„თანხა, რომელიც მათ  აზერბაიჯანიდან შემოჰქონდათ კეზერაშვილის ანგარიშებიდან ჩაირიცხა“

„თანხა, რომელიც მათ აზერბაიჯანიდან შემოჰქონდათ კეზერაშვილის ანგარიშებიდან ჩაირიცხა“

აზერბაიჯანში, საპარლამენტო უმცირესობის წევრების ირმა ნადირაშვილისა და ზურაბ ჯაფარიძის სკანდალური ისტორია კვლავ ბურუსითაა მოცული, ვინაიდან ოფიციალური წყაროები არც ადასტურებენ და არც უარყოფენ მათი მხრიდან აზერბაიჯანიდან საქართველოში „შავი ფულის“ გადმოტანის მცდელობას. ერთადერთი ოფიციალური განცხაება აზერბაიჯანში საქართველოს ელჩის თეიმურაზ შარაშენიძის სიტყვიერი განცხადებაა, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჭორს და შეთითხნილს უწოდებს.

„ჩატარდა შიდა მოკვლევა, რაც გაგრძელდა დაახლოებით სამსაათნახევარი-ოთხი საათი, რის შემდეგაც ისინი გაუშვეს. დეპუტატები იმიტომ იყვნენ გაჩერებულები, რომ არსებული ინფორმაციით, ჰქონდათ არადეკლარირებული დიდი რაოდენობით თანხა. ჩატარებული მოკვლევის და აზერბაიჯანული კანონმდებლობის შესაბამისად კი, გაათავისუფლეს“, - ეს არის თეიმურაზ შარაშენიძის ერთადერთი კომენტარი ამ საქმესთან დაკავშირებით.

რაც შეეხება ამ ინცინდენტის მთავარ მოქმედ პერსონაჟებს ზურაბ ჯაფარიძესა და ირმა ნადირაშვილს, ირწმუნებიან, რომ „აზერბაიჯანელ მებაჟეებთან საუბრის გამო“ ბაქოდან ერთი რეისის გამოტოვება მოუხდათ. 
„მებაჟეებთან მქონდა რაღაც საუბარი და მომიწია იმ რეისის გამოტოვება, რომლითაც უნდა გამოვფრენილიყავი“, - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე. 

მეტიც, უმცირესობის წევრები ამბობენ, რომ პატივისა და ღირსების შელახვისთვის საქართველოს ელჩს აზერბაიჯანის სასამართლოში უჩივლებენ.

თუმცა, for.ge-სთან საუბარში ყოფილი მმართველი გუნდის გარემოცვის წევრმა განაცხადა, დეპუტატები აზერბაიჯანში ნამდილად გარკვეული რაოდენობის თანხის საქართველოში გადმოსატანად იყვნენ ჩასულნი. თანხა, რომელიც მათ ქვეყანაში შემოჰქონდათ აზერბაიჯანის ერთ-ერთ ბანკში უშუალოდ დავით კეზერაშვილის ანგარიშებიდან ჩაირიცხა. დეპუტატებმა ამ თანხის ქვეყანაში შემოტანა კი იმ მარტივი მიზეზის გამო ვერ შეძლეს, რომ აეროპორტში ის მებაჟე არ დახვდათ, რომელიც მათ უნდა დახმარებოდა. ჩვენი წყაროს ინფორმაციით, როდესაც მათი შეყოვნება მოხდა აეროპორტში, დეპუტატებმა საქმის კურსში ჩააყენეს თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა. სწორედ გიგი უგულავას და მიხეილ სააკაშილის ჩარევის შემდეგ დეპუტატებს აეროპორტში მოაკითხა ვერცხლისფერმა მანქანამ და ისინი სასწარფოდ გაიყვანეს ტერიტორიიდან.

აღსანიშნავია, რომ ზურაბ ჯაფარიძე და ირმა ნადირაშვილი ბაქოში მივლინებით არ იმყოფებოდნენ, მათი მოგზაურობა არ უკავშირდებოდა რაიმე საპარლამენტო საქმიანობას. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, სრულიად აშკარაა, რომ იქ იყო რაღაც გაუგებრობა.

„ისიც აშკარაა, რომ ჩემი კოლეგებიც და არა მხოლოდ ისინი შეეცადნენ და მოახერხეს გარკვეული საკითხების მოგვარება, იმიტომ, რომ მოახერეხეს და საქართველოში არიან და აგრძელებენ მოღვაწეობას. რა იყო ეს პრობლემა, ამაზე რაიმე დამატებითი ინფორმაცია არ მაქვს. ვერც ვერაფერს გამოვრიცხავ, ვერც ვერაფერს დავადასტურებ“, - აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.

აზერბაიჯანის ეროვნული კონგრესის თავმჯდომარე, ალი ბაბაევი ადასტურებს, რომ ჯაფარიძე და ნადირაშვილი საქართველოში არადეკლარირებული თანხის შემოტანის ფაქტზე დააკავეს.

For.ge ალი ბაბაევს ესაუბრა.

თქვენ დასტურებ, რომ პარალამენტის წევრები ნამდვილად იყვნენ 4 საათის განმავლობაში დაკავებული. თუ მათ შემოჰქონდათ არადეკლარირებული თანხა, მაშინ რის საფუძველზე გაანთავისუფლეს?

- ამ ფაქტს საქართველოში აქვს დიდი რეზონანსი, ამიტომ მოვითხოვე ოფიციალური ინფორმაცია - რატომ დააკავეს და რატომ გაათავისუფლეს ისინი. ოფიციალურად მივმართე აზერბაიჯანის სამართალდამცავ სტრუქტურას. შემიძლია გითხრათ, რომ ჯაფარიძე და ნადირაშვილი საბაჟო პუნქტში ნამდვილად ჰყავდათ გადაყვანილი და 4 საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ იქ. შემდეგ, მათ მოაკითხა ვერცხლისფერმა ჯიპმა და ისინი გაიყვანეს. ამჟამად ვარკვევ ვის ეკუთვნოდა ეს მანქანა და ამის შემდეგ ამ ინფორმაციას გავხდი საჯაროს.

არის ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანის აეროპორტში არ დახვდათ მებაჟე, რომელსაც წესით, ისინი უნდა გაეტარებინა. მათი განთავისუფლება მოხდა უშუალოდ სააკაშვილისა და პრეზიდენტ ალიევის ჩარევის შემდეგ. ამ ინფორმაციის შესახებ რა შეგიძლიათ თქვათ?

- არ მგონია, რომ ალიევის ჩარევის შემდეგ მომხდარიყო მათი გათავისუფლება. ალიევმა დარეკა თუ ბრაიზამ, ეს კარგად იციან საქართველოს საკონსულოში, რომლებიც იქ იყვნენ.

თქვენ თუ გაქვთ ინფორმაცია რა თანხაზეა საუბარი, ეს თანხა მათ აზერბაიჯანში გადასცეს თუ თანხა აზერბაიჯანში სხვა ქვეყნიდან ჩამოიტანეს?

- ვერ გეტყვით, ეს ინფორმაცია არ მაქვს, მაგრამ შემიძლია ერთი რამ გითხრათ, რომ მათ ეს თანხა უნდოდათ მარნეულში დესტაბილიზაციის ფონის შესაქმნელად. მათი მიზანი იყო ვითარების არევა, მაგრამ არ გამოუვიდათ. მე მაქვს ინფორმაცია, რომ მარნეულში უნდოდათ სერიოზული პროვოკაციის მოწყობა.