Braun-ის ნოვატორული და კომფორტული ელექტროსამყარო

Braun-ის ნოვატორული და კომფორტული ელექტროსამყარო

[მოამზადა გოჩა ქიმუცაძემ]

Braun-ის ელექტროტექნიკა განთქმულია მთელს მსოფლიოში. კომპანია ფართო სპექტრის პროდუქციას აწარმოებს, ხოლო ქსელური ელექტროხელსაწყოების, ეპილატორების, ელექტროსაპარსების, პირის ღრუს მოვლის საშუალებების, ფენების და ინფრაწითელი თერმომეტრების წარმოების სფეროთა მსოფლიო ლიდერია.

 

პირველი რადიომიმღები

კომპანიის დამაარსებელი მაქს ბრაუნი დაიბადა 1890 წელს აღმოსავლეთ პრუსიაში. ბიჭი პატარაობიდანვე გონიერებითა და ტექნიკური ნიჭით გამოირჩეოდა და, გასაკვირი სულაც არ არის, რომ ინჟინერი გახდა. 1921 წელს მან ფრანქკფურტში რადიოდეტალების დასამზადებელი საამქრო გახსნა.

 

მოგვიანებით გამომგონებელმა გადაწყიტა საწარმოს ბაზაზე ღია ტიპის სავაჭრო კომპანია დაეარსებინა. თავდაპირველად იგი რადიომიმღებების წარმოებასა და გავრცელებაზე იყო სპეციალიზირებული.

 

1925 წელს მაქს ბრაუნმა პლასტმასის წარმოებაში ახალ ტენდენციებს მიაკვლია და თვითნაკეთი საპრესი ჩარხების მეშვეობით პლასტმასის ნაკეთობების გამოშვებას შეუდგა. 1928 წელს მან ფაბრიკის პირველი შენობა ააშენა. უკვე იმ პერიოდში ფაბრიკის არქიტექტურაში ფუნქციონალური მიზანშეწონილობის კანონები იყო ჩადებული, რაც შემდეგში კორპორაციული დიზაინის მთავარ პრინციპად იქცა.

 

1929 წელს ბრაუნმა შიდა აკუსტიკური სისტემის მქონე რადიომიმღები გამოიგონა და მის წარმოებას შეუდგა. მას წილად დიდი მოწონება ხვდა და Braun რადიომიმღებთა მწარმოებელ წამყვანგერმანულ კომპანიათა შორის დაასახელეს. 1932 წელს ბრაუნმა წარმოება გააფართოვა და ევროპაში ერთ-ერთი პირველი შეუდგა რადიომიმღების გამოშვებას, რომელშიც ფირსაკრავიც იყო შერწყმული.

 

კომპანიის საქმეები მშვენივრად მიდიოდა, იგი ფინანსურად სულ უფრო ძლიერი ხდებოდა და უცხოეთშიც ფართოვდებოდა. კერძოდ, Braun-ის წარმომადგენლობები გაიხსნა საფრანგეთში, შვეიცარიაში, ტუნისში, ესპანეთსა და ჰოლანდიაში. 1935 წლისათვის კომპანიაში მომუშავე ადამიანთა რიცხვმა 1000-ს მიაღწია. ამასთან, სწორედ ამ დროს გაჩნდა კომპანიის საფირმო ლოგოტიპი.

 

1941 წელს მაქს ბრაუნმა ელექტროსაპარსის კონცეფცია შეიმუშავა. ეს პროექტი კომპანიაში უმალ პრიორიტეტული გახდა. თუმცა, მის განხორციელებას ხელი მეორე მსოფლიო ომმა შეუშალა, რომლის დროსაც კომპანია გვარიანად დაზარალდა.

 

ომის დამთავრების შემდეგ, Braun-მა მოღვაწეობა მხოლოდ 1947 წლიდან, რადიომიმღებების წარმოებით განაახლა. კომპანია თანდათანობით წელში გაიმართა და 40-იანი წლების ბოლოს ელექტროსაპარსის შექმნის პროექტი კვლავ აქტუალური გახდა. ამ დროისათვის კომპანიის საქმიანობაში უკვე აქტიურ მონაწილეობას იღებდა მაქს ბრაუნის ერთ-ერთი ვაჟი არტური.

 

1950 წელს, გარდაცვალებამდე ერთი წლით ადრე ბრაუნმა უფროსმა სერიულ წარმოებაში ჩაუშვა პირველი ელექტროსაპარსი Braun S 50. გარდა ამისა, კომპანიამ მცირე საყოფაცხოვრებო, სამზარეულოს ელექტროტექნიკის ხაზის შემუშავება დაიწყო.

 

მაქსის მემკვიდრენი

მაქს ბრაუნი გარდაიცვალა 1951 წლის 6 ნოემბერს. კომპანიის ხელმძღვანელობა ორმა ძმამ, არტურ და ერვინ ბრაუნებმა ჩაიბარა. მოგვიანებით მათ ევროპაში პირველებმა განახორციელეს თავიანთი თანამშრომლების კვებისა და ჯანდაცვის სოციალური პროგრამა. მათი ხელმძღვანელობით კომპანია ფოტოტექნიკის კონცეფციაზე მუშაობას შეუდგა და 1958 წელს გამოუშვა მასობრივ მომხმარებელზე გათვლილი ფოტოაპარატი EF 1. რაც შეეხება პროფესიონალურ ფოტოკამერას, პირველი ამგვარი მოდელი F 800 კომპანიამ 1965 წელს გამოუშვა.

 

1954 წელს ერვინ ბრაუნი პროფესორ ვილჰელმ ვაგენფელდის ლექციას დაესწრო, ახალი იდეებით განიმსჭვალა და კომპანიის გარდაქმნას შეუდგა. მან მთელი პროდუქციის ახალი კონცეფციის შემუშავება დაიწყო, რისი შედეგიც გახდა გადასატანი რადიო-ფირსაკრავის Combi-ის გამოშვება.

 

გარდა ამისა, არტურმა და ერვინმა დიდი ყურადება გაამახვილეს პროდუქციის დიზაინზე. ამისათვის მათ 1954 წელს მოიწვიეს განთქმული კინოპროდიუსერი ფრიც აიხლერი, რომლის მიერ შექმნილი დიზიანის მქონე რადიოლებს უდიდესი წარმატება ხვდა წილად. 1955 წელს Braun-მა თავისი პირველი შავ-თეთრი ტელევიზორი გამოუშვა.

 

1956 წელს კომპანიის დიზაინერი ჰამბურგის ხელოვნების უმაღლესი სკოლის პროფესორი დიტერ რამსი გახდა. მისი მოღვაწეობა მეტად წარმატებული გახლდათ და 90-იან წლებამდე გაგრძელდა. 1957 წელს შეიქმნა პირველი შავ-თეთრი ტელევიზორი რადიოთი.

 

1962 წელს Braun სააქციო საზოგადოებად გარდაიქმნა. ამასთან, გამოუშვა სრულიად ახალი დიზაინის და ფუნქციონალურად სუპერთანამედროვე ელექტროსაპარსი. ერთი წლის შემდეგ კი კომპანიამ მსოფლიო გააოგნა პირველი ელექტრო კბილის ჯაგრისით Mayadent.

 

გლობალიზაციის კვალდაკვალ

კომპანიის საქმეები მშვენივრად მიდიოდა, მაგრამ მსოფლიო ბაზრის დაპყრობამდე აშკარად ძალიან შორს იყო. ამის მიზეზი გახლდათ Braun-ის მენეჯმენტში გლობალური აზროვნების ნაკლებობა. ასე გაგრძელდა 1967 წლამდე, როცა ამერიკულმა მონსტრმა Gillette Co-მ Braun-ის აქიების 100 პროცენტი შეიძინა და იგი თავის განყოფილებად აქცია. შედეგად, მარკა, რომელიც ძირითადად გერმანიასა და ჩრდილოეთ ევროპაში იყო ცნობილი, გლობალური მასშტაბის მწარმოებლად იქცა.

 

აღსანიშნავია, რომ Gillette-ის ხელმძღვანელობამ ყველანაირად ხელი შეუწყო Braun-ის თვითმყობადობის შენარჩუნებას. შედეგად, მსოფლიო ბაზრისათვის სიახლეთა მიწოდება გაგრძელდა. 1971 წელს Braun-მა გამოუშვა პირველი ელექტრომაღვიძარა, ჯიბის კალკულატორი და მინიატურული კასეტიანი მაგნიტოფონი.

 

1977 წელს Braun-ის თანამშრომელთა რიცხვი უკვე 8500 ადამიანს აღწევდა. 1985 წელს კომპანიამ გამოუშვა CD fleeri, 1988 წელს კი ვიდეომაგნიტოფონი VC 4. 1989 წელს Braun-მა გამოუშვა ქალთა პირველი ეპილატორი Silk-epil EE 1, რომელიც ამ კატეგორიაში უმალ მსოფლიო ლიდერი გახდა.

 

ამ დროისათვის Braun გამუდმებით ახალი კატეგორიის პროდუქციაზე მუშაობს. აღსანიშნავია, რომ სიახლეებს კომპანიისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. კერძოდ, აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში შექმნილი პროდუქცია Braun-ის გაყიდვების 60 პროცენტს შეადგენს.