გაძლიერება აღნიშნულ ქვეყნებში.
და მაინც, რამდენად საშიშია დაანონსებული სახელმწიფოს შექმნა საქართველოსათვის?! მით უფრო იმ ფონზე, როდესაც ერაყისა და სირიის კონტროლირებად ტერიტორიაზე ექსტრემისტებმა უკვე გამოაცხადეს ისლამური სახალიფო?!
ქართველი ექსპერტების ნაწილი მიიჩნევს, რომ ამ ტიპის განცხადებები რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საშუალებას აძლევს, თავისი სპეცსამსახურები და ფედერალური არმია გაააქტიუროს და საერთაშორისო საზოგადოების თვალში ამის გამო პასუხი არ აგოს.
სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ მსოფლიოში ისეთი უსაფრთხოების ბალანსია შექმნილი, რომ დამატებითი ფინანსები და ახალი მხარდამჭერები, რომლებიც გააცოცხლებენ ამ ისლამურ ორგანიზაციას, არ ჩანს. პირიქით, მათ აქვთ ორგანიზაციული კრიზისი და ჩამცხრალია ბრძოლის ჟინი. ამდენად, ასეთი განცხადებები უფრო ყურადღების მისაქცევადაა გამიზნული. უფრო მეტიც, მაშინ, როცა ძალზე სერიოზულად იბრძოდნენ და წარმატებები ჰქონდათ დუდაევის პირობებში, რაიმე ისეთი ტიპის გეგმა, რომ საქართველოც შედიოდა ისლამისტების რუკაში, არ ყოფილა.
„დაახლოებით ეს მაგონებს ე.წ. დიდი სომხეთის რუკას და ოსმალეთის იმპერიის აღდგენის გეგმას, რომელიც ღიმილის მომგვრელად აღიქმება. თუმცა სულაც არ ვთვლი, რომ ეს ორგანიზაცია ღიმილის მომგვრელია, მაგრამ ეს მისი მცდელობებია, ტაქტიკას და სტრატეგიას ცვლიან მაშინ, როცა ამის არც ფინანსები და არც რესურსები არ აქვთ. ერაყის და სირიის ტერიტორიაზე ერთადერთი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს ახალი სახელმწიფოს -ქურთისტანის წარმოქმნაა, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული დაპირისპირება და ამას რელიგიური ნიშანიც მიეცეს.
ბევრი არაბული სახელმწიფო ხშირად ხელოვნური კონფიგურაცია იყო და იმაზე იყო დამოკიდებული, ამა თუ იმ ჩინოვნიკმა როგორ მოხაზა ესა თუ ის ქვეყანა, რამაც დაპირისპირება და ნაღმი ჩადო ამ ქვეყნებში. ყველაზე უფრო ფუნდამენტალური ისლამური სახელმწიფო- საუდის არაბეთი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამშვიდობო პოლიტიკის გამტარებელი სახელმწიფოა რეგიონში. ამიტომ ვერ ვიტყვით, რომ რელიგია დაღს დაასვამს ამა თუ იმ აღიარებული თუ არაღიარებული ტერიტორიის წარმოქმნის აგრესიულობას“, - აღნიშნა გიორგი თავდგირიძემ და განმარტა, რომ დაანონსებული „ჯიჰადი 2020“ კავკასიაში არ გამოვა. ჩრდილო კავკასია გააქტიურდება მაშინ, როცა რუსეთი დაიწყებს დასუსტებას, ანუ პოსტპუტინის პერიოდში. ახლა კი პუტინი რუსეთის სათავეშია, ხარჯავს უზარმაზარ თანხებს, რომ ჩრდიკლო კავკასიაში შეინარჩუნოს სტაბილურობა. ამიტომ არანაირი დაძაბულობა ჩრდილო კავკასიაში არ იქნება, არანაირი იმარატის და ხალიფატის შექმნა სავარაუდო არ არის.
ექსპერტი, ყოფილი პოლიტპატიმარი ვახტანგ მაისაია For.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ ისლამური ხალიფატის შექმნა გამოცხადდა და ეს საფრთხე ჩრდილო კავკასიის მუსლიმანურ ანკლავს და საქართველოსაც ემუქრება, რადგან საქართველოში ოთხი ისლამური ანკლავია - აჭარა, აფხაზეთი, პანკისის ხეობა და ქვემო ქართლი, სადაც კომპაქტურად ცხოვრობს მუსლიმანი მოსახლეობა. თუ ეს პროექტი განხორციელდა, მაშინ საქართველო ჩნდება ამ ისლამური ხალიფატის შემადგენლობაში.
„თუ ჩრდილო კავკასიაში მოხდა ამ ძალების გაძლიერება, ეს ავტომატურად გადმოვა საქართველოს ოთხ ანკლავზე და ძალზე რთული გამოწვევა გვექნება. ამ ოთხ ანკლავში ისედაც ძლიერდება ამ ძალების დაჯგუფებები, არ მინდა წინ გავუსწრო მოვლენებს, ამაზე მე გავაკეთე დეტალური კვლევა, რომელიც ორ კვირაში გამოვა. ყველაზე საინტერესო ისაა, რომ აჭარა მოექცა ამ ისლამური ხალიფატის შემადგენლობაში. არავინ მიაქცია ყურადღება, ფეისბუკშიც კი შეიქმნა გვერდი, სადაც პირდაპირ ეწერა „აჭარის ისლამური ხალიფატი“. ამ ანკლავებსა და ჩრდილო კავკასიაში „ჯიჰადი 2020“-ის წახალისებას შეიძლება მეტი იმპულსი მისცეს რუსეთ-უკრაინის ომმა და ისლამისტები გააქტიურდნენ. ამის ყველა ინდიკაცია არსებობს და სავარაუდოდ, აგვისტო-სექტემბერში საკმაოდ ძლიერი შეტევები განხორციელდება. შეიძლება, მათ კავკასიაში რომელიმე მსხვილი ქალაქი დაიკავონ. 1999-2004 წლებში ისლამური ხალიფატის გავლენა პანკისის ხეობაში ვრცელდებოდა. 1998 წელს ჩეჩნეთის ტერიტორიაზე შეიქმნა ისლამური შურა (საბჭო) და გამოცხადდა ჩეჩნეთის ისლამური რესპუბლიკა. ფაქტობრივად, შეიქმნა მინიხალიფატი, რომელიც მოიცავდა დაღესტნის ანკლავებს, ჩეჩნეთის ტერიტორიას, ინგუშეთის იმ ტერიტორიას, რომელსაც აკონტროლებდნენ ჩეჩნური წინააღმდეგობის მოძრაობის ძალები და პანკისს. 2002-04 წლებში ჩატარებული ანტიტერორისტული ოპერაცია ითვალისწინებდა ამ ისლამური ხალიფატის წინააღმდეგ ბრძოლას. ეს მაგალითი ჩვენ გვაქვს. გამოწვევა საკმაოდ სერიოზულია. ერაყში რაც ხდება, ამაზე დიდი საფრთხე არ არსებობს. ერთმანეთის სამი დაუძინებელი მტერი-ამერიკა, რუსეთი და ირანი გაერთიანდა ამ საფრთხის აღსაკვეთად“,-აცხადებს ვახტანგ მაისაია და ანალოგიური ხალიფატის იდეის საპირისპიროდ ღარიბაშვილის მთავრობას კონკრეტულ პუნქტებს სთავაზობს, რასაც ორ კვირაში გააცნობს.