უელსის სამიტის გარკვეული დეტალები უკვე ცნობილია. მნიშვნელოვანი აქცენტები სწორედ საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე გაკეთდება. კარნეგის ცენტრის ანალიტიკოსის თომას დე ვაალისგან განსხვავებით, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი, ექსპერტი საქართველოს საკითხებში ლინკოლნ მიტჩელი აცხადებს, რომ თუ საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს, ეს იქნება ნიშანი, რომ არ გაჩერდეს ნატოსკენ მიმავალ გზაზე.
ლინკოლნ მიტჩელი ფიქრობს, რომნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები კვლავ რჩება, მაგრამ მისი თქმით, ეს არ იქნება იოლად გასავლელი გზა და, რა თქმა უნდა, რუსეთი შეეცდება ამის ჩაშლას. მისივე განცხადებით, ახლა საკითხი შემდეგნაირად დგას - მიიღებს თუ არა საქართველო MAP-ს უახლოეს ხანებში და თუ მიიღებს, ეს შესანიშნავი იქნება.
„თუმცა თუ საქართველო MAP-ს ვერ მიიღებს, ეს მისთვის იქნება ნიშანი, რომ არ გაჩერდეს ნატო-სკენ მიმავალ გზაზე და რომ ნატო-ს კარი კვლავ ღიაა მისთვის. ეს იქნება გამოწვევა საქართველოსთვის, მიუხედავად რუსეთის მხრიდან წამოსული მცდელობებისა, რომ ჩაშალოს ეს პროცესი. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას დიდი სარგებელი ექნება საქართველოსთვის. გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს უფრო მეტად დაუახლოვებს ევროპას, რაც ნიშნავს მეტ ვაჭრობას, მეტ შესაძლებლობებსა და უფრო ძლიერ დემოკრატიას.
ეს დიდი გამარჯვებაა ქართველი ხალხისთვის. ვეთანხმები საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომ ამ ხელმოწერით ისარგებლებს სრულიად საქართველო, აფხაზებისა და ოსების ჩათვლით. ეს ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებაა. გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება საქართველოს უფრო მეტად დაუახლოვებს ევროპას, რაც ნიშნავს მეტ ვაჭრობას, მეტ შესაძლებლობებსა და უფრო ძლიერ დემოკრატიას“, - აცხადებს ლინკოლნ მიტჩელი, რომელიც ბათუმში, თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციას დაესწრო.
ფორუმის მონაწილეები განიხილავენ, ევროატლანტიკური უსაფრთხოების საკითხებს, ნატო-ს გაფართოების, საქართველოს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმებს, ISAF-ის ოპერაციისა და შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებს. კონფერენციის მიზანია საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება და თანამშრომლობის გაღრმავება თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.
ჩრდილოატლანტიკური საბჭოს წევრები წინასწარ აკეთებენ შეფასებებს იმ პოზიტიურ გზავნილებთან დაკავშირებით, რომელიც დაფიქსირდება საქართველოსთან მიმართებით უელსის ნატო-ს სამიტზე. საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი ნატო-ში ლევან დოლიძე განმარტავს, რომ სამიტის გარკვეული დეტალები უკვე გახდა ცნობილი და მნიშვნელოვანი აქცენტები გაკეთდება საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
„ჩვენმა კოლეგებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რომელიც უნდა დაფასდეს უელსის ნატო-ს სამიტზე. მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გაესვა თავად დაფასების ფორმას. აღინიშნა, რომ დაფასება მოხდება არა მხოლოდ ფორმალურად დეკლარაციაში ჩანაწერით, რომ საქართველო მუდმივად განიცდის პროგრესს, არამედ იმ კონკრეტული გადაწყვეტილებებით, რომელიც საქართველოს კიდევ უფრო დაახლოებს ნატო-სთან. ასევე, ხაზი გაესმება იმას, რომ საქართველოს სვლა ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არის შეუქცევადი“, - აღნიშნა ლევან დოლიძემ.
თავდაცვის მინისტრი დარწმუნებულია, რომ ნატოში ინტეგრაციის გზაზე მომდევნო ლოგიკურ საფეხურს მივაღწევთ. ირაკლი ალასანიას განცხადებით, ქვეყანას ნატოსთან კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა სურს.
„ჩემთვის გადამწყვეტი არა სიტყვების შერჩევა, არამედ საქმეა. ვისურვებდით, რომ ნატო სამხედრო კუთხით საქართველოში უფრო მეტად გამოჩნდეს, მეტად იყოს წარმოდგენილი, მეტად დაგვეხმაროს და სწავლებები ჩაატაროს. ეს ყველაფერი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას შეუწყობს ხელს. მე, როგორც თავდაცვის მინისტრი, ამჟამად რუსეთისგან სამხედრო აგრესიის საფრთხეს ვერ ვხედავ, მაგრამ საქართველოში ბევრ ადამიანს რუსეთის აგრესიის საფრთხე აშფოთებს“, - აცხადებს ირაკლი ალასანია.
აშშ-ის ელჩის განმარტებით, არსებობს საერთაშორისო საზოგადოების მზადყოფნა, უელსში გამართულ ნატო-ს სამიტზე ხაზი გაესვას საქართველოს მიერ მიღწეულ საგრძნობ პროგრესს. როგორც ელჩმა განმარტა, გამოიკვეთება, რა ფორმით იქნება აღიარებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, როცა საქმე ეხება ნატო-ს წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმების დაკმაყოფილებას.
„საქართველომ ხელი მოაწერა ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას. ეს კი მოგეხსენებათ, კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო საქართველოსთვის ევროატლანტიკური უსაფრთხოებისა და ეკონომიკური სტრუქტურების ინტეგრაციის გზაზე. რაც უფრო ვუახლოვდებით უელსის ნატო-ს სამიტს, მით უფრო გამოიკვეთება, რა ფორმით იქნება აღიარებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი, როცა საქმე ეხება ნატო-ს წევრობისთვის აუცილებელი კრიტერიუმების დაკმაყოფილებას“, - აღნიშნა რიჩარდ ნორლანდმა.