„ჩვენ მოვახერხეთ ის, რაც რამდენიმე თვის წინ არავის სჯეროდა“

„ჩვენ მოვახერხეთ ის, რაც რამდენიმე თვის წინ არავის სჯეროდა“

მოსკოვი მზად არის საქართველოს, მოლდოვას და უკრაინასთან ასოცირების ხელშეკრულების კონტექსტში, ეკონომიკური პოლიტიკის ადაპტაციის მიზნით, კონსულტაციები გამართოს. რუსეთის პირველი დიპლომატი ამბობს, რომ რუსეთი ამ ვითარებას დააკვირდება ერთადერთი კრიტერიუმით - რამდენად გაურესდება სავაჭრო პირობები რუსეთსა და იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც დსთ-ს თავისუფალი ვაჭრობის ზონაში რჩებიან.

ლავროვის განცხადება ახალი არ არის ქართული მხარისთვის. შესაბამისად, უკვე დაგეგმილია ასეთი შეხვედრა ექსპერტებს შორის, რომელიც გაიმართება 7 ივლისს პრაღაში. ექსპერტების დონეზე მოხდება პოზიციების შეჯერება იმ ახალი რეგულაციების, რომელიც საქართველოსთვის იხსნება და მათი თანხვედრა იმ თავისუფალ რეჟიმთან, რომელიც საქართველოს აქვს დსთ-ს წევრ ქვეყნებთან. 9 ივლისს კი გაიმართება ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის შეხვედრა.

პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში, ზურაბ აბაშიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით რუსეთის მხრიდან განსაკუთრებულ ტრავმას არ უნდა ველოდოთ.

როგორ შეიძლება გავითარდეს რუსეთ-საქართველოს შორის ურთიერთობა, რამდენად რთულ ეტაპზე შეიძლება გადავიდეს ეს ურთიერთობა, იგივე უსაფრთხოების კუთხით?

- საკმაოდ რთულია იმის განსაზღვრა, რა რეაქცია ექნებათ რუს პარტნიორებს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. უსაფრთოხების კუთხით როგორ იქნება ურთიერთობა, ამის თაობაზე ცოტა მიჭირს საუბარი, მაგრამ რაც შეეხება ყველაზე აქტუალურს - სავაჭრო ეკონომიკურ ურთიერთობებს, 7 ივლისს პრაღაში შეიკრიბებიან ჩვენი სპეციალისტები და ისაუბრებენ როგორ უნდა წარიმართოს სამომავლოდ ჩვენი ურთიერთობები, გაკეთდება ანალიზი იმისა, რაც აქამდე იყო. მართალი გითხრათ არ ველი განსაკუთრებულ რაღაც დრამატულ ამბებს.

სამხედრო კონლფიქტი ალბათ, ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებში სირთულეებს ელოდებით?

- შეიძლება ცოტა შეიცვალის ვითარება, იგივე - ტარიფები შეიცვალოს, შეიძლება ცოტა გაგვიძვირდეს ექსპორტი, შეიძლება ამან სავაჭრო ურთიერთობებზე იქონიოს გარაკვეული ზეგავლენა, მაგრამ ისე, რომ შეწყდეს ეს ურთიერთობები, იგივე ემბარგო და ა.შ. ასეთ რაღაცეებს მე არ ველი. საერთო ჯამში არ მგონია, რომ ამ თვალსაზრისით რამე გასაკუთრებული მოხდეს.

რამდენად შესაძლებელია, რომ ერთდროულად გვქონდეს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი ევროკავშირთან და კომფორტული სავიზო რეჟიმი რუსეთთან, ეს წინააღმდეგობაში არ არის ერთმანეთთან?

- აბსოლუტურად ვერ ვხედავ რაიმე სახის წინააღმდეგობას. უამრავ ქვეყანას აქვს ურთიერთობა სხვადასხვა მეზობლებთან, თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი შეიძლება გვქონდეს ევროკავშირთანაც, ამერიკასთანაც, ჩინეთანაც და მეზობელ ქვეყნებთანაც, მათ შორის რუსეთთან და ვერც სპეციალისტები ხედავ აქ რაიმე სახის წინააღმდეგობას. მოგონილია ეს ამბავი - ან იქით ან აქეთ, საკითხი ასე არ დგას.

როგორ შეფასებდით ოკუპირებული აფხაზეთის .. პრეზიდენტობის კანდიდატის, რაულ ხაჯიმბას განცხადებას, რომ აფხაზეთმა უნდა გააძლიეროს .. საზღვარი საქართველოსთან და გააღმავოს თანამშრომლობა რუსეთთან... 

- მე მგონია, რომ პირიქით, დადებითად იმოქმედებს აფხაზეთის მოსახლეობაზე ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. პირიქით, ამაში დაინახავენ საინტერესოს და მათთვის მიმზიდველს. ასე რომ, არანაიარი საბაბი არ არსებობს იმისათვის, აფხაზებმა და თუნდაც დე ფაქტო ხელისუფლებამ ასე იფიქროს. ჩვენ მოვაწერეთ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას ხელი ისე, რომ რუსეთიდან არანაირი ხელშეშლა არ ყოფილა. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამას მინდა გავუსვა ხაზი, რომ ჩვენ მოვახერხეთ ის, რაც რამდენიმე თვის წინ არავის სჯეროდა.

ყველა ელოდა რაღაცა კატასტროფას, ყველა ელოდა რუსეთიდან სერიოზულ ზეწოლას. ვამბობდით, რომ ეს ასე არ იქნებოდა და მშვიდობიანად, ნორმალურად მივიდოდით ამ დღემდე, მაგრამ ბევრს არ ეჯერა ეს. მაგრამ, როგორც ჩვენ ვთქვით, ისე მოხდა ყველაფერი და ჩვენი პროგნოზები გამართლდა. ახლაც ვამბობ, რომ ისე გაგრძელდება ეს პროცესი, რომ რაღაცა განსაკუთრებულ ტრავმას არ უნდა ველოდოთ რუსეთის მხრიდან სავაჭრო-ეკონმიკური კუთხით.