„მცდარია მიდგომა, რუსეთი, თითქოს, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის სანაცვლოდ გვსჯის“

„მცდარია მიდგომა, რუსეთი, თითქოს, ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის სანაცვლოდ გვსჯის“

„არ მინდა ვიფიქრო, რომ ხელისუფლება ნატო-სთან და ევროკავშირთან ურთიერთობის სანაცვლოდ, უარს ამბობს საქართველოს ძირძველ ტერიტორიებზე, ჩვენს სისხლსა და ხორცზე, აფხაზეთსა და სამაჩაბლოზე“, - ასეთია ნინო ბურჯანაძის გზავნილი ღარიბაშვილის მთავრობისადმი.

„კოალიცია ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის“ ლიდერი მიიჩნევს, რომ ცხინვალის რეგიონში რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევაში, საქართველო უდიდესი საფრთხის წინაშე დადგება და ამის თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება რუსეთთან პირისპირ მოლაპარაკებებია. ამ მიზნით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისათვის, რომ შედგეს პირდაპირი შეხვედრა და დიალოგი რუსეთის პრეზიდენტთან.

„თუ ამ რეფერენდუმის შემდეგ ჩვენი მთავრობა ეფექტურად არ იმოქმედებს, ჩვენი ქვეყნის ბედი მთლიანად იქნება დამოკიდებული რუსეთის ე.წ. კეთილ ნებაზე. იმიტომ, რომ ამ რეფერენდუმის შემდეგ გაჩნდება იმის შესაძლებლობა, რუსეთის სახელმწიფო საზღვარმა გაიაროს გორიდან რამდენიმე კილომეტრში, რასაც, სავარაუდოდ, მოყვება თბილისი-სენაკის მაგისტრალის გადაკეტვა, რამაც ქვეყანა შეიძლება ორად გაყოს. მე არ ვიცი, რა გარანტიები აქვს მიღებული საქართველოს ხელისუფლებას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ახლა. სამარცხვინოა, ჩვენი ხელისუფლების უსუსურობა და უუნარობა “, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძე არ არის პირველი, ვინც ფიქრობს, რომ სწორედ ნატოსა და ევროკავშირთან ინტეგრაციის გამო გვსჯის რუსეთი. ეს პოზიცია ყველაზე მკვეთრად აგვისტოს ომის დღეებში ისმოდა, როცა საქართველოდან პირდაპირი გზავნილიც მიიღო ნატო-მ. მაშინდელი ოპოზიციური პარტიების ლიდერები - დავით უსუფაშვილი და დავით გამყრელიძე ღია ტექსტებით მიმართავდნენ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსს: „დღეს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია სუვერენული საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხია. მოგმართავთ თხოვნით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, ნატო-ს ბუქარესტის სამიტის შემაჯამებელი დოკუმენტის დებულებებზე დაყრდნობით, მიიღოთ გადაწყვეტილება ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს დაჩქარებული წესით ინტეგრაციის თაობაზე. ეს არ უნდა იქნას თქვენი მხრიდან აღქმული, როგორც ჩვენი მცდელობა ნატოს წევრი ქვეყნების რუსეთთან საომარ მოქმედებებში ჩაბმისა. ასეთი გადაწყვეტილება იქნება მკაფიო გზავნილი ყველასთვის, ვინც ფიქრობს სამხედრო აგრესიით გზით საკუთარი იმპერიული გეგმების განხორციელებას და ამავდროულად, გზავნილი ყველა თავისუფლებისმოყვარე ქვეყნისთვის, რომ ისინი ამ ბრძოლაში მარტონი არ არიან“.

სულ ახლახანს, საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტომ-„როიტერმა“ გამოქვეყნა პუბლიკაცია- „ნატო-მ ხელი ჰკრა საქართველოს, მონტენეგროს კი წევრობის იმედი მისცა“.

გამოცემის თანახმად, მიანიჭებს თუ არა ნატო MAP-ს საქართველოს, უაღრესად საკამათო საკითხია ალიანსში ბუქარესტის 2008 წლის სამიტის შემდეგ.

„ამ სამიტიდან რამდენიმე თვეში მოხდა რუსეთ-საქართველოს ხუთდღიანი ომი, მოგვიანებით კი რუსეთმა საქართველოს ორი სეპარატისტული რეგიონის დამოუკიდებლობა სცნო. ამ ყველაფრის გამო ნატო-ს ბევრი წევრი ქვეყანა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას არ მიესალმება, რაც ნიშნავს, რომ ნატო ვალდებული იქნება, ჩაერთოს მის თავდაცვაში რუსეთთან კიდევ ერთი ომის შემთხვევაში. რუსეთსა და ნატო-ს შორის დაძაბულობა იზრდება სწრაფად მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უკრაინის ყირიმის რეგიონის ანექსია მოახდინა. მიიწვიო საქართველო, შეუერთდეს ალიანსში გაწევრიანების სამოქმედო გეგმას, კიდევ უფრო სარისკო „ცხელი პოლიტიკური კარტოფილი“ გახდა“, - წერს გამოცემა.

გვსჯის თუ არა რუსეთი ნატო-სა და ევროკავშირში ინტეგრაციის სანაცვლოდ, ნიშნავს თუ არა საქართველოს ევროატლანიკური კურსი საქართველოს ძირძველ ტერიტორიებზე უარის თქმას?!

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი მუჩაიძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ნატო-ში გაწევრიანება ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაციასა და რეინტეგრაციასთან წინააღმდეგობაში არ მოდის. პირიქით, მოლდოვას და უკრაინას, რომლებმაც უარი თქვეს ნატოში გაწევრიანებაზე, სერიოზული პრობლემები შეექმნათ. ხოლო ნატოში გაწევრიანებისკენ მსწრაფი და ნატოს წევრი ბალტიისპირეთის ქვეყნები აბსოლუტურად დაცულები არიან.

გიორგი მუჩაიძის თქმით, ძალიან კარგი შესადარებელია პოლონეთი და უკრაინა. ერთი ქვეყანა ნატოს წევრია, ხოლო მეორე არ მიისწრაფის ნატოსკენ. საბჭოთა კავშირის დაშლის დროს მათი განვითარება დაახლოებით ერთ დონეზე იყო, დღეს კი პოლონეთში რამდენჯერმე დიდია ერთ სულ მოსახლეზე ეროვნული პროდუქტი, გაცილებით განვითარებული ეკონომიკა აქვს, ცხოვრების დონე და დაცულობაც მაღალია.

„სწორედ დასავლეთში, ნატოში ინტეგრაციის გზა არის ის საშუალება, რომელსაც მოაქვს უსაფრთხოების უზრუნველყოფა, ტერიტორიული მთლიანობის განმტკიცება და ცხოვრების სტანდარტების ამაღლება. ბურჯანაძის განცხადებები რეალობას მოწყვეტილია და ეს უკანასკნელი ოცი წლის განმავლობაში აღმოსავლეთ ევროპის და ჩვენი რეგიონის ქვეყნებმაც დაადასტურეს. თუ საქართველოსა და რუსეთის პირველ პირებს შორის შეხვედრა შედგება, აუცილებლად უნდა დაისვას ტერიტორიული მთლიანობის საკითხი. თორემ შეხვედრა შეხვედრისთვის დაეხმარება რუსეთს, რომ ორმხრივ მოლაპარაკებებში გადაიტანოს ჩვენი ურთიერთობები და საერთაშორისო დღის წესრიგს ჩამოაშოროს ჩვენი უსაფრთხოების პრობლემები. ამ ეტაპზე ამ შეხვედრის პერსპექტივას ვერ ვხედავ. პირიქით, რუსეთმა მოახდინა ჩვენი მეზობელი ქვეყნის ტერიტორიის ოკუპაცია და ანექსია“, - აცხადებს გიორგი მუჩაიძე.

For.ge-სთან საუბარში საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით სიხარულიძე განმარტავს, რომ ბურჯანაძის ნათქვამი რუსული პროპაგანდაა, სწორედ რუსეთია ის ქვეყანა, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ახორციელებს, ხოლო დასავლეთი და ცივილიზებული სამყარო არ ცნობს საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას.

„სამწუხაროა, რომ რუსული პროპაგანდის გამხმიანებლები გამოჩნდნენ საქართველოში. აბსოლუტურად მცდარია მიდგომა, რომ ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის სანაცვლოდ გვსჯის რუსეთი, ეს აგრესია და საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებები რუსეთს დაწყებული აქვს არა გუშინ, ან 2008-ში, არამედ დიდი ხანია, საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი დღიდან. ამ ტერიტორიების ფარული დე ფაქტო ოკუპაცია, რომელსაც ოკუპაციას არ ეძახდნენ, მიმდინარეობს 93 წლიდან. კარგი მაგალითია მოლდოვა, თუ როგორ იქცევა რუსეთი სხვა ქვეყნებთან მიმართებით, რომლებსაც ასე მკაფიოდ გაცხადებული ნატოში ინტეგრაციის სტრატეგია არ ჰქონდათ. მოლდოვის ტერიტორიის ნაწილი რუსეთს ოკუპირებული აქვს. მხედველობაში მაქვს დნესტრისპირეთის ნაწილი“, - აცხადებს დავით სიხარულიძე, რომლის აზრითაც, რუსეთთან მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს ჟენევის ფორმატში, სადაც ჩვენ ვესაუბრებით რუსეთს შეერთებული შტატების, ეუთოს, გაეროს და ევროკავშირის თანდასწრებით, რაც აძლიერებს ჩვენს პოზიციას.

ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ნინო ბურჯანაძის განცხადებას კონტრშეკითხვით პასუხობს: „რა, რუსეთი ჩვენს ტერიტორიებს აბრუნებს? ალტერნატივა დგას ასე, რომ ტერიტორიებს გჩუქნით, გიბრუნებთ და აგაყვავებთ, ოღონდ დღესვე უარი თქვით ნატოსა და ევროკავშირზეო? ჰიპოთეტურად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა რომც აღდგეს, ამის სანაცვლოდ ისევ რა უნდა დავთმოთ? ეს არის საინტერესო“.

თორნიკე შარაშენიძის აზრით, ბურჯანაძის განცხადება პოპულისტურია და ის ცდილობს, ასეთი პოზიციები გაამყაროს საქართველოში, თითქოს ნატოში ინტეგრაცია ჩვენს ისტორიულ ტერიტორიებს ჩამოგვაცილებს. მისივე აზრით, საქართველოს ახლანდელმა ხელისუფლებამ უნდა გაატაროს ის პოლიტიკა, რასაც საჭიროდ მიიჩნევს. თუმცა, სანამ არ მომზადდება შეხვედრა, სანამ რუსეთი გვეუბნება, რომ საქართველო ორი ოკუპირებული ტერიტორიის გარეშე იარსებებს, მანამდე რუსეთთან არანაირ მოლაპარაკებას აზრი არ უნდა ჰქონდეს.