"ვადასტურებ სოსო ჯაჭვლიანის ნათქვამს, რომ უმრავლესობაში გუნდურობის პრობლემაა - მთელი ამ ხნის განმავლობაში სოსომ მოახერხა სიმშვიდის შენარჩუნება, ბოლოს მოთმინების ფიალა მასაც აევსო და სათქმელი თქვა. ჯაჭვლიანი ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე და მის გაკეთებულ განცხადებაზე დაფიქრება ღირს. გავიხსენოთ რა მხარდაჭერა ჰქონდა "ქართულ ოცნებას" 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და ამ მხარდაჭერიდან წელიწადსა და 7 თვეში თვითმმართველობის არჩევნებზე ძალიან ცოტა ხალხი მოდის. არჩევნებზე მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მოვიდა, ხალხი უკმაყოფილოა", - აცხადებს უმრავლესობის წევრი დავით ლორთქიფანიძე გაზეთ "ახალი თაობისთვის" მიცემულ ინტერვიუში, სათაურით კოალიცია "ქართულ ოცნებაში" დიდი გარჩევებია მოსალოდნელი" / დავით ლორთქიფანიძე: "საპარლამენტო უმრავლესობაში ვადამდელ არჩევნებს უჭერენ მხარს"
" გამოდის, რომ რაღაცას ისე არ ვაკეთებთ, როგორც საჭიროა. ვაღიარებ, რომ კოალიციას ბევრი პრობლემა აქვს. დანაპირების ნაწილი ვერ შევასრულეთ, მაგრამ ბევრი კეთილი საქმე გავაკეთეთ, რის შესახებაც საზოგადოება არ არის ინფორმირებული, რაც ჩვენი სისუსტის მაჩვენებელი. ადრეც მითქვამს და გავიმეორებ, რომ პიარის ამბავში ძალიან მოვიკოჭლებთ. როცა ამის შესახებ ვსაუბრობდი, ჩემი კოლეგები ბრაზდებოდნენ. არადა ამ განცხადებას გუნდის სიძლიერისთვის ვაკეთებდი. პიარის გარდა არის სხვა პრობლემები და აუცილებლად უნდა მოხდეს მათი გაანალიზება. პოლიტიკურ ველზე წინა ხელისუფლებისგან ბევრი პოლიტიკური ნაღმია დატოვებული, ეს ნაღმები ფეთქდება, ამან მიგვიყვანა იქამდე, რომ მეორე ტური ტარდება - არჩევნების მეორე ტური დემოკრატიისთვის კარგია, მაგრამ არა ჩვენთვის. ის, რაც თვითმმართველობის არჩევნებზე მოხდა, სერიოზული განსჯის საგანი უნდა გახდეს. ვისაც მადლობა ეკუთვნის, მადლობა უნდა ვუთრათ, ვისაც საყვედური ეკუთვნის უნდა ვისაყვედუროთ - გუნდურობოის პრინციპი სწორედ ეს არის. გუნდში კამათი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა უნდა იყოს - მხოლოდ ამ შემთხვევაში მოვიგებთ მოსახლეობის გულს", - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დავით ლორთქიფანიძე.
"უმრავლესობაში საკმაოდ მრავლად არიან დეპუტატები, რომლებიც ვადამდელი არჩევნების იდეას უჭერენ მხარს. მათ შორის არის რამდენიმე კომიტეტის თავმჯდომარეც. ეს ხალხი ფიქრობს, რომ რაღაც უნდა შეიცვალოს - ამის შესახებ ალბათ, თავად გააკეთებენ განცხადებას. მე არ მაქვს უფლება კერძო საუბრები გარეთ გამოვიტანო, ისინი საჯარო განცხადებებისგან თავს იკავებენ. მათ არ აქვთ პოლიტიკური გამოცდილება, რარაც შინაგანი ძალა ამუხრუჭებთ. როცა ადამიანი პოლიტიკაში ახალმოსულია, ცდილობს უფრო თავდაჭერილი იყოს. არის დეპუტატების კატეგორია, რომელიც სხვა პერსპექტივას ვერ ხედავს, ურჩევნიათ პარლამენტმა ეს ციკლი დაასრულოს და შემდეგ მშვიდად წავიდნენ სახლში. რამდენიმე კატეგორიაა, მე ვერავის გავამტყუნებ ამ დუმილისთვის. და ნურც მე და სოსო ჯაჭვლიანს გაგვამტყუნებს ვინმე ჩვენი პოზიციის დაფიქსირების გამო", - განაგრძობს რესპონდენტი.
"ვადამდელი არჩევნები "ნაცმოძრაობის" ჩამოშირებაშიც დაგვეხმარება. არჩევნების გზით, პოლიტიკური ველიდან ამ კრიმინალური დაჯგუფების ბმოცილება ბევრად იოლი იქნება. ვაღიარებ, რომ არსებულ პოლიტიკურ ველზე მათთან ჭიდაობა ძალიან რთული და ძნელია. მათ პიარი უმაღლეს დონეზე აქვთ განვითარებული და ყველაფერს საპიაროდ იყენებენ - ჩვენ ამაში ნამდვილად ვერ შევედრებით. "ნაციონალებს" ჰყავთ თავისი მოტივირებული ამომრჩეველი, მაგრამ ეჭვი მეპარება ისინი ამომრჩევლის გაზრდაზე ფიქრობდნენ - ცდილობენ ჩვენ დაგვაკარგვინონ ამომრჩეველი. როცა ჩვენი ამომრჩ ეველი ხედავს, რომ "ნაციონალების" ისევ აქტიურები არიან, გული უცრუვდებათ - ამ ნიჰილიზმმა და ჩვენი საქმეების დაუპიარებლობამ გამოიწვია ის შედეგი, რაც 15 ივნისს მივიღეთ", - დასძენს დავით ლორთქიფანიძე და შეკითხვას - "ვადამდელი არჩევნების შემთხვევაში მოასწრებთ კიდევ ერთხელ ხალხის ნდობის მოპოვებას?" - პასუხობს:
"მთავარია ძველი შეცდომები არ დავუშვათ. ამას ყველაფერს ანალიზი სჭირდება და თუ სწორად გავაანალიზებთ შეცდომებს, ამის შანსი გვაქვს. უმრავლესობაში დიდი გარჩევა იქნება. თუ ხელისუფლებაში და პოლიტიკაში ყოფნა გვინდა, ანალიზის გაკეთება უნდა შეგვეძლოს".