საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი და ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილება ერთმანეთს

საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი და ეკონომიკის სამინისტროს გადაწყვეტილება ერთმანეთს "უცნაურად" დაემთხვა

"ეკონომიკის სამინისტრომ მაისიდან სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა განაახლა. საკონსტიტუციო სასამართლოს ვერდიქტი - მიწების უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიყიდვის მორატორიუმის გაუქმება და სამინისტროს გადაწყვეტილება "უცნაურად" დაემთხვა ერთმანეთს. "ბიზნეს-რეზონანსის" მიერ მოპოვებული ექსკლუზიური ინფორმაციით, ამ დროისთვის, 172 ათასი სახნავ-სათიბი მიწაა საპრივატიზაციოდ გამოტანილი. 1 ჰექტარის საშუალო ღირებულება 625 ლარია. ამიტომ, უცხოელები ქართული ნოყიერი მიწების "ჩალის ფასად" გადაფორმებას ხელიდან აღარ გაუშვებენ. სანამ პარლამენტი "მიწის მართვის კოდექსს" მიიღებს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ხელში კიდევ ათასობით მიწა აღმოჩნდება. 2012 წლის ბოლოს, საპარლამენტო არჩევნებში "ქართული ოცნების" გამარჯვების შემდეგ გადაწყდა, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაცია "მიწის კოდექსის" შემუშავებამდე შეჩერდებოდა. მაშინ ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი აცხადებდა, რომ მიწების პრივატიზაცია მიწის კოდექსის ამოქმედებამდე არ განახლდებოდა. "პირველ რიგში, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ბოლო 3-4 თვის განმავლობაში სახელმწიფოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები არ გაუყიდია. ეკონომიკის სამინისტრო სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან, პარლამენტის აგრარულ კომიტეტთან და მოწვეულ ექსპერტებთან ერთად, აქტიურად მუშაობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე ზოგადი კანონის შემუშავებისთვის, რომელმაც პრივატიზაციის საკითხები უნდა დაარეგულიროს", - აცხადებდა ქუმსიშვილი", - წერს გაზეთი "რეზონანსი"სტატიაში სათაურით ეკონომიკის სამინიტრომ მიწების გაყიდვა დაიწყო! / უცხოელები სტარტზე არიან: საპრივატიზაციოდ გამოტანილი 172 ათასი სახნავ-სათიბი 1 ჰა მიწის საშუალო ფასი 625 ლარია.

"ახლა კი სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მოცემული პერიოდისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გარკვეული ნაწილი უკვე აღრიცხულია სახელმწიფოს მიერ. "აღნიშნულ პროცესში (ისევე როგორც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების განკარგვისას) მიმდინარეობს მჭიდრო თანამშრომლობა და ინფორმაციის გაცვლა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, ასევე სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებთან, რათა არ მოხდეს მიწის კერძო მესაკუთრეების, მათ შორის, ადგილობრივი მოსახლეობის საკუთრების უფლების ხელყოფა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების განკარგვას წინ უსწრებს შესაბამის მიწის ნაკვეთის დეტალური შესწავლის პროცესი, რაც უზრუნველყოფს კერძო მესაკუთრეთა კანონიერი ინტერესების და უფლებების დარღვევის თავიდან აცილებას", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

"პარლამენტის დარგობრივი კომიტეტის თავმჯდომარის ზურაბ ტყემალაძის ინფორმაციით, მიწის კოდექსსა და სხვა შესაბამის კანონმდებლობაზე მუშაობა წლის ბოლოს დასრულდება. გამოდის, რომ ჯერ კოდექსის პროექტიც კი არ არის მზად, მაგრამ ეკონომიკის სამინისტრომ გადაწყვეტილება უკვე შეცვალა და სასოფლო-სამეურნეო მიწები საპრივატიზაციოდ გამოიტანა. სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პრივატიზება 2014 წლის მაისდან განახლდა. ამ ეტპაზე გაყიდულია 187 ჰექტარი სახნავ-სათიბი კატეგორიის მიწის ნაკვეთი. იჯარით გაცემულია 66 ჰექტარი საძოვარი. ამჟამად სააგენტოში 32 593 ჰა სახელმწიფო მიწის ნაკვეთზეა არის დაინტერესება, მათგან სახნავი - 6748 ჰექტარი, სათიბი - 2969 ჰექტარი, საძოვარი - 22876 ჰექტარი. სააგენტოში აცხადებენ, რომ ეტაპობრივად გამოცხადდება აუქციონებიც. სახნავ-სათიბი მიწის ფასი, საშუალოდ, 1 ჰა-ზე 625 ლარია", - აღნიშნავს გამოცემა.

"ეკონომიკის სამინისტროს მიერ სასოფლო-სამეურნეო მიწების პრივატიზაციის განახლებიდან რამდენიმე დღეში, საკონსტიტუციო სასამართლომ, ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერის სარჩელის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შეძენაზე საქართველოს პარლამენტის მიერ გამოცხადებული მორატორიუმიც არაკონსტიტუციურად ცნო. "მინდა ვუთხრა მოსახლეობას, ფერმერებს და ყველას: კარგად ვხედავთ, როგორც გამოდის ინდოელი მეწარმე და ამბობს, რომ შეუძლია 1 ჰექტრის ფასად საქართველოში 100-ჰექტარი მიწის ნაკვეთი იყიდოს. აი, ამას მივიღებთ საბოლოო ჯამში, რადგან ამ კუთხით კანონმდებლობა მოწესრიგებული არ არის. მოწესრიგებისთვის შექმნილია უწყებათაშორისი კომისია, რომელსაც ვადა ჰქონდა წლის ბოლომდე და ამას საკონსტიტუციო სასამართლომ თავისი გადაწყვეტილებით ხელი შეუშალა", - აღნიშნა ზურაბ ტყემალაძემ.

"თუმცა კომისიის მუშაობას, გარკვეულწილად, ხელი შეუშალა ეკონომიკის სამინისტრომაც. ასე რომ, ამიერიდან უცხოელებს ხელ-ფეხი გაეხსნათ კერძო თუ სახელმწიფო საკუთრებაში მქონე ქართული მიწები სულ რაღაც 650 ლარად დაისაკუთრონ. ეკონომიკის სამინისტროსა და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები დარჩნენ ექსპერტები, დეპუტატების ნაწილი, ხელისუფლების თუ საზოგადოების წარმომადგენლები. "მახსოვს, ჩემი ერთ-ერთი ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ნიუ იორკში თუ ვაშინგტონში ჩვენ ერთი ადგილი ვნახეთ, რომელიც იყო შეღობილი მავთულებით და იქ უზარმაზარ სახლებს შორის იყო გაშენებული პატარა ბოსტანი. როცა ვიკითხეთ თუ რას ნიშნავდა შუა ქალაქში ბოსტანი, მათ გვიპასუხეს, რომ ეს არის კერძო საკუთრება. კერძო ადამიანმა არ გაყიდა ნაკვეთი და ასე აღმოჩნდა სახლებს შორის ბოსტანი. ეს მაგალითი მოვიყვანე იმისთვის, რომ ჩვენ გაგვაჩნია ისეთი ფასეულობა, რომლის გაყიდვა მართლაც არ შეიძლება, რომლის გასხვისება არ შეიძლება. ეს არის ქართული მიწა, წყალი, წყაროს წყალი, მდინარე, საბადოები. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ რთულ დროს, როცა შეიძლება ეს ფასეულობა (რომლითაც არსებობს ქართველი ადამიანი) მთლიანად დავკარგოთ. დავკარგოთ იმიტომ, რომ სხვებს გააჩნიათ ბევრი საშუალება, ფული, რათა ეს ყველაფერი იყიდონ. იყიდის უცხო ხალხი, უცხო ქვეყნები და შეიძლება საქართველო დარჩეს სრულიად ცარიელი. ამიტომ დიდი დაფიქრება გვჭირდება", - აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია ||-მ.

"უკანასკნელად საქართველოს მიწის ბალანსი 2004 წელს გაკეთდა, რომლის საფუძველზეც საქართველოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობები შეადგენდა 3025,8 ათას ჰექტარს, მათ შორის, სახნავი - 802,1 ათას ჰექტარს, მრავაწლიანი ნარგავები - 263,5 ათას ჰექტარს, სათიბი - 143,5 ათას ჰექტარს და საძოვარი - 1796,6 ათას ჰექტარს. საყურადღებოა, რომ 2003 წლის მიწის ბალანსი მოიცავდა მონაცემებს დასავლეთ საქართველოში მიწების მეორადი დაჭაობების, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს რიგ რაიონებში - გაუდაბნოების, ეროზირებული, დამლაშებული და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებთან დაკავშირებულ სხვა არასასურველი პროცესების შესახებ. ბოლო პერიოდში ეს პროცესები, ბუნებრივია, უფრო ფართო ხასიათს მიიღებდა, მაგრამ თუ რა მდგომარეობაა ამ მიმართულებით, ახლა დაბეჯითებით ვერავინ იტყვის. "დავიწყოთ იქიდან, რომ მიწების აღწერა არ მომხდარა, შესაბამისად, არ ვიცით რა გვაქვს - რამდენია სახნავ-სათესი და რამდენი საძოვარი. დაუდგენელია მიწის ფასიც. გარდა ამისა, მიწებს ყიდულობენ აბსოლუტურად დილეტანტი პირები, რომლებმაც სოფლის მეურნეობა საერთოდ არ იციან. არადა, ფულს იხდიან იმიტომ, რომ მიწა საქართველოში ძალიან იაფია. გარდა ამისა, ჩვენი ქვეყანა მცირემიწიანია, ამიტომ თითოეულ გოჯს გაფრთხილება სჭირდება, განსაკუთრებით იმის ფონზე, რომ მსოფლიოში სურსათის დეფიციტი უკვე უმთავრესი პრობლემაა", - ამბობს ექსპერტი ზვიად კანდელაკი.

"საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება უარყოფითად შეაფასა სოფლის მეურნეობი მინისტრმა შალვა ფიფიამ. მან აღნიშნა, რომ მორატორიუმი ერთმნიშვნელოვნად საჭირო იყო, ვინაიდან მიწა განსხავევებული, ამოწურვადი რესურსია, რომლის სწორად და მაქსიმალურად ეფექტურად განკარგვა აუცილებელია. "რამდენიმე სამინისტრო მუშაობს, რომ მიღებულ იქნას შესაბამისი რეგულაციები იმასათვის, რომ მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს მიწის რესურსის განკარგვა. შესაბამისად, ამ რეგულაციების მიხედვით დავარეგულირებთ საკითხს. მორატორიუმი მნიშვნელოვანი იყო იმ ჭრილში, რომ მიწა არის განსხვავებული ტიპის რესურსი სხვა რესურსებთან შედარებით", - განაცხადა შალვა ფიფიამ.

"როგორც უკვე აღვნიშნეთ, საკონსტიტუციო სასამართლომ მორატორიუმი ავსტრიის მოქალაქე მათიას ჰუტერის სარჩელის საფუძველზე გააუქმა. არადა, თავად ავსტრიაში უცხოელთა მიერ მიწის შეძენა რეგულირდება ცალკეული მიწების (რეგიონების) კანონებით. ერთ-ერთი მიწის (ბურგერლანდის) "კანონით უცხოელის მიერ უძრავი ქონების შეძენის შესახებ", უცხოელს უძრავი ქონების შეძენისთვის სჭირდება ნებართვა. ასეთი ნებართვა კი შეიძლება გაიცეს, თუ "სახელმწიფოებრივ პოლიტიკური" ინტერესები არ იქნება შელახული და თუ: უცხოელი ავსტრიის ტერიტორიაზე მინიმუმ 10 წელი ლეგალურად, კანონიერად იმყოფება და მისი შენაძენით მნიშვნელოვანი ეკონომიკური, სოციალური, კულტურული ან სხვა საჯარო ინტერესი არ ილახება. თუ უცხოელს ნაყოფიერი, სასოფლო-სამეურნეო მიწის შეძენა სურს, მას ზემოთნახსენებ ნებართვასთან ერთად, სჭირდება დამატებით ნებართვა, რომელიც გაიცემა სპეციალური კომისიის მიერ", - დასძენს გამოცემა.