„მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“...

„მე ვარ ქართველი, მაშასადამე, ვარ ევროპელი“...

„მე ვარ ქართველი და, მაშასადამე, ვარ ევროპელი“, - ამ სიტყვებით მიმართა 1999 წლის 27 იანვარს ევროპელ კოლეგებს ზურაბ ჟვანიამ, რომელიც დღეს ირაკლი ღარიბაშვილმა ხელმოწერით გაამყარა. საქართველოსთან ერთად, ევროკავშირის ასოცირებული წევრი უკრაინა და მოლდოვა გახდა. რაც შეეხება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ვადებს, პრემიერ-მინისტრის აზრით, ვადები დამოკიდებულია იმაზე, რამდენად სწრაფად გაატარებს საქართველო რეფორმებს.

„მე ვფიქრობ, რომ საქართველოსთვის კარები უკვე გაღებულია და ხელმოწერა ამის ნათელი მაგალითია. ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენზე. აბსოლუტურად მზად ვართ შევასრულოთ ყველა რეფორმა, რომ დავაკმაყოფილოთ ყველა მოთხოვნა“, - აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ასოცირების ხელშეკრულებას, ბათუმში მიმდინარე თავდაცვისა და უსაფრთოების კონფერენციიდან გამოეხმურა საქართველოს პრეზიდენტი.

„ეს ხელშეკრულება თითოეულ ქართულ ოჯახს ბევრ კარგს მოუტანს. ასოცირების ხელმოწერის მომენტიდან ჩვენ უკვე გაცხადებულ საგარეო პოლიტიკურ კურსს კიდევ უფრო გავაღრმავეთ და ვიმუშავებთ, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის ნამდვილი წევრი. ვფიქრობ, რომ ეს ისტორიული მომენტია. საქართველო ხდება უფრო დაახლოებული ევროპულ ოჯახთან. ეს გამოიხატება ჩართულობით ეკონომიკების დაახლოების თვალსაზრისით, ჩვენ აგრეთვე ჩავერთვებით ევროპული უსაფრთხოების სისტემაში“, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ეს არის ისტორიული ხელმოწერა, რომელსაც მოყვება საქართველოსთვის კარის გაღება ევროპულ ოჯახში თავის დასამკვიდრებლად. ირაკლი ალასანია ამბობს, რომ გზა, რომელიც აირჩია საქართველომ შეთანხმებაზე ხელმოწერიდან იქნება ხელშეუვალი და გაგრძელდება მწყობრად და მიზანმიმართულად სრულ ინტეგრაციამდე.

„მიზანმიმართულად ძლიერდება ეკონომიკური, ენერგო და თავდაცვის უსაფრთხოების საშუალებები. ამ ხელმოწერის შემდეგ პარლამენტების მიერ რატიფიცირებას და ამოქმედებას წინ ვერაფერი დაუდგება. ჩვენ ვართ ძალიან ფრთხილი და მოზომილი, აბსოლუტურად სწორი პოლიტიკის მიმდევრები რუსეთთან მიმართებაში. არ ვაძლევთ არავის მიზეზს, რომ საქართველო გახდეს ესკალაციის მიზეზი, მაგრამ მიზანმიმართულად ვაძლიერებთ როგორც ჩვენს ეკონომიკურ და ენერგო უსაფრთხოებას, ასევე თავდაცვის შესაძლებობებს. ეს არის ის მაგალითი, რომელიც სხვა ქვეყნებმაც უნდა გადაიღონ ჩვენგან“, - აღნიშნა ირაკლი ალასანიამ.

პოლიტოლოგ სოსო ცისკარიშვილის შეფასებით თუ არ ვიზარმაცებთ ვიქნებით კმაყოფილი, ხოლო თუ ისევ პატრონის მოლოდინში და მის იმედად გვინდა დავრჩეთ, მაშინ უკმაყოფილება უფრო თვალსაჩინო იქნება. მისვე განცხადებით, საქართველომ უნდა გამოიყენოს ყველა შესაძლებლობა, განათლების, ჯანდაცვის სისტემების და დემოკრატიის ხარისხის ამაღლების კუთხით.

„არის კითხვა, რა სარგებელი იქნება ამ ხელმოწერით? თუ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხვალ და ზეგ სულ ყველას გაგვევსება ჯიბეები ევროთი, რასაკვირველია, იმედგაცრუება იქნება გარდაუვალი. მაგრამ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი არის გამოვიყენოთ ყველა ის ახალი შესაძლებლობა, რასაც ვიღებთ ასოცირების ხელშეკრულებით. ეხება ეს დემოკრატიის ხარისხის უფრო მაღალ დონეზე აყვანას ქვეყანაში, ეხება ეს განათლების, ჯანდაცვის სისტემების უფრო მაღალ სტანდარტებს“, - აღნიშნა სოსო ცისკარიშვილმა.

მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობა ზეიმით აღნიშნავდა ევროკავშირთა ასოცირების ხელმოწერას, „ევრაზიული არჩევანის“ წევრებმა საპროტესტო მსვლელობით გააპროტესტეს ქვეყნის ევროკავშირთან ასოცირება. არჩილ ჭყოიძე პროგნოზირებს რუსეთთან ურთიერთობის დაძაბვას.

„ასოცირების ხელშეკრულებაზე ძალიან ბევრ ქვეყანას აქვს მოწერილი ხელი, მათ შორის, თურქეთს - 60 წლის წინ. ეს ხელშეკრულება არაფრის მომცემი არ არის. ეს დაძაბავს სიტუაციას რუსეთთან. არაა გამორიცხული, რომ აფხაზეთმა და სამაჩაბლომ გამოაცხადონ რეფერენდუმი და შეუერთდნენ რუსეთს“, - ასკვნის არჩილ ჭყოიძე.