პიარის გაკვეთილები ქვემო ქართლიდან

პიარის გაკვეთილები ქვემო ქართლიდან

შაშკინს  “იმედი”  აღარ ახსოვს

გუშინ რუსთავს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი, დიმიტრი შაშკინი სტუმრობდა. მასპინძელი რუსთავის პროფესიული კოლეჯი  “მოდუსი” იყო. მინისტრის მოსვალმდე, “მოდუსის” სახელოსნოებში აქტიურად ემზადებოდნენ -სპეციალურ  ფორმებში ჩაცმული ახალგაზრდები სხვადასხვა დარბაზებში თავისი სპეციალობის შესაბამის დანადგარებთან, მუშაობის იმიტაციას ქმნიდნენ. მათი უმრავლესობა ღიმილს ვერ იკავებდა. “გაჩერდი, იმდენს უჩხიკინებ, მართლა რამეს მოაძრობ” - შენიშნვას აძლევდნენ განსაკუთრებულად მონდომებულ შეგირდებს. 

 

“მოდუსი” შეეცადა იმ სპეციალობების დემონსტრირება მოეხდინა, რომელსაც ასწავლის. შაშკინის მთელი ვიზიტის განმავლობაში შემდუღებლებს მუშაობა არ შეუწვეტიათ. მინისტრმაც კომენტარი “სვარკის” ნაპერწკლების ფონზე მისცა. იდეა ჩვენი ტელე-კოლეგების იყო - ინტერვიუ საწარმოო ხმაურის ფონზე სურდათ.

 

”განათლების სამინისტრომ რუსთავის პროფესიული კოლეჯის სრული რეაბილიტაცია განახორციელა და თანამედროვე აპარატურით და ახალი ტექნოლოგიების შესაბამისი მანქანა-დანადგარებით აღჭურვა. არსებული სასწავლო ბაზა საშუალებას იძლევა, პრაქტიკული მეცადინეობები საწარმოსთან მიახლოებულ პირობებში ჩატარდეს. სტუდენტები 15 სპეციალობას ეუფლებიან და ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ მათ პოტენციურ დამსაქმებლებთან” – განაცხადა დიმიტრი შაშკინმა.

 

კამერების ყუარღენის ცენტრში შემდუღებლების გარდა, ელექტოხელსაწყოების  და ავტომანქანის შემკეთებლებიც მოხვდნენ. მინისტრის წასვლის შემდეგ მათი ჩაწერა ვეცადეთ, თუმცა სულ რაღაც 5 წუთში ახალგაზრდების უმრავლესობას ფორმების გახდა და შენობიდან გასვლა უკვე მოესწროთ. სასაუბროდ ახალგაზრდების მცირე ჯგუფი შენობის უკანა ბაწილში დავიჭირეთ.

 

“მანქანის შემკეთებელი ვიქნები. 6 თვე უნდა უნდა ვისწავლოთ, შემდეგ თბილისში გამაგზავნიან პრაქტიკაზე და ვნახოთ, რა გამოვა. მომავალში, თუ ჩემი სპეციალობით გამოჩნდება სამსახური აუცილებლად ვიმუშავებ” – გვითხრა კოლეჯის სტუდენტმა, გიორგი წიკლაურმა.

 

თავისი მხრივ, ქვემო ქართლის გუბერნატორმა – დავიტ კირკიტაძემ,  მადლობა გადაუხადა მინისტრს სტუმრობისთვის და დასძინა, რომ ასეთი საწარმოები მოქალაქეების დასაქმებისთვის უმნიშვნელოვანესია.

 

თუმცა, რატომღაც არც რეგიონის გუბერნატორს და არც დიმიტრი შაშკინს არ გახსენებიათ, რომ გასულ წელს, ასეთივე დანიშნულების პროფესიული სასწავლებელი “იმედი” თავად დახურეს და 30 რუსთაველი უმუშევარი დატოვეს. 

 

რუსთავის საკრებულო 99 000 ლარს ქარს ატანს

რუსთავის საკრებულომ თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 99 000ლარი, რუსთაველებისთვის კომპიუტერის და ინგლისურის სწავლების პროგრამისთვის გამოყო. პროგრამის თანახმად, კომპიუტერის დაუფლების მსურველთათვის სწავლება - ერთი ხოლო ინგლისურის შემსწავლელთათვის - სამი თვე გაგრძელდება,

 

მიუხედავად, იმისა, რომ ასეთი პროგრამის არაეფექტურობაზე ბევრს საუბრობენ, ქალაქის თვითმმართველობა პოზიციას არ იცვლის და ისედაც მწირ ბიუჯეტს მას ახმარს. 

 

“ეს არ არის მოსახლეობის დასაქმების პროგრამა. ჩვენ, უბრალოდ, ვცდილობთ მოქალაქეებს შევძინოთ ის უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარება დასაქმებაში. აქ არ არის საუბარი აკადემიურ ცოდნაზე. საუბარია ელემენტარული უნარ-ჩვევების შეძენაზე” – საუბრობს რუსთავის საკრებულოს თავჯდომარე, კახა გურგენიძე.

 

ის, რომ ქალაქში დღეს მრავლადაა კომპიუტერის და ინგლისურის მცოდნე უმუშევარი კადრი, რუსთავის საკრებულოს წევრებმაც კარგად იციან. თითოეულ მათგანთან დასაქმების მსურველი ასობით ახალგაზრდა მიდის. მათ  ნაწილს, განათლება უცხოეთშიც აქვს მიღებული.

 

“რამდენჯერმე ვიყავი მისული მერიაში. ჩემი მონაცემები და რეზიუმე დავტოვე. ეკონომიკური მაქვს დამთავრებული, საბუღალტრო კურსები ლიტვაში გავიარე. ინგლისური და რუსული ვიცი, მაგრამ სამსახურს ვერსად ვშოულობ. მერიაში მითხრეს ვერ აგიყვანთ, რადგან შემცირებები მალე ჩვენთანაც იწყებაო.” - საუბრობს 27 წლის ვერიკო ჯიქია.

 

საკრებულოს წევრისთვის, ალექსანდრე ახვლედიანისთვს გაუგებარია, როგორ მისცემს ინგლისური ენის სამთვიანი კურსი მოქალაქეს ენის ცოდნის საჭირო დონეს.

 

“როცა ესა, თუ ის კომპანია ამბობს, რომ ინგლისურის მცოდნე კადრი სჭირდება, ის სამთვიან კურსგავლილ ადამიანს არ აიყვანს. ის, რომ ენის სწავლა ასე ადვილად არ ხდება ყველამ კარგად იცის. ამ პროგრამისთვის გამოყოფილი 99 000 ლარი, რეალურად მხოლოდ ხალხზე ზრუნვის პიარს ხმარდება” მიაჩნია ახვლედიანს.