"გამოძიება ახვლედიანსაც დაიბარებს"

"2005 წელს, როცა საკრებულოში ვიყავი, მე თავად შევხვდი ებრაელ ბიზნესმენებს და შემოვიყვანე საქართველოში. იმავე წელს გაიმართა პრეზენტაცია, მაგრამ 2007 წელს ებრაული კომპანიის წარმომადგენლებს უგულავა და მამუკა ახვლედიანი შეხვდნენ და ტენდერში გაამარჯვებინეს. დაარწმუნეს, აქ ბექაური არაფერ შუაშია, წილები ჩვენ მოგვეცითო. მოკლედ, დაწერეს ისეთი ხელშეკრულება, როგორიც აწყობდათ, ფაქტობრივად, არჩევნების პერიოდში "სიტი პარკი" იყო "ნაციონალების" ავი ხვრელი - მაგალითად, 2012 წლის არჩევნების დროს ეს კომპანია აფინანსებდა გიგა ნასარიძის კლიპებს, რომელიც იყო მიმართული ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" წინააღმდეგ. უგულავამ ჩაატარა სუფთა მაფიოზური ტენდერი, რომლითაც თბილისი მან თავის ბიუჯეტად აქცია. მე მინდოდა, თბილისისთვის საქმე გამეკეთებინა, მაგრამ თაღლითურად მომიშორეს და დაიწყეს ფულის კეთება. ამის გამო ხუთჯერ შეცვალეს ხელშეკრულება", - აცხადებს კობა ბექაური გაზეთ "ალიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სათაურით "გამოძიება ახვლედიანსაც დაიბარებს".

"2012 წლამდე ხმის ამოღებას რა აზრი ჰქონდა? ფაქტობრივად, ნაძირალა უგულავა თბილისის მეფე იყო. ეს საქმე დაწყებული იყო, მიდიოდა ძიება და ახლა მთავარი მოწმის სახით მივეცი ჩვენება. მაგან ის ებრაული კომპანია, რომელიც მე შემოვიყვანე, აქედან გაიყვანა და 2010 წელს თვითონ დაარეგისტრირა ახალი ორგანიზაცია, ანუ სხვა შემოიყვანა. სატენდერო პირობები პირდაპირ მოარგეს და დაიწყეს ფულის კეთება. ამ საქმეში თვითონ ჩასხდნენ. ვირჯინიის კუნძულებზე სხვა კომპანია დაარეგისტრირეს. ფაქტობრივად, თვითონ არიან", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას კობა ბექაური.

"გაცილებით მეტი იქნება გაფლანგული და ამასაც შეისწავლის გამოძიება. მე ერთ-ერთი მოწმე ვარ, თორემ ეგ ძალიან დიდი საქმეა, განსაკუთრებით პარკინგთან დაკავშირებით, ხელშეკრულებების შეცვლასთან და ადმინისტრაციულ დარღვევებთან დაკავშირებით. სხვა მოწმეებიც იქნებიან იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ დაირღვა ხელშეკრულებები, ამას გამოძიება ცალკე სწავლობს", - განაგრძობს რესპონდენტი.

"მამუკა ახვლედიანი დადიოდა ყოველ კვირა ისრაელში, რომ ებრაელები დაეთანხმებინა. მე მათ პირდაპირ მითხრეს, შენი გაწევა უნდათ, ამაზე "ჩალიჩობენო". მანდ ახვლედიანის ცოლის ბიძაშვილია მთავარი მენეჯერი. ყველაფერი შემდეგ გადაფორმდა ოფშორში. გამოძიება ახვლედიანსაც დაიბარებს. ყველაფერს აქვს დასასრული და სწორედ ამ პროცესშია უგულავა. 40 მილიონი მარტო რიყის ტერიტორიიდან აქვს წაღებული და კიდევ აქეთ წივის. ნათქვამია, თავდასხმა საუკეთესო თავდაცვააო, მაგრამ როცა საქმე გამოძიებას ეხება, ეს მეთოდი არ ამართლებს. ახლა დაიწყო, ეს პოლიტიკური დევნააო და ბიძინა ივანიშვილს ლანძღავს, 2007-ში ბიძინა იყო? 2010-ში რომ ხელშეკრულებები ყირაზე დააყენა, მაშინ ბიინა იყო?" - დასძენს კობა ბექაური.