რამდენად გაიოლდება ვიზების აღება და დასაქმება ევროკავშირის ქვეყნებში?

რამდენად გაიოლდება ვიზების აღება და დასაქმება ევროკავშირის ქვეყნებში?

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ საქართველოს მოქალაქეებში საზეიმო განწყობა არ ცხრება. თუმცა, უკვე ჩნდება პრაქტიკული ხასიათის კითხვებიც, თუ რა შეიცვლება კონკრეტული ადამიანებისთვის და რამდენად გაიოლდება 27 ივნისს გაფორმებული საქართველო-ევროკავშირის შეთანხმების შემდეგ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიმოსვლა, იქნება თუ არა რამე სიახლე არალეგალურად მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის და რა შემთხვევაში უჩნდებათ საქართველოს მოქალქეებს ევროკავშირის ქვეყნებში ლეგალურად მუშაობის შესაძლებლობა.

For.ge „ევროპული კვლევების ცენტრის“ ხელმძღვანელს კახა გოგოლაშვილს დაუკავშირდა - საუბარი ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შეფასებით დავიწყეთ.

- 27 ივნისი საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა. დამოუკიდებლობის დღიდან მოყოლებული ვცდილობდით, ვოცნებობდით ევროპაში ინტეგრაციაზე, ევროპასთან დაახლოებაზე. შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი უკვე გახდა შეუქცევადი. ამ შეთანხმებით, რა თქმა უნდა, არ წყდება ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანება, მაგრამ ასოცირების ხელშეკრულება ქმნის წინაპირობებს იმისთვის, რომ, საბოლოოდ, ევროპული ოჯახის წევრი გავხდეთ.

საქართველოს მოქალქეებისთვის აქტუალურია ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის საკითხი. ითვალისწინებს თუ არა ასოცირების ხელშეკრულება ამ მიმართულებით კონკრეტული ღონისძიებების გატარებას?

- ვიზების ლიბერალიზაცია არ არის უშუალო კავშირში ასოცირების ხელშეკრულებასთან, მაგრამ მათ შორის პრინციპული კავშირი არსებობს. ასოცირების ხელშეკრულება საუბრობს იმის შესახებ, რომ ხელმომწერმა მხარეებმა ხელი უნდა შეუწყონ ადამიანების გადაადგილების გამარტივებას და თავისუფლად გადაადგილებას ერთმანეთის ტერიტორიაზე.

თავისთავად, ვიზების ლიბერალიზაციის მიმართულებით მუშაობა ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებამდე გაცილებით ადრე დაიწყო. არსებობს სპეციალური ჩარჩო - თუ როგორ უნდა განხორციელდეს ვიზების ლიბერალიზაცია. მაგრამ, ეს არის მთავრობებს შორის შეთანხმებული გეგმა და არ ატარებს საერთაშორისო-სამართლებრივი ვალდებულების ხასიათს. ევროკავშირს მისი უარყოფა შეუძლია ნებისმიერ დროს, თუ ამ თვალსაზრისით, რაღაც არ მოეწონა ჩვენი მხრიდან.

რაც შეეხება ასოცირების შეთანხმებაში ჩაწერილს პუნქტებს, ეს შეუქცევადია და მისი განხორციელება აუცილებელია. ასე რომ, ასოცირების შეთანხმება, თავისთავად, არ განსაზღვრავს ვიზების ლიბერალიზაციის საკითხს თავისი სამართლებრივი ნორმებით.

რაც შეეხება ქართველ ემიგრანტებს, რომლებიც ევროკავშირშიც მრავლად არიან და მათი დიდი ნაწილი იქ არალეგალურად ცხოვრობს. რა იცვლება ამ კატეგორიის მოქალაქეებისთვის საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ?

- ამ შეთანხმების გაფორმება, კონკრეტულად, ემიგრანტებისთვისაც არ ითვალისწინებს რამე განსაკუთრებულ სიახლეს. აქ საყურადღებოა ერთი მომენტი, თუ რატომ არიან ისინი ემიგრანტები ევროკავშირის ქვეყნებში და როგორ მოხვდნენ იქ. ასოცირების ხელშეკრულება ქმნის პირობებს იმისთვის, რომ არალეგალური მიგრანტები აღარ არსებობდნენ. ქმნის პირობებს ევროკავშირთან ურთიერთობების გასაღრმავებლად, რათა, მეტი შესაძლებლობა გაჩნდეს ლეგალური დასაქმებისთვის. ასევე, მეტი შესაძლებლობები გაჩნდეს იმისთვის, რომ საქართველოში დასაქმდნენ ეს ადამიანები. შეიძლება ითქვას, რომ გაფორმებული დოკუმენტი, ამ თვალსაზრისით, ირიბად, ემიგრანტებსაც ეხება. არის მეორე ფაქტორიც, როგორც წესი, ევროკავშირი აუმჯობესებს მოპყრობას იმ ქვეყანის მოქალაქეების მიმართ, რომელთანაც ასოცირების ხელშეკრულებას აფორმებს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოს მოქალაქეების სოციალურ უზრუნველყოფაზე იქნებიან ვალდებულები, მაგრამ გაჩნდება შესაძლებლობა, რომ ჩვენი მოქალქეები უფრო აქტიურად დასაქმდნენ ქართულ ორგანიზაციებში.

ვიზების ლიბერალიზაცია, პირველ ეტაპზე, მოკლევადიანი ვიზების გაცემას გულისხმობს. როდის შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ვიზები, რომელიც მუშაობის უფლებასაც იძლევა?

- რაც შეეხება სამუშაო ვიზებს, ყველაზე მარტივი გზა ამ მიმართულებით არის ლეგალური მიგრაციის მიმართულების განვითარება ევროკავშირთან. ეს პროცესი დაწყებულია ასოცირების შეთანხმების გარეშეც, მაგრამ ასოცირების შეთანხმება, რა თქმა უნდა, ხელს შეუწყობს პროცესის დაჩქარებას. ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობით ჩვენმა სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა მიიღონ ვაკანსიების გარკვეული ნუსხა, რომლებიც არსებობს ევროკავშირში და ოფიციალურად გაფორმდეს დროებითი სამუშაო მივლინებები ევროპის ტერიტორიაზე იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს იქ მუშაობა. რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, უნდა იყოს დაკონკრეტებული, თუ რა პირობები და რა მოთხოვნებია. ამ პროცესს ორგანიზება სჭირდება და ამ მიზნით ჩვენმა სახელმწიფო უწყებებმა უნდა იმუშაონ. სრულიად შესაძლებელია, რომ ბევრ ქვეყანაში მოხერხდეს ლეგალური მიგრაციის განვითარება. ანუ, ჩვენი მოქალქეებისთვის ოფიციალურად იქნება სამუშაო ევროკავშირის ქვეყნებში - კონკრეტულ ადგილებზე, ოღონდ, მათი დაბრუნების პირობით. ეს შეიძლება იყოს სეზონური სამუშაო, ან გარკვეული პროგრამა, რომელიც 1-2 წელი გრძელდება. იქნება დროებითი კონტრაქტები - ვადის გასვლის შემდეგ მოქალაქე აუცილებლად უნდა დაბრუნდეს საქართველოში.