ქ. თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის სახელზე საკრებულოში ორი მადლობის წერილი შემოვიდა.
ერთი მათგანი ბერი ანდრიას ფონდის დამფუძნებელს თინათინ ჩხვიმიანს ეკუთვნის, რომელიც ირაკლი შიხიაშვილს იმ ინიციატივისთვის უხდის მადლობას, რომელიც 4–5 თვის წინ მისი ხელმძღვანელობით დაიწყო და რომლის ფარგლებშიც საკრებულოს უმრავლესობისა და აპარატის წევრებმა ფონდის მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვების დასახმარებლად თანხის ჩარიცხვა სისტემატურად დაიწყეს.
ამით კი ბავშვებს არა მხოლოდ კვებასთან დაკავშირებული პრობლემა მოეხსნათ, არამედ საზღვარგარეთ რამდენიმე მათგანის ოპერაციის დაფინანსებაც გახდა შესაძლებელი.
"ახლა კი, ჩვენთვის ყველაზე მეტად დიდი გასაჭირის დროს, როცა თანხები ანგარიშზე სრულად ამოგვეწურა და თავშესაფრის დაკარგვის საშიშროების წინაშე დავდექით, საჭირო თანხა თქვენ გაიღეთ’’,–ნათქვამია წერილში.
მეორე წერილში, რომელიც საკრებულოში საქართველოს ძუძუს კიბოსთან ბრძოლის კოალიციიდან მოვიდა, საუბარია აღნიშნული ინიციატივის უპრეცედენტობაზე, რადგან ამ რაოდენობის თანხის საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანების მიერ საკუთარი ხელფასებიდან გადარიცხვის პრეცედენტი ჯერ არ ყოფილა.
ორივე წერილში გამოთქმულია იმედი, რომ აღნიშნული მაგალითი თანაგრძნობას და თანადგომის სურვილს სხვებსაც გაუჩენს.