„ავამუშავოთ თბილისი“, - ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატის, ნიკა მელიას საარჩევნო სლოგანი. მელიას საარჩევნო დაპირებებში ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი სწორედ ტრანსპორტია. ის ამბობს, რომ გამარჯვების შემთხვევაში სექტემბრიდან ამოქმედდება კიდევ უფრო გაფართოებული, იაფი მგზავრობის პროგრამა. სოციალურად დაუცველები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონეები, სტუდენტები, პენსიონერები და პედაგოგები მელიას დაპირებით უფასოდ იმგზავრებენ, ხოლო ყველა სხვა დანარჩენი თბილისელი მუნიციპალურ ტრანსპორტში 20 თეთრს გადაიხდის.
სწორედ ამ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით, for.ge შეეცადა ამომწურავი პასუხი მიეღო ნიკა მელიასგან. თუმცა, მელიას პრეს-სამსახურმა სამი დღის განამავალობაში ჩვენს სატელეფონო ზარს არ უპასუხა. მოგვიანებით თავად ნიკა მელიას დავუკავშირდით და, რა თქმა უნდა, მან სატელეფონო ზარს არ უპასუხა. ამის შემდეგ მერობის კანდიდატს მოკლე ტექსტური შეტყობინება გავუგზავნეთ. რაზეც მერობის კანდიდატმა ოპერატიულად გვიპასუხა და დაინტერესდა რა საკითხებზე გვინდოდა მასთან ინტერვიუ. საკითხები, რა თქმა უნდა, შეეხებოდა წინასაარჩევნო დაპირებებს, თუმცა, მოგვიანებით ნიკა მელიასგან მივიღეთ პასუხი, რომ დროის უქონლობის გამო ვერ შეძლებდა ჩვენს კითხვებზე პასუხის გაცემას. „სამწუხაროდ ვერ ვახერხებ, ბოდიში“.
ნიკა მელიას მოუცლელობას „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმით ხსნიან, რომ მერობის კანდიდატი 24 საათიან რეჟიმში მართავს შეხვედრას და შესაბამისად, მას გადატვირთული გრაფიკი აქვს.
„დადის და დილიდან საღამომდე ხალხს ხვდება. ვიცი, რომ 24 საათიანი რეჟიმი აქვს. საჯარო მოხელეს ვალდებულება აქვს პრესათან ურთიერთობის, მაგრამ რამდენს და რა მოცულობით... რასაკვირველია, ჩვენ არ გვაქვს ამის საშუალება... მე თქვენი ტელეფონი არ ვიცი, თუმცა მიუხედავად ამისა, ყველას ვპასუხობ, მაგრამ არის შემთხვევა, როდესაც ან დრო არ გაქვს, ან ირჩევ რომელ მედიას ესაუბრო“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას სერგო რატიანმა.
საზოგადოებრივი კომუნიკაციის განვითარებისა და კვლევის ცენრტის ხელმძღვანელი არჩილ გამზარდია თვლის, რომ მედიასთან ურთიერთობა კანდიდატთა ინტერესებში უნდა იყოს, მითუმეტეს წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში თავად საარჩევნო სუბიექტი უნდა ინტერესდებოდეს ითანამშრომლოს მედიასთან და გამოიყენოს საინფორმაციო სივრცე.
„ჩემთვის გასაკვირია, რომ არ თანამშრომლობს ყველა მედიასაშუალებთან. მისი წინასაარჩევნო კამპანია ამ შემთხვევაში, მაინც და მაინც, შედეგზე არაა გათვლილი, თუმცა, ვფიქრობ, რომ ზოგადად, მცირე დოზით დააზარალებს ასეთი მიდგომა ნებისმიერ კანდიდატს. ზოგადად, ელემენტარული ნორმაა, რომ თვითონ საარჩევნო სუბიექტებს ჰქონდეთ ინტერესი მაქსიმალურად ითანამშრომლონ მედია საშუალებებთან და მითუმეტეს წინასაარჩევნო კამპანიის დროს და უპასუხონ ყველა კითხვას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას არჩილ გამზარდია.
პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა გაითვალისწინოს, რომ ყველა საინფორმაციო საშუალებას თავისი მკითხველი ან მაყურებელი ჰყავს.
„შეიძლება ის რამოდენიმე ხმა, რომელიც დასჭირდებათ, სწორედ იმათგან იყოს, ვინც თქვენი მკითხველია. ასე რომ, თითოეული ხმისთვის უნდა იბრძოლოს და იბრძვის კიდევაც „ნაციონალური მოძრაობა“, მაგარამ, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში კითხვებმა შეუქმნა დისკომფორტი. თუმცა, ასეც რომ იყოს, ალბათ, ძნელია იპოვო რაღაცა დადებითი მომენტი, დადებითი მათი პიარისთვის. ეს მაშინ, როდესაც საკმაოდ კარგად არის სარეკლამო მასალები ეკრანზე. ძალიან აქტიურად არის „ნაციონალაური მოძრაობა“ და მელია, მაგრამ მათ უნდა გაუწიონ ანგარიში იმას, რომ ყველა საინფორმაციო საშუალებას მეტ-ნაკლებად თავისი მკითხველი ან მაყურებელი ჰყავს“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.
როგორც პოლიტოლოგი განმარტავს, თუ კითხვებშია საქმე, გასათვალისწინებელია ისიც, რომ პოლიტიკოსს ყველა კითხვაზე უნდა ჰქონდეს პასუხი.
„არიდებული კითხვები, კითხვებად იქნება და ეს კითხვის ნიშნები ჭიასავით გამოღრნის ხოლმე რეიტინგს. შეიძლება ეს ბევრი კითხვის ნიშნები უარესი იყოს, ვიდრე მობოდიშებაც. ასე რომ, მოტივს ამგვარი ქცევისა ვერ ვხედავ. ყველა პარამეტრით საარჩევნო პროცესის წინ ურესპოდენტოდ ყოფნა თვითონ პოლიტიკოსთვის მომგებიანი არაა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.