საქართველოს 8 თვითმმართველი ქალაქი და 13 მუნიციპალიტეტი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია. ჯერჯერობით კვლავ უცნობია, არჩევნების მეორე ტურის თარიღი, თუმცა საარჩევნო სუბიექტებმა კამპანიის მეორე რაუნდი უკვე განაახლეს. განახლებული წინასაარჩევნო კამპანია განსაკუთრებით თბილისში იგრძნობა. დედაქალაქის მერობისთვის მებრძოლი „ოცნებისა“ და „ნაციონალების“ კანდიდატები ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებენ და მხარდაჭერას სთხოვენ.
„ჩვენ არჩევნების მეორე ტურს გახსნილად ვაცხადებთ და ვაგრძელებთ ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე“, - განაცხდა კოალიცია „ქართული ოცნების თბილისის მერობის კანდიდატმა დავით ნარმანიამ 26 ივნისს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე.
მისი კონკურენტი „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნიკა მელია კი საკუთარ ამომრჩევლებს ასე ამხნევებს - „წინ მეორე ტური და ჩვენი გამარჯვებაა - თბილისის გამარჯვებაა!“
სახელისუფლებო კოალიციას თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში პაექრობა მხოლოდ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არ უწევს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 8 თვითმმართველი ქალაქიდან 4-ში მეორე ტურში „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებს დაუპირისპირდებიან.
უფრო კონკრეტულად კი თბილისის, რუსთავის, თელავისა და ბათუმის მერობისთვის „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები იბრძოლებენ; მცხეთაში „ქართული ოცნების“ წარმომადგენელს „მწვანეთა პარტიის“ კანდიდატი დაუპირისპირდება, გორში - „ირაკლი ოქრუაშვილის ქართული პარტია“, ოზურგეთსა და ფოთში - „დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ .
რაც შეეხება მუნიციპალიტეტებში გასამართ მეორე ტურს. დაზუსტებული ინფორმაციით, პოლიტიკური ბრძოლის მეორე რაუნდი 13 მუნიციპალიტეტში იგეგმება. ესენია: ახმეტა, ყვარელი, გორი, თიანეთი, მარტვილი, ქობულეთი, ბაღდათი, ხონი, ტყიბული, ლანჩხუთი, თერჯოლა, თელავი და ხულო. თვითმმართველი ქალაქებისგან განსხვავებით, რამდენიმე მუნიციპალიტეტში მეორე ტურში ნინო ბურჯანაძის პარტიის კანდიდატებიც იბრძოლებენ.
უფრო კონკრეტულად კი მუნიციპალიტეტებში პოლიტიკური არენა შემდეგ სუბიექტებს დაეთმობათ: ახმეტა „ქართული ოცნება“ – „ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია“; ყვარელი - „ქართული ოცნება“ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; გორი - „ქართული ოცნება“ - „ირაკლი ოქრუაშვილი -ქართული პარტია“; თიანეთი - „ქართული ოცნება“ - „ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია“; მარტვილი - „ქართული ოცნება“ – „ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია“; ქობულეთი - „ქართული ოცნება“ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; ბაღდათი - „ქართული ოცნება“ –„სალომე ზურაბიშვილი-საქართველოს გზა“; ხონი - „ქართული ოცნება“ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; ტყიბული - „ქართული ოცნება“ – „ნინო ბურჯანაძე -ერთიანი ოპოზიცია“; ლანჩხუთი - „ქართული ოცნება“ – „დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“; თერჯოლა - „ქართული ოცნება“ – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“; თელავი - „ქართული ოცნება“ - „ნაციონალური მოძრაობა“ და ხულო - „ქართული ოცნება“ - „დავით თარხან-მოურავი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“.
არჩევნების მეორე ტურის თარიღი კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გამოცხადდება, რაც, თავი მხრივ, ყველა სასამართლო დავის დასრულებასა და შემაჯამებელი ოქმის მიღებას გულისხმობს. კანონის თანახმად, არჩევნების მეორე ტური, სავარაუდოდ, ივლისის მეორე ნახევრის შემდეგ დაინიშნება.
მანამდე კი, 29 ივნისს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების - საკრებულოების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა 14 საარჩევნო უბანზე გაიმართება. ეს უბნებია: თეთრიწყაროს საარჩევნო ოლქის - №5 საარჩევნო უბანი; დუშეთის საარჩევნო ოლქის - №4, №6, №47 და №52 საარჩევნო უბნები; ახალქალაქის საარჩევნო ოლქის - №1 საარჩევნო უბანი; ხონის საარჩევნო ოლქის - №22 საარჩევნო უბანი; ტყიბულის საარჩევნო ოლქის - №2 და №5 საარჩევნო უბნები; ზუგდიდის საარჩევნო ოლქის - №32 საარჩევნო უბანი; ბათუმის საარჩევნო ოლქის - №103 საარჩევნო უბანი; და ქობულეთის საარჩევნო ოლქის - №34 საარჩევნო უბანი.