პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურმა, პარტიების შემომწირველთა შესახებ ინფორმაცია გაასაჯაროვა. როგორც ირკვევა,„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ყველაზე მსხვილი შემომწირველია ე.წ. ციხის კადრების ერთ-ერთი გამავრცელებელი გიორგი ლომია. ამათან, როგორც ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, 13 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ შემოწირულობების რაოდენობის მიხედვით კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ჩამორჩება.
პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, მიმდინარე წლის 13 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა“ შემოწირულობის სახით 51 008.50 ლარი მიიღო. აქედან 17 668.00 ალიანსს გიორგი ლომიამ შეწირა. ლომიას შემდეგ „საქართველოს პატროტთა ალიანსის“ ყველაზე მსხვილი შემომწირველი ფიზიკური პირი ცირა გახოკიძეა, რომელმაც პოლიტიკურ გაერთიანებას 10 300.00 ლარი გადაურიცხა. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სხვა შემომწირველებს შორის არიან - სოფიო შელეგია 6 130.00 ლარით, დავით კუტუბიძე - 5 000.00 ლარი.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი ირმა ინაშვილი აცხადებს, რომ პარტიას არჩევნების პერიოდში 200 ათას ლარზე მეტი არ აქვს დახარჯული.
„ყველაზე მიზერული თანხა დახარჯა ჩვენმა პარტიამ. საერთო ჯამში ჩვენ არჩევნების პერიოდში 200 ათას ლარზე მეტი არ გვაქვს დახარჯული. ახლა გამოქვეყნდა 13 ივნისიდან 30 ივნისის მონაკვეთი, ამ ტიპის ინფორმაციის გავრცელება არის ძალიან დამაბნეველი. ამ კონკრეტული თარიღით მსჯელობას ვინ რამდენი შემოწირულობა მიიღო, საზოგადოება პირდაპირ შეჰყავს შეცდომაში და ქმნის შთაბეჭდილებას, რომ თითქოს, მესამე პოლიტიკური ძალა ვართ რომელმაც ყველაზე დიდი შემოწირულობა მიიღო ამ პერიოდი, რაც არ შეესაბამება სიმართლეს“, - აცხადებს ირმა ინაშვილი.
ამასთან, ინაშვილი ადასტურებს, რომ პარტიის ყველაზე დიდი შემომწირველი ციხის კადრების გამავრცელებელი, პარტიის პოლიტიკური მდივანი გიორგი ლომიაა.
„დიახ გიორგი ლომიამ გაიღო 17 668 ლარი. ჩვენი პარტიის ძირითადი შემოწირულობა ძირითადად პარტიის მხრიდან იქნა შემოწირული. არაფერი არაა დასამალი იმაში, რომ გიორგი ლომია, მე ირმა ინაშვილი და ასევე სხვა ადამიანები ვართ ციხის კადრების გამავრცელებლები, მაგრამ რა კავშირშია ციხის კადრები და გიორგი ლომიას მხრიდან გაღებული შემოწირულობა, პრინციპში გასაგებია. ირიბად უნდათ დაკავშირება, რომ აი, ციხის კადრები გაავრცელეთ და შემოწირულობაც გაიღეთ“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ირმა ინაშვილი.
რაც შეეხება კოალიციას, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ცნობით, 13 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით პერიოდში, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შემოწირულობამ სულ 243 022.00 ლარი შეადგინა. კოალიციის ყველაზე დიდი შემომწირველია ფიზიკური პირი, ალექსანდრე ავსაჯანიშვილი, რომელმაც კოალიციას 60 000.00 ლარი შესწირა და კახა გოგიჩაიშვილი, რომელმაც კოალიციას 50 000.00 ლარი შესწირა.
რაც შეეხება სხვა მსხვილ შემომწირველებს, ესენი არიან - გალაქტიონ ლაითაძე 20 000.00 ლარით, გოჩა შარაშიძე 11 800 ლარი, დათო რურუა 10 000.00 ლარი, გიორგი ხვედელიანი 10 000.00 ლარი, კონსტანტინე გეგელაშვილი 10 000.00 ლარი, ზურაბ რურუა 10 000.00 ლარი და დალი ვეშაპიძე 8 000.00 ლარი.
ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაცაიით, ფულადი შემოწირულების გარდა, „ქართულ ოცნებას“ ზემოაღნიშნულ პერიოდში მიღებული აქვს არაფულადი შემოწირულობა მათ შორის მომღერლებისგან, რომელთა შორის არიან - სალომე ბაკურაძე, სოფო ბედია, ოთარ ნემსაძე, ზურაბ ხაჩიძე, პაატა ხაჩიძე, ირაკლი ნოზაძე, სალომე ბაკურაძე, ბორის ბედია, ზურაბ მანჯავიძე და სხვა.
რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“ ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის ინფორმაცაიით, მიმდინარე წლის მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით პარტიის მსხვილი შემომწირველი ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, კახა ბენდუქიძეა, რომელმაც პარტიას 5 555 ლარი 5-ჯერ - 15 მაისს, 13 ივნისს, 14 ივნისს, 16 ივნისს და 20 ივნისს გადაურიცხა.
საერთო ჯამში აღნიშნულ პერიოდში კახა ბენდუქიძის მიერ „ნაციონალური მოძრაობისთვის“ შეწირულმა თანხამ 27 775.00 ლარი შეადგინა. თუმცა, დღეს „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კომენტარის გაკეთება არ ისურვა.