[თეონა ხარაბაძე]
მთავრობა პოლიგრაფიულ საწარმოებს ახალ ვალდებულებებს აკისრებს. ეს ვალდებულება იმას გულისხმობს, რომ დამცავი ნიშნის მქონე პროდუქცია მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტაციად ჩაითვლება და მისი წარმოებისთვის იმ წესების დაცვა იქნება საჭირო, რაც ამ სახის დოკუმენტაციებისთვის არის დადგენილი.
ამასთან დაკავშირებით ცვლილება “მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” კანონში შედის. კანონპრეოქტის ავტორი შინაგან საქმეთა სამინისტროა, ინიცირება კი მთავრობის სახელით მოხდა.
კანონპროექტის თანახმად, პოლიგრაფიულ საწარმოს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს პროდუქციაზე დაატანოს სამი ან მეტი დამცავი ნიშანი, სახელმწიფო საიდუმლოებასთან დაკავშირებული საქმიანობის უფლება დასჭირდება.
კანონპროეტქის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ ცვლილება მკაცრი აღრიცხვის ფორმების შემუშავების, დამზადების, შენახვისა და გამოყენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის, წესრიგის დამყარებისა და საწარმოს მიერ კანონსაწინააღმდეგო ქმედებების თავიდან აცილების მიზნით ხორციელდება.
“ინიციატივის თანახმად, თუკი პოლიგრაფული საწარმო ფლობს შესაძლებლობას, რომ პროდუქციაზე დაიტანოს სამი ასეთი დამცავი ნიშანი, მას უნდა ჰქონდეს ყველა საშუალება იმისა, რაც დაკავშირებულია ამ დოკუმენტების დაცვასთან, რათა ეს დოკუმეტაცია არ მოხვდეს მესამე ხელში და არ მოხდეს ამ დოკუმენტაციით უკანონოდ სარგებლობა და მისი ბოროტად გამოყენება. ეს არის საწარმოს არჩევანი, როდესაც იგი ამ ტიპის დოკუმენტებთან მუშაობას დაიწყებს, უნდა დაიცვას შესაბამისი უსაფრთხოების პირობები”, - აცხადებს გია ხუროშვილი.
აღსანიშნავია დაცვის მექანიზმების აუცილებლობაზე ოპოზიციაც საუბრობს. თუმცა, როგორც საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი გია ცაგარეიშვილი აღნიშნავს, “ამ შემთხვევაში მთავარი ის არის, ამ საწარმოებს კონკრეტულად რა ვალდებულებების შესრულება დაეკისრებათ და, რაც მთავარია, ეს მათ საქმიანობაზე რა ფინანსურ გავლენას იქონიებს”.
აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ეს ინიციატია დამატებით ხარჯებს არც ბიუჯეტიდან გამოიწვევს და მეტი თანხა არც ბიუჯეტში შევა. რაც იმას ნიშნვს, რომ საწარმოებისთვის ეს ინიციატივა ფინანსურ სანქციას არ ითვალისწინებს.
მთავრობის საპარლამენტო მდივანი კი განმარტავს, რომ “ისეთ საწარმოებს, რომლებიც გადაწყვეტენ, რომ ამ სახის პროდუქცია აწარმოონ, მათ მოუწევთ მხოლოდ სათანადო უსაფრთხოების ნორმების დაცვა და საამისო პირობები გაწერილია “მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების” შესახებ კანონში. ეს საქმიანობა მხოლოდ ამ პირობებით შეიძლება განხორციელდეს”.
თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ კანონში უკვე გაწერილია, ვის აქვს უფლება, დაამზადოს მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომლებიც, თავისი დანიშნულებითა და დაცვის მექანიზმებით სხვადასხვა კატეგორიას განეკუთვნება.
პირველი კატეგორია არის “განსაკუთრებით დაცული” და ასეთ კატეგორიას განეკუთვნება ის მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთაც აქვთ 7 ან მეტი დამცავი ნიშანი; მეორე კატეგორია - “დაცული”. ასეთ კატეგორიას განეკუთვნება ის მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთაც აქვთ 4-6 დამცავი ნიშანი; გ) მესამე კატეგორია - “მარტივი ტიპის”. ასეთ კატეგორიას განეკუთვნება ის მკაცრი აღრიცხვის ფორმები, რომელთაც აქვთ არა უმეტეს 3 დამცავი ნიშანი.
როგორც ჩანს, საუბარია სწორედ მარტივი ტიპის დოკუმენტაციაზე. მაგრამ, საინტერესო ის არის, რომ დღეს ამ ტიპის დოკუმენტაციის წარმოებისთვის შედარებით მსუბუქი წესები არსებობდა.
კანონმდებლობით, პოლიგრაფიული საწარმოების კატეგორიები პოლიგრაფიული საწარმოები, მათი ტექნოლოგიური პროცესების ხარისხისა და დონის გათვალისწინებით, იყოფა შემდეგ კატეგორიებად: პირველი კატეგორია - ასეთ პოლიგრაფიულ საწარმოებს უფლება ეძლევათ დაბეჭდონ ყველა სახის მკაცრი აღრიცხვის ფორმები; მეორე კატეგორია - ასეთ პოლიგრაფიულ საწარმოებს უფლება ეძლევათ დაბეჭდონ 3-6 დამცავი ნიშნის მქონე დოკუმენტები და მესამე კატეგორია - ასეთ პოლიგრაფიულ საწარმოებს უფლება ეძლევათ დაბეჭდონ მხოლოდ 3-მდე დამცავი ნიშნის მქონე მკაცრი აღრიცხვის ფორმები.
პოლიგრაფიული საწარმოები კი იმისთვის, რომ მიეცეთ ამ დოკუმენტაციის დაბეჭდვის უფლება, უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს: ა) აღნიშნული კატეგორიების მიხედვით ჰქონდეთ პროდუქციის დასამზადებლად განკუთვნილი სპეციალური პოლიგრაფიული მოწყობილობები; ბ) ფლობდნენ პროდუქციის დამზადების შესაბამის სპეციალურ ტექნოლოგიურ პროცესებს, ორიგინალების, ნიმუშების, საბეჭდი ფორმების ბეჭდვის, მათი ნუმერაციისა და დამუშავების ჩათვლით (სპეციალური ტექნოლოგიები, მასალები, მოწყობილობები დაკონტროლის მეთოდები უნდა უზრუნველყოფდნენ პროდუქციის საჭირო დაცვას გაყალბებისა და არასანქცირებული ტირაჟირებისაგან); გ)ჰყავდეთ პოლიგრაფიული პროფესიის სპეციალისტები; დ)უზრუნველყოფდნენ დამზადებული პროდუქციის დაცვას სპეციალური ტექნიკური და ორგანიზაციული საშუალებებით.
ამასთან, პოლიგრაფიული საწარმოს ფართობი უნდა აკმაყოფილებდეს საწარმოს დაცვის მოთხოვნებს, კერძოდ: ა)გარდერობი უნდა განლაგდეს და მოეწყოს ისე, რომ გამოირიცხოს საწარმოდან ნაბეჭდი პროდუქციის კონტროლის გარეშე გატანა; ბ)საწარმო უზრუნველყოფილი უნდა იყოს ენერგოკვების ალტერნატიული წყაროთი - გენერატორით; გ) სასაწყობო ფართობები ნედლეულისა და მზა პროდუქციისათვის უნდა იყოს განცალკევებული; დ) უნდა არსებობდეს კლიენტის მომსახურების ოთახი.
მაგრამ საინტერესო ის არის, რომ ამ წესების შესრულება იმ პოლიგრაფიულ საწარმოებს, რომლებიც დამცავი ნიშნის მქონე პროდუქციას უშვებენ, აქამდეც ევალებოდათ წესების დაცვა. მათ შორის იმ საწარმოებსაც, რომლებიც სამი და მეტი დამცავი ნიშნის მქონე პროდუქციას გამოუშვებენ. ამიტომაც გაუგებარია, მთავრობა რის დახვეწას ითხოვს.