მილიარდერთა რიცხვი სარეკორდოდ გაიზარდა

მილიარდერთა რიცხვი სარეკორდოდ გაიზარდა

პოპულარულმა საქმიანმა გამოცემა Forbes-მა გამოაქვეყნა მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა ახალი ტრადიციული რეიტინგი. მასში განსაკუთრებით საინტერესო ის არის, რომ გასული, 2010 წლის შედეგების მიხედვით იმ ბიზნესმენთა რიცხვი, რომელთა ქონება მილიარდ ამერიკულ დოლარზე მეტია, გაიზარდა და 1210 შეადგინა. ეს კი რეიტინგის არსებობის 25 წლიანი ისტორიის მანძილზე დაფიქსირებული მაქსიმალური მაჩვენებელი გახლავთ. და ეს მიუხედავად კრიზისისა და მისი შემდგომი მოვლენებისა.

 

Forbes-ის რეიტინგში კიდევ სხვა რეკორდიც დაფიქსირდა. კერძოდ, პირველად მილიარდერთა საერთო კაპიტალმა 4,5 ტრილიონი დოლარი შეადგინა. თანაც, გასული წლის განმავლობაში არა მარტო მდიდარი ადამიანების რიცხვმა მოიმატა, არამედ, მილიარდერები კიდევ უფრო გამდიდრდნენ.

 

ლიდერთა სამეული უცვლელი დარჩა. რეიტინგს სათავეში კვლავ მექსიკელი სატელეკომუნიკაციო მაგნატი კარლოს სლიმ ელუ უდგას, რომელმაც რეიტინგში ამერიკელთა მრავაწლიანი ჰეგემონია შარშან დაამხო. თანაც, მისმა პირადმა კაპიტალმა ერთი წლის განმავლობაში 20,5 მილიარდით მოიმატა და ახლა 74 მილიარდ დოლარს შეადგენს.

 

მეორე და მესამე ადგილზე მყოფი ამერიკელების ბილ გეითსის და უორენ ბაფეტის ქონება კი სულ რაღაც 3-3 მილიარდით გაიზარდა და ამჟამად Microsoft-ის დამაარსებელი 56, ხოლო ლეგენდარული, 80 წლის ინვესტორი კი 50 მილიარდ დოლარს ფლობს. მეოთხე 41 მილიარდით ფრანგი ბერნარ არნო გახლავთ, მეხუთე კი ამერიკელი ლარი ელისონი, რომლის ქონება 39,5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

 

ზემოთ ჩამოთვლილთა გარდა ათეულში აგრეთვე შევიდნენ აზიის უმდიდრესი ადამიანი, “ფოლადის მაჰარაჯად” წოდებული ინდოელი ლაკშმი მიტალი (31,1 მილიარდი), განთქმული Zara-ს მეპატრონე, ესპანელი ამანსიო ორტეგა (31 მილიარდი), ბრაზილიელი ნავთობმაგნატი ეიკე ბატისტა (30 მილიარდი), კიდევ ერთი ინდოელი მუკეშ ამბანი (27 მილიარდი) და პლანეტის უმდიდრესი ქალბატონი, მსოფლიოს უმსხვილესი სავაჭრო ქსელის Walmart-ის მემკვიდრეობითი მფლობელი კრისტი უოლტონი, რომლის აქტივები 26,5 მილიარდ დოლარადაა შეფასებული.

 

უმდიდრესი ახალგაზრდა Facebook-ის დამაარსებელი მარკ ცუკერბერგი გახლავთ. იგი ჯერ მხოლოდ 26 წლის არის და 13,5 მილიარდი დოლარის აქტივების მეპატრონეა. ყველაზე მხცოვანი მილიარდერი კი შვეიცარელი უოლტერ ჰეფნერია. იგი 100 წლისაა და 4 მილიარდის მფლობელია. შემდეგ მოდის ლეგენდარული დინასტიის შთამომავალი, მენავთობე და ბანკირი, 95 წლის დავიდ როკფელერი 2,4 მილიარდით.

 

ყოფილი საბჭოეთის წარმომადგენელთაგან ყველაზე მდიდარი რუსი ვლადიმერ ლისინია, რომელიც 24 მილიარდი დოლარით მეთოთხმეტე ადგილზე გავიდა. რეიტინგში ასევე რუსეთის სახელით მოხვედრილი ერთადერთი ჩვენი თანამემამული ბორის (ბიძინა) ივანიშვილი კი 185-ე გახლავთ. შარშანდელთან შედარებით მისმა კაპიტალმა მოიმატა და 5,5 მილიარდი დოლარი შაედგინა.

 

ყველაზე მეტი, 421 მილიარდერით რეიტინგში აშშ გახლავთ წარმოდგენილი. ამ თვალსაზრისით მეორე ჩინეთია, რომელსაც 115 მილიარდერი ჰყავს. მესამე კი 100 მილიარდერით რუსეთია. საერთოდ, უნდა ითქვას, რომ ძალიან გაიზარდა განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენლობა. ეს გასაკვირი არც არის, ამ ქვეყნების შიდა პროდუქტის მოცულობა ხომ ბევრად სწრაფად იზრდება და ბიზნესმენებსაც მეტი გასაქანი აქვთ.