საქართველოსთვის ევროკავშირის კარი გაიღო

საქართველოსთვის ევროკავშირის კარი გაიღო

ხელშეკრულება ხელმოწერილია. საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ორგანიზაციის 28 წევრი ქვეყნის ხელმოწერა აქვს. 1 135 გვერდიან დოკუმენტს ხელი მოაწერეს - საქართველოს მხრიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ევროკავშირის მხრიდან - ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟოზე მანუელ ბაროზომ და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპეიმ.

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულებას ორგანიზაციის 28 წევრი ქვეყნის პირველი პირის ხელმოწერა აქვს. საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების ხელმოწერის შემდგომი ნაბიჯი პარლამენტების მიერ დოკუმენტის რატიფიკაციაა. ხელშეკრულების ძალაში შესვლამდე მისი რატიფიცირება საქართველოს, ევროკავშირის წევრი 28 ქვეყნის პარლამენტებმა, ასევე ევროპარლამენტმა უნდა განახორციელონ.

პირველი ამ სიაში ლატვია იქნება, რომელიც ხელშეკრულების რატიფიცირებას 3 ივლისს მოახდენს. ივლისში გეგმავს დოკუმენტის რატიფიცირებას საქართველოს პარლამენტიც. ხელშეკრულების სრულად ძალაში შესვლა 2015 წლისთვის არის ნავარაუდევი, თუმცა უკვე მიმდინარე წლის შემოდგომაზე წინმსწრებად ამოქმედდება შეთანხმების ნაწილი, მათ შორის DCFTA - ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება.

საქართველომ და ევროკავშირმა უკვე მიიღეს „ასოცირების დღის წესრიგი“, რომელიც ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების პრიორიტეტული საკითხების სამწლიან (2014-2016) გეგმას წარმოადგენს. შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების პარაფირება 2013 წლის 29 ნოემბერს, ქალაქ ვილნიუსში, „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტზე განხორციელდა.

ხელმომწერ პირებს შეთანხმების ორ-ორი ეგზემპლარი ჰქოდათ და ყველა მათგანზე ცალ-ცალკე დაფიქსირდა ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმაღლესი პირების ხელმოწერაც.

ხელმოწერის ცერემონია დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა. ხელმოწერამდე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ევროკომისიისა და ევროსაბჭოს პრეზიდენტები სიტყვით გამოვიდნენ.

ირაკლი ღარიბაშვილი დარწმუნებულია, რომ შორს არ არის ის დღე, როდესაც საქართველო გახდება ევროპის ერთიანი ოჯახის წევრი. მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმება სწორედ ის საძირკველია, რომელზეც აშენდება საქართველოს ევროპული მომავალი. პრემიერი იმედოვნებს, რომ ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველო წარმატებით გაივლის ამ გზას.

„ასოცირების შეთანხმებით საქართველო იღებს ვალდებულებას ეტაპობრივად დანერგოს ევროპული პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივი სტანდარტები, რაც ჩვენს ქვეყანასა და ხალხს კეთილდღეობასა და სტაბილურობას მოუტანს. ამდენად, ასოცირების შეთანხმება არის ჩვენი ქვეყნის ევროპეიზაციის სამოქმედო გეგმა. ევროკავშირის კანონმდებლობასთან ეტაპობრივი დაახლოებით საქართველო მიაღწევს ევროკავშირთან პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციას, რაც ქვეყანას მტკიცედ დააკავშირებს ევროპულ სტრუქტურებთან. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა, ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელებით საზოგადოების ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ ის სარგებელი და ახალი შესაძლებლობები, რომლებსაც ეს შეთანხმება ითვალისწინებს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, ასოცირების შეთანხმების ხელმოწერით საქართველოსთვის იწყება ევროინტეგრაციის პროცესის ახალი ეტაპი - საინტერესო და გამოწვევებით აღსავსე გზა ევროკავშირისკენ, რომელიც პრემიერის განცხადებით, თითოეული ჩვენგანისგან მთავრობისგან, პოლიტიკური ძალებისა და მთელი საზოგადოებისგან მოითხოვს დიდ ძალისხმევას, თავდადებასა და ურთიერთთანადგომას.

„საქართველოს ურყევი ნებაა საბოლოოდ დაიმკვიდროს ღირსეული ადგილი ევროპის ერთიან ოჯახში. ასოცირების შეთანხმება სწორედ ის საძირკველია, რომელზეც აშენდება საქართველოს ევროპული მომავალი. ეს შეთანხმება დაგვეხმარება დასახული მიზნის მიღწევაში და მნიშვნელოვან როლს ითამაშებს ჩვენი ქვეყნის ევროპული ოცნების განხორციელებაში“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზუ, რომელმაც ღარიბაშვილთან ერთად ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, განაცხადა, რომ ეს არის დიდი სტიმული, რომ წინ ვიაროთ ევროპული არჩევანის გზაზე.

„საქართველოს, მოლდოვას და უკრაინისთვის - ეს არის ისტორიული დღე. ეს არის აღიარება მათი პროგრესისა, რომელიც ამ ქვეყნებმა გაიარეს. ეს არის დიდი პოლიტიკური სიგნალი იმისა, რომ დაუკავშირდეთ ევროკავშირს, გაიზიაროთ ჩვენი ეკონომიკური მოდელი. ეს არის კარგი გადაწყვეტილება, რათა მხარი დავუჭიროთ ამ სამ სახელმწიფოს თავისი ქვეყნების გარდაქმნის სტაბილური პროგრესის მიღწევის გზაზე, 20 წლის წინ დაიწყო ეს ურთიერთობა, როდესაც ეს ქვეყნები დამოუკიდებელი ქვეყნები გახდნენ, ეს არის დამოუკიდებელი ეტაპი“, - აღნიშნა ბაროზუმ.

მისივე თქმით, ხელშეკრულება, საშუალებას მისცემს ქვეყნებს განახორციელონ რეფორმები და კარგი შედეგები მიიღონ, ასევე თავისი წვლილი შეიტანონ ევროპული ეკონომიკის განვითარებაში. ევროკავშირის პრეზიდენტი ამბობს, რომ ეს ხელშეკრულება არ აყალიბებს საბოლოო წერტილს ევროკავშირთან ურთიერთობებში, პირიქით, ეს ასოცირების ხელშეკრულება უფრო გააღმავებს ურთიერთობებს, მაგრამ ეს არ უნდა იყოს დანახული ისე, როგორც გზის ბოლო, ეს არის ურთიერთობის დასაწყისი ჩვენს სამ მეგობარ ქვეყანასთან ერთად.

„ეს ხელშეკრულება იმისთვის იქნა შემუშავებული, რომ დახმარება გავუწიოთ ჩვენ პარტნიორ სახლმწიფოებს განავითარონ საკუთარი ამბიციები. მათ უნდა გაითვალისწინონ ის სისტემები, რომელიც გულისხმობს მაგალითად, დემოკრატიის განვითარებას და კორუფციასთან ბრძოლას, ჩვენ არ გვინდა ამ ქვეყნებთან ექსკლუზიური ურთიერთობების ჩამოყალიბება. ჩვენ გვჯერა, რომ ღია საზოგადოება, ღია მმართველობა, ეს არის პოზიტიური ხელშეკრულება იმისათვის, რომ ჩამოვაყალიბოთ საერთაშორისო ურთიერთობები და არა იმისათვის, რომ რომელიმეს საქმეში ჩავერიოთ“, - განაცხადა ბაროზუმ.

„როდესაც თქვენ ევროპული ოჯახის სრული წევრები გახდებით, ჩვენ დიდი სიამოვნებით მოგესამლებით ყველას იქ“, - ასე მიმართა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, ჰერმან ვან რომპეიმ ბრიუსელში, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ღონისძიებაზე შეკრებილებს. როგორც მან სიტყით გამოსვლის დროს აღნიშნა, რეფორმებმა მოქალაქეებს უკეთესი ცხოვრების პირობები უნდა შეუქმნას.

„ჩვენ ვითვალისწინებთ, რომ საჭირო იქნება თქვენი სრული ეკონომიკური ინტეგრაცია ევროკავშირთან, რათა თქვენ განვითარდეთ და გამდიდრდეთ. ეს კავშირი ჩვენს საზოგადოებას დიდ წინსვლას მოუტანს. თქვენი საზოგადოების გარდაქმნა და ასევე ადმინისტრაციის გარდაქმნა, რომელიც ქვეყნებში ხდება, მან უნდა მოიტანოს თქვენი მოქალაქეებისთვის უკეთესი ცხოვრების პირობები. როდესაც თქვენ გახდებით ევროპული ოჯახის სრული წევრები ჩვენ დიდი სიამოვნებით მოგესამლებით ყველას იქ“, - აღნიშნა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა.

მისივე განცხადებით, რუსეთი უნდა მიხვდეს, უნდა გაითავისოს ის, რომ ერთად უნდა ვიყოთ, რათა საერთო, უსაფრთხო მომავლისთვის ვიზრუნოთ. მისი თქმით, დღესდღეობით უკრაინისთვის უსაფრთხოების ძალიან დიდი გამოწვევები არსებობს.

„მე ვგულისხმობ ასევე რუსეთის ფედერაციის ურთიერთობებს მოლდოვასთან და საქართველოსთან. ევროკავშირის მესიჯი ის არის, რომ დღეს ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ და იმედი უნდა გქონდეთ ჩვენი სოლიდარობის და მხარდაჭერის, ასევე ჩვენს მიერ თქვენი ტერიტორიული მთლიანობის აღიარებისა.

ჩემი მეორე მესიჯი ის არის, რომ არა მხოლოდ ამ ხელშეკრულებაში და არა მხოლოდ ევროკავშირის მიდგომაშია ჩვენი პოზიცია, ჩვენ რუსეთიდან ველოდებით, რომ რუსეთი უნდა მიხვდეს, უნდა გაითავისოს ის, რომ ჩვენ ერთად უნდა ვიყოთ, რათა ვიზრუნოთ საერთო უსაფრთხო მომავლისათვის. ჩვენ უნდა ჩამოვაყალიბოთ სტაბილური ევროპული კონტინენტი და აუცილებლად იქნებიან საქართველო და მოლდოვა ამ კონტინენტის წევრები“, - აღნიშნა რომპეიმ.