[ეკა ბაქრაძე]
კარგა ხანია, რაც მთავრობის საგადასახადო პოლიტიკის წინააღმდეგ, ადგილობრივ ბიზნესთან ერთად, საქართველოში წარმოდგენილი უცხოური ბიზნესიც ილაშქრებს. ბოლო პერიოდში მათ მხარი დიპკორპუსმაც აუბა. ხელისუფლებაში კი მეტი ვერაფერი მოიფიქრეს და შემოსავლების სამსახურის უფროსი შეცვალეს.
“საქართველოს მთავრობა ზედმეტად ჩქარა მიმართავს საპატიმრო სასჯელს იმისთვის, რაც დასავლეთში უმნიშვნელო სამოქალაქო და საგადასახადო საკითხად აღიქმება”, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტი და “მაგთიკომის” გენერალური დირექტორი დევიდ ლი აცხადებს.
მისი თქმით, 2010 წელს იყო “რამდენიმე საქმე”, როდესაც უცხოური კომპანიების თანამშრომლები წინასწარი გამოძიების გარეშე რამდენიმე თვით დააპატიმრეს. “ადგილობრივი ბიზნეს-ორგანიზაციები კიდევ უფრო მეტ პრობლემებს აწყდებიან”, - აცხადებს დევიდ ლი.
ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც უცხოელი ბიზნესმენები ან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაუფარავად აკრიტიკებენ საქართველოს მთავრობის ზედმეტად ხისტ საგადასახადო პოლიტიკას. ბოლო პერიოდში ეს იმდენად აუტანელი გახდა, რომ თვით საქართველოს პრეზიდენტიც კი “შეაშფოთა”. ამიტომაც სააკაშვილმა განკარგულება გასცა ჩინოვნიკებმა ბიზნესისადმი დამოკიდებულება შეცვალონ.
ბოლო რამდენიმე დღეა ფინანსთა სამინისტროც დღეში რამდენჯერმე გაიძახის, რომ მეწარმეების მიმართ მკაცრი ადმინისტრირებიდან ლიბერალურ საგადასახადო პოლიტიკაზე გადადის. ამის განმახორციელებელი კი შემოავლების სამსახური ახალი უფროსი, ვანო მერაბიშვილის მეგობარი და თანამოაზრე ჯაბა ებანოიძე იქნება.
რადგანაც ფინანსთა სამინისტრო “ზნეს იცვლის”, ებანოიძის წარდგენაც არატრადიციულად მოხდა. მინისტრის განცხადებით, მან თანამშრომლების ნაცვლად შემოსავლების სამსახურის ახალი უფროსი ჯერ ბიზნესწრეების წარმომადგენლებს გააცნო.
“ახალი უფროსის დროს შემოსავლების სამსაუხრში ადმინისტრირება გაუმჯობესდება მისი შემდგომი ლიბერალიზაციის მიზნით. გვინდა, ადმინისტრირება ბიზნესს დამატებით ტვირთად არ აწვებოდეს და ბიზნესმენი საგადასახადო ინსპექციაში რისკს კი არა, პარტნიორს ხედავდეს”, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა.
როგორც შემოსავლების სამსახურის ახალი უფროსი ჯაბა ებანოიძემ განაცხადა, შემოსავლების სამსახურში დაწყებული რეფორმები გაგრძელდება. საგადასახადო სამსახურის მუშაობა იქნება რეგლამენტირებული და უწყებაში შემუშავდება სპეციალური სტანდარტები და მიდგომები, რათა ბიზნესის თვალში საგადასახადო უწყების მუშაობა იყოს სამართლიანი.
ბიზნესი შემოსავლებს სამსახურის უფროსის პოსტზე ჯაბა ებანოიძის დანიშვნას მიესალმება და აცხადებს, რომ ბიზნესისა და ფინანსთა სამინისტროს ურთიერთობაში ახალი რეფორმებიც გატარდება.
“ვერ ვიტყოდი რომ შემოსავლების სამსახურის ყოფილმა უფროსმა გიორგი ცხაკაიამ ბიზნესთან ურთიერთობა ვერ ააწყო. უბრალოდ, ებანოიძის მიდგომები არის განსხვავებული. ორივესთან გვიმუშავია და მიგვაჩნია, რომ შემოსავლების სამსახურის უფროსის პოსტზე ჯაბა ებანოიძის დანიშვნა სწორია.
როდესაც ცხაკაია შემოსავლების სამსაუხრის უფროსის თანამდებობაზე დაინიშნა, მას საკმაოდ მძიმე მეურნეობა დახვდა. ბიზნესი ამ მიდგომებისთვის მზად არ იყო. თუმცა მას შემდეგ ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, ახლა ახალი მიდგომებია საჭირო და იმედი გვაქვს, რომ ბიზნესთან მიმართებაში მიდგომები აუცილებლად შეიცვლება”, - განაცხადა ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა გიორგი ჭირაქაძემ.
ბიზნესისადმი ლიბერალური მიდგომის ერთ-ერთ მეთოდად უკვე მიჩნეულია ის ფაქტი, რომ მეწარმე რომელიც ტექნიკური ხასიათის შეცდომას დაუშვებს არ დაჯარიმდება. მას ფულადი დაჯარიმების ნაცვლად საშემოსავლო სამსახური საგადასახადო კანონმდებლობის შესწავლას სთავაზობს.
თუმცა, მეწარმეს ჯარიმა უკვე სხვა მხრივ დაეკისრება თუკი საგადასახადო კანონმდებლობის სწავლებისთვის თავს აარიდებს. ამასთან დაკავშირებით ცვლილება “საგადასახადო კოდექსში” შედის.
ფინანსთა მინისტრის მოადგილის რუსუდან კემულარიას თქმით, შეიქმნება ახალი მექანიზმი, სპეციალური კურსები, სადაც მეწარმეებს მოქმედი საკანონმდებლო აქტების შეასწავლიან და ისინი ვინც შეცდომებს ხშირად უშვებენ კანონმდებლობის უცოდნრობის გამო ვალდებულები იქნებიან აღნიშნული კურსები გაიარონ. თუმცა, თუ კანონდამრღვევი პირი სასწავლო კურსის გავლას თავს აარიდებს, მას სანქციის აღნიშნული სახე ფულადი ჯარიმით შეეცვლება.