„რუსეთი სულ ყურებზეც რომ დადგეს, ჩვენ მაინც უნდა მოვაწეროთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას“

„რუსეთი სულ ყურებზეც რომ დადგეს, ჩვენ მაინც უნდა მოვაწეროთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას“

რუსეთი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას „თავდაცვითი ზომებით“ ემუქრება. ეს ის ქვეყნებია, რომლებიც ხვალ ასოცირების შეთანხმებას ხელს მოაწერენ. ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების მოწერამდე ერთი დღით ადრე, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა არ დამალა, რომრუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის კანონებით განსაზღვრულ თავდაცვით ზომებს მიიღებს, თუ ევროკავშირთან შეთანხმებას ნეგატიური შედეგები ექნება დსთ-ს თავისუფალი სავაჭრო ზონისთვის.

სერგეი ლავროვი ირწმუნება, რომ როგორც კი ძალაში შევა ასოცირების შეთანხმება და რუსეთი გაანალიზებს, რომ ეს ნეგატიურად აისახება დსთ-ს თავისუფალ სავაჭრო ზონაზე, იმ პირობებზე, რა პირობებითაც რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანდა, რუსეთი თავდაცვით ზომებს მიიღებს. ლავაროვის განცხადებით, ბაროზუ რუსეთის პრეზიდენტს სატელეფონო საუბრისას დაპირდა, რომ სამიტამდე აუცილებლად გაიმართებოდა კონსულტაციები, მაგრამ ჯერ არაფერი ხდება.

ქართული მხარე აცხადებს, რომ ლავროვის განცხადება დსთ-ის სავაჭრო ზონისთვის რაიმე საფრთხეების შექმნის შესახებ, საქართველოს არ ეხება, რადაგან საქართველო დსთ-ის სივრცეში აღარ არის. ამ ვერსიას არ იზიარებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე და აცხადებს, რომ არის თუ არა ქვეყანა დსთ-ს წევრი, ამას არანირი მნიშვნელობა არ აქვს.

For.ge. სოსო ცინცაძეს ესაუბრა.

რუსეთი საქართველოს, უკრაინას და მოლდოვასთავდაცვითი ზომებითემუქრება. თუმცა ქართული მხარე თვლის, რომ სერგეი ლავროვის ეს მუქარა საქართველოს არ ეხება. ბატონო სოსო, ამ შემთხვევაში რუსეთისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს ვართ თუ არა დსთ- წევრი?

- არანირი მნიშვნელობა არ აქვს ამ მომენტში ვართ თუ არა დსთ-ს წევრი. რასაკვირველია, ეს ჩვენ გვეხება და ეს ალექსი პეტრიაშვილმა ძალიან კარგად იცის. აუცილებელია პრევენციული ზომები. ჩემთვის გაუგებარია ხელშეკრულების მოწერამდე 2-3 დღით ადრე რატომ დაიგეგმა ეკონომიკის სფეროში რუსი და ქართველი ექსპერტების შეხვედრა. ექსპერტები ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, ჩინოვნიკებს უნდა შეხვდნენ ეკონომიკის სამინისტროს თანამშრომლები. რა მოჰყვება ამ შეხვედრას? მე არ მგონია, რომ ჩვენებმა დაარწმუნონ რუსეთი, რომ ეს თქვენთვის არავითარი ცუდი არაა, ეს გამორიცხულია. ასეთი შეხვედრები უნდა გამართულიყო, მაგრამ ამ დალოცვლილებს ახლა კი არ უნდა ეფიქრათ ასეთ შეხვედრებზე, უნდა ეფიქრათ 2-3 თვით ადრე. პრევენციული ღონისძიებები მაშინ იყო საჭირო.

თქვენი თვლით, რომ ამ შეხვედრის მიზანი არის პრევენცია?

- მე ვთვლი, რომ ეს შეხვედრა აუცილებელია. შეიძლება ოდნავ მაინც შერბილდეს ურთიერთობა. რუსეთის ხელში არის ისეთი ქმედითი ბერკეტი, როგორიც არის საბაჟო კანონმდებლობა. ჩვენს პროდუქციაზე, ჩვენს ექსპორტზე რუსეთი გაზრდის ფასს და მორჩა - ჩვენი საქონელი აღარ იქნება კონკურენტუნარიანი რუსეთის ბაზარზე. ამიტომ ვამბობ, რომ ცოტა დაგვიანებულია ექსპერტების დონეზე შეხვედრა. ამაზე ეკონომიკის სამინისტროს 2 თვით ადრე უნდა ეფიქრა.

თუმცა, პაატა ზაქარეიშვილი თვლის, რომ რუსეთს ყველაზე ნაკალები რესურსი აქვს საქართველოს წინააღმდეგ. ის ამბობს, რომ რუსეთის მხრიდან სერიოზულად დაზარალებას არ ველოდებიო...

- პაატა ზაქარეიშვილისგან დიდი ყურადღებით მოვისმენდი რატომ მოხდა ისე, რომ აფხაზეთში განვითარებული მოვლენები გაიგო ჩემთან ერთად და რატომ არ ჰქონდა ამაზე წინასწარი ინფორმაცია? მაგრამ, რაც შეეხება იმას, რომ დიდად ვერ დაგვაზარალებს, ეს სწორია. იმიტომ კი არა, რომ ჩვენ ასეთი კარგი მდგომარეობა გვაქვს რუსეთის ბაზარზე, იმიტომ, რომ ჩვენ არანაირი მდგომარეობა არ გვაქვს რუსეთის ბაზარზე. დავზარალდებით იმ მხრივ, რომ თუ ვაპირებთ სამომავლოდ რუსეთის ბაზრის ათვისებას, მაშინ მოგეცათ ლხენა, დავზარალდებით აბა რა.

რას ელის ჩვენი პროდუქცია რუსეთის ბაზარზე, რომ ამან უბრალოდ ჩვენი ეკონომიკა დააჩოქოს?! ჩვენი ეკონომიკა ისედაც მძიმე მდგომარეობაშია, მაგრამ თუ ჩვენ ვვარაუდობდით და ალბათ ვვარაუდობდით, რომ რუსეთის ბაზარი რაღაც შვებას მისცემდა ჩვენს მევენახეებს, ხილის მწარმოებლებს, მაშინ, რასაკვირველია, ეს დარტყმა არის.

იცით რა, ცოტა ფანტაზიის სფეროში გადავედით. გუშინ ვუყურე „კურიერში“ კახელი ყველის მწარმოებლები როგორ ოცნებობენ ევროპის ბაზრის დაპყრობაზე, საოცარია. პარიზში ყოფნისას ვნახე ერთ-ერთი მაღაზია, სადაც 68 სახეობის ყველი იყიდებოდა. მითხრეს, - ეს რა არის ვენაში 75 სახეობის ყველი იყიდებაო. თურმე ჩვენი კახელი მწველავები ისეთ ყველს გააკეთებენ, რომ პარიზის ბაზარს დაიპყრონ. მიუნჰაუზენსაც შეშურდებოდა ამათი ფანტაზიის, ზღვარიც აღარ აქვს უკვე.

ვნახოთ რა იქნება. ღმერთმა ქნას, რომ ჩვენი ყველა კი არა, ჩვენი ჩურჩხელებიც მსოფლიო ბრენდად იქცეს. ისე არ გამიგოთ, რომ რუსული გზის მომხრე ვარ და ევროპულის არა. რასაკვირველია ეს არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ სწორი მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯს სჭირდება ძალზედ სერიოზული მზადყოფნა. ის, რომ ხელშეკრულების ხელმოწერამდე ორი დღით ადრე იწყებენ კონსულტაციებს რუსეთთან, ეს ფაქტი მეტყველებს, რომ მაინც და მაინც არც ერთ მინისტრს თავი არ შეუწუხებია წინასწარ იმაზე ფიქრით, როგორი იქნებოდა რუსეთის პოზიცია.

რუსეთი ყველა მის ხელთარსებულ ბერკეტს გამოიყენებს იმისთვის, რომ საქართველო დაზარალდეს, ფაქტია, მაგრამ  რუსეთი სულ ყურებზეც რომ დადგეს, ჩვენ მაინც რომ უნდა მოვაწეროთ ხელი ასოცირების ხელშეკრულებას, ესეც ფაქტია. მთავარია მინიმალიზაცია მოვახდინოთ ამ უარყოფითი მომენტის. თეორიულად ეს შეუძლია ჩვენს მინისტრებს, მაგრამ პრაქტიკულად, მაპატიეთ, მაგრამ ჯანსაღი სკეფსისით ვუყურებ ამას. ამის ერთ-ერთი არგუმენტი ის არის, რომ ხელშეკრულების წინა დღეს დაიწყეს რუსეთთან კონსულტაციები.

ეს ფაქტი ადასტურებს თუ არა, რომ ხელისუფლებას ბოლომდე არ აქვს გააზრებული ის საფრთხეები, რომელიც ქვეყანას შეიძლება დაემუქროს რუსეთის მხრიდან?

- მე შთაბეჭდილება მრჩება, რომ გულუბრყვილო პოზიცია იყო იგივე კარასინის განცხადებაზე - „ჩვენ არაფერზე ხელს არ შეგიშლით, მოაწერეთ ხელი“. ეს განცხადებები რატომღაც ირწმუნეს და ჩვენ ხშირად გვემართება ეს, რომ რაღაც სასურველს ვიღებთ რეალობად. 2008 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამაც სასურველი რეალობად მიიღო, როდესაც დარწმუნებული იყვნენ, რომ რუსეთი არ ჩაერეოდა და ცხინვალის გამო ომს არ დაგვიწყებდა - აფხაზეთის გამო დაგვიწყებენო ამბობდნენ. მერე კი, ვნახეთ, როგორ არ აინტერესებდა ცხივნალი. სამწუხაროდ, თითქმის იგივე მეორდება - არა, რუსეთის ხელს არ შეგვიშლის, არაფერს არ იზამს და ა.შ.

2-3 თვეში ვნახავთ შეგვიშლის თუ არა ხელს. ახლა ირკვევა, რომ შეგვიშლის და ძალიან გვარიანადაც შეგვიშლის. რუსეთის ეკონომიკის მინისტრმა სამი თვით ადრე განაცხადა, რომ ნებისმიერი ჩვენი მეზობელი ქვეყანა, რომელიც მოაწერს ხელს ასაოცირებას (მაშინ უკრაინაზე იყო საუბარი), ჩვენ უყურადღებოდ ვერ დავტოვებთო. 25 დღის წინ იგივე განცხადება გააკეთა პუტინმა. რუსეთს არასოდეს არა დაუმალია თავისი პოზიცია, ჩვენ ულუკაევს არ ვუსმენდით, მაგრამ ვუსმენდით კარასინს, იმიტომ, რომ ეს უფრო გვაწყობდა. კიდევ ვიმეორებ, რომ ამან ხელი არ უნდა შეუშალოს დოკუმენტზე ხელმოწერას, უბრალოდ, უარყოფითი მომენტის მინიმალიზაცია უკვე მთავრობაზეა დამოკიდებული.