ასოცირებული წევრობა გარდა იმისა, რომ პოლიტიკურად უმნიშვნელოვანესი საკითხია, ქართული ეკონომიკის წინ განუსაზღვრელ პერსპექტივებს აჩენს და რა სარგებელს მოუტანს ქვეყანას, ამაზე ბევრი საუბარი შეიძლება. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულები ხელმოწერის ეტაპიდან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები ახალ ფაზაში შევა. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება ამ ურთიერთობებში იქნება ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, რომელიც საქართველოს პროდუქციას ევროპის ბაზარზე ახალ და მნიშვნელოვან პერსპექტივებს გაუჩენს.
ევროკავშირი დღესაც საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. მისი წილი იმპორტის საერთო რაოდენობაში 30%-ს, ხოლო ექსპორტის ნაწილში20 %-ს შეადგენს.
როგორც ექსპერტები აცხადებენ, დღეს ევროკავშირთან ვაჭრობაში (განსაკუთრებით, სასოფლო-სამეურნეო სფეროში) არსებობს ხელისშემშლელი ფაქტორები, რაც მაღალი ტარიფებითა და სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებებით არის გამოწვეული.
ამ კონტექსტში, შეთანხმება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ, სავარაუდოდ, მნიშვნელოვნად შეამცირებს სავაჭრო ბარიერებს ქართული პროდუქციის გატანისას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს მეტი სახეობის პროდუქცია გავიდეს ევროკავშირის ქვეყნებში.
წინასწარი გათვლებით, შეთანხმების ამოქმედების შედეგად მიღებული ეკონომიკური სარგებელი მთლიანი შიდა პროდუქტის 6,5%-მდე გაზრდას გამოიწვევს. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოდან ექსპორტის მოცულობა 13.5 %-ით გაიზრდება.
არსებობს ასევე ტექნიკური სავაჭრო ბარიერები, ტექნიკური რეგულაციები, სტანდარტები, გეოგრაფიული აღნიშვნები და სერტიფიცირების პროცედურები. ეს ბარიერები განსხვავდება ქვეყნების მიხედვით და ნაკლებად თვალსაჩინოა, სატარიფო ბარიერებთან შედარებით. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქტებს ეხება, რომლთაც უნდა დააკმაყოფილონ სანიტარული და ფიტოსანიტარული ნორმები, თუმცა ექსპერტი პაატა შეშელიძე თვლის, რომ ეს საკითხიც მოგვარებადია.
პაატა შეშელიძე თვლის, რომ ეს არის შესაძლებლობა და არა გარანტია - ტარიფები უმრავლეს შემთხვევაში თითქმის გაუქმდება, ასევე რაოდენობრივი შეზღუდვების გაუქმება პერსპექტივას შეუქმნის ქართულ წარმოებას, რომ ევროპული ბაზარი აითვისოს.
შეშელიძის აზრით, მოგვიანებით სავიზო რეჟიმის გამარტივება ასევე ბევრს მისცემს საშუალებას, რომ ევროპაში უპრობლემოდ გაემგზავროს იმკურნალოს, ისწავლოს და ა.შ. ანუ ეს ყველაფერი არის გამარტივებისკენ გადადმული ნაბიჯი, რაც შეუქმნის ინვესტორებს მოტივაციას, საქართველოში აწარმოონ პროდუქცია, რომელიც ევროპაში გაიყიდება.
„საქართველო შესაძლოა იყოს უფრო მიმზიდველი ქვეყანა იაფი მუშახელის და სხვა ფაქტორების გამო. მეორე ნაწილია, რომ დროთა განმავლობაში უნდა დავაკმაყოფილოთ რეგულირებების თვალსაზრისით მათი მოთხოვნები, მაგრამ აქაც არის რეზერვი იმისა, რომ ყველა მოთხოვნა ისე მკაცრი არ იქნება. ეს იქნება დიალოგის, დისკუსიის და კონსენსუსის საგანი. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, რომ ამაში პოზიტივი უფრო მეტი იქნება, ვიდრე ნეგატივი“, - მიიჩნევს შეშელიძე.
კიდევ ერთი პრობლემა, რომელზეც ეკონომისტები ამახვილებენ ყურადღებას, ეს არის ქართული პროდუქციის ხარისხი, თუმცა მათი მოსაზრებით, არსებობს პერსპექტივა, რომ ეს პრობლემაც დაიძლიოს.
ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე თვლის, რომ საქართველოს შეუძლია უკვე თამამად შევიდეს ევროპაში და გამოიყენოს ეს ბაზარი. თვალჭრელიძე მიიჩნევს, რომ უნდა შევძლოთ და ვაწარმოოთ კონკურენტუნარიანი პროდუქცია, გამოვიყენოთ ბაზარი, სადაც 500 მილიონი მდიდარი ადამიანი ცხოვრობს, რომელსაც მაღალი მსყიდველობითი უნარი აქვს.
„გვაქვს გამოწვევები და შესაძლებლობები. უნდა შევძლოთ და ავწიოთ ჩვენი პროდუქციის ხარისხი საერთაშორისო დონემდე. ღვინის ხარისხი ხომ ავწიეთ, ორ წელიწადში, სხვა პროდუქციის ხარისხიც უნდა ავწიოთ სათანოდო დონემდე“, - აცხადებს სანდრო თვალჭრელიძე.
ექსპერტი ემზარ ჯგერენაია თვლის, რომ საქართველო ინვესტორებისთვის საბოლოოდ გაიხსნება.
ემზარ ჯგერენაია: „საკმაოდ დიდი, წინგადადგმული ნაბიჯია, მინდა მივულოცო ჩემს ქვეყანას. დიდხანს მივდიოდით აქეთკენ. მოკლედ რომ ვთქვა, დღეს საქართველო გახდა დიდი. პირველ რიგში, როდესაც ინვესტორი სწავლობდა საქართველოს ეკონომიკას, საქართველოს ბაზარს და იღებდა გადაწყვეტილებას, ინვესტიცია ჩაედო თუ არ ჩაედო, ის ყოველთვის ეყრდნობოდა იმ რეალობებს, რაც ჰქონდა საქართველოს თავისი ცხოვრების დონიდან, ეკონომიკური მდგომარეობიდან, გამომდინარე. დღეს ჩვენ ფაქტობრივად, შევუერთდით ევროპას, და როდესაც ინვესტორი საქართველოს განიხილავს, ეს იქნება არა მცირე საქართველო, პატარა ბაზრით, არამედ დიდი საქართველო, დიდი ბაზრით. ეს არის ყველაზე დიდი მიღწევა, რაც კი ჰქონია საქართველოს. ეს არის ჩვენთვის სერიოზული ძალა, რომელიც განავითარებს ამ ქვეყანას“.
ევროპასთან ვაჭრობა და ურთიერთობა საკმაოდ მნიშვნელოვანია ბევრი წარმატებული ქვეყნისთვის, მაგრამ იქ არის რეგულაციის ის დონეები, რომელიც ზღუდავს მიწოდებას, ექსპორტს. ამიტომ, როგორც ჯგერენაია მიიჩნევს, აუცილებელად მოუწევთ ინვესტორებს საქართველოში თავისი ბიზნესების გადმოტანა, რომ საქართველოდან მერე შევიდნენ ევროპაში. ემზარ ჯგერენაია თვლის, რომ ეს არის მეორე დიდი პერსპექტივა - ამ შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკის განვითარებისა და ქართული ბიზნესის განვითარების ერთიან ჯამს უკვე დაემატება ევროპული ბიზნესის ჯამი, ანუ ქართული ბიზნესის განვითარებაზე საერთაშორისო ბიზნესწრეები უფრო აქტიურად იზრუნებენ.
„მესამე, ეს არის წმინდა ადამიანური საკითხი, როდესაც თავისუფლად გადაადგილდება ქართველი ევროპაში და გაეცნობა ევროპულ ღირებულებებს, ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი მოვლენაა იმისათვის, რომ გავხდეთ ფსიქოლოგიურად ევროპელები. უკვე ოცი წელია, ვებრძვით რუსულ ზეგავლენას ქართულ ეკონომიკაზე, ვცდილობთ, საგარეო ვაჭრობის ვექტორი შევცვალოთ და სიმყარე შემოვიტანოთ ქართულ ბიზნესში. ბიზნესი ერთი დღით არ იგეგმება, ის იგეგმება რამდენიმე ათეული წლის გათვალისწინებით და ევროპასთან ურთიერთობა იმ სიმყარეს შეგვძენს, რომლის დახმარებითაც დღეიდან უკვე თამამად შემოვა ინვესტიციები საქართველოში“, - აცხადებს ემზარ ჯგერენაია.
პაატა შეშლიძე მიიჩნევს, რომ ეს მნიშვნელოვანია პოლიტიკური თვალსაზრისითაც, რაც გულისხმობს, რომ ეს არის ორიენტაცია, დამოკიდებულება, დიალოგის და თანამშრომლობის კულტურა და ა.შ.
„ანუ ჩვენი ამოცანაა, დღეს საქართველო რაღაც რელსზე დავაყენოთ და სწორედ ეს შესაძლებლობა იშლება ჩვენს წინაშე“, - აცხადებს შეშელიძე.
საზოგადოების ერთ ნაწილში აქტიურად მსჯელობენ, რომ ევროკავშირის ასოცირებული წევრობა გარკვეულ ვალდებულებებს გვაკისრებს, რაც საბოლოოდ, ქართული ეკონომიკის შეფერხებას გამოიწვევს. ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ნაწილს ამის დასტურად ბულგარეთის და რუმინეთის მაგალითი მოჰყავთ. თუმცა პაატა შეშელიძე მიიჩნევს, რომ მსგავსი მიდგომა აბსურდია.
პაატა შეშელიძე: „ყველა ქვეყანა, რომელმაც კი ევროკავშირთან ითანამშრომლა სხვადასხვა, მათ შორის, ასოცირების ფორმით, ეკონომიკურად წინ წავიდა. არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ ევროპის კავშირთან გაწევრიანების შემდეგ რომელიმე ქვეყანა ეკონომიკურად უკან წასულიყოს. ამიტომ ვფიქრობ, საქართველოც სერიოზულად შეძლებს ამ შანსის გამოყენებას. ეს არის დიდი ბაზარი, ახალი ცოდნა, გამოცდილება და ა.შ. ბევრ ადამიანს გაუჩნდება უფრო მეტი შანსი, ვიდრე დღეს აქვს.
არ შეიძლება ბულგარეთის მაგალითი მოიყვანო ამ ფორმატში, ბულგარეთი არის ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანა. მას შემდეგ, რაც ბულგარეთი და რუმინეთი ევროპის კავშირში გაწევრიანდნენ, მათი ეკონომიკა მნიშვნელოვნად გაზრდილია. ყოველგვარ ლოგიკას მოკლებულია მსგავსი მოსაზრება, რომ ევროპა ეკონომიკას აფერხებს“.
თუმცა დიდი პერსპექტივების პარალელურად, არის კიდევ ერთი თემა, რაც ყურადრების ღირსია. როგორც შეშელიძე მიიჩნევს, მთავარია, რამდენად ადეკვატური და გამართული ეკონომიკური პოლიტიკა იქნება თვითონ ქვეყნის შიგნით.
„თუ საქართველოში ყველაფერი რიგზე იქნა, პერსპექტივა საკმაოდ მაღალი იქნება, თუ აქ დაიწყე ბაზრის განვითარების, მისი თავისუფლების შეზღუდვა, თუ ხელი შუშალე საკუთრებას, მიწა შეუზღუდე უცხოელს, რა თქმა უნდა, პერსპექტივა იქნება დაბალი. როდესაც კარს გიღებენ, უნდა შეხვიდე, თუ სხვადასხვა მიზეზებით არ შედიხარ, კარი ღია დარჩება, მაგრამ ვერ შეხვალ. ეს ავტომატურად არ ხდება და ევროპის კავშირი ყურით არ გატარებს, ჩვენ უნდა შევიდეთ ამ ღია კარში. ზოგ ქვეყანას უფრო სწრაფად ჰქონდა წინსვლა, ზოგს - შედარებით გვიან და ეს სწორედ შიდა პოლიტიკაზე იყო დამოკიდებული. თუმცა არც ერთი ქვეყნის შემთხვევაში არ მომხდარა ის, რომ მისი ეკონომიკა გაუარესებულიყოს“, - აცხადებს პაატა შეშელიძე.