27 ივნისს საქართველო ევროპის ასოცირებული წევრი გახდება

27 ივნისს საქართველო ევროპის ასოცირებული წევრი გახდება

საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულებას ევროკავშირის მხრიდან ხელს ევროკავშირის ხელმძღვანელობა, ევროკომისიის პრეზიდენტი ჟოზე მანუელ ბაროზო და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპეი მოაწერენ. საქართველოს მხრიდან კი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. ხელმოწერის ცერემონია ბრიუსელში, ადგილობრივი დროით, 09:00 საათზე გაიმართება. პროცედურის მიხედვით, ევროკავშირთან საქართველოს ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირება ევროკავშირის 28 სახელმწიფომ უნდა მოახდინოს. 

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება მზად არის ყველა მასზე ნაკისრი ვალდებულება განახორციელოს და რეფორმები ჩაატაროს ისე, რომ საქართველო უფრო მიზიდველი გახდეს უცხოური ინვესტიციებისთვის. ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რათა დაარწმუნოს ევროპელი სკეპტიკოსები, რომ საქართველო არის ღირსეული ევროპული, დემოკრატიული სახელმწიფო, რომლის ადგილი ევროკავშირშია.

For.ge. ალექსი პეტრიაშვილს ესაუბრა.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერა საბოლოო ჯამში მიგვიყვანს ევროკავშირის წევრობამდე?

- მნიშვნელოვან დოკუმენტს ეწერება ხელი - საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური დაახლოების და ეკონომიკური ინტეგრაციის დოკუმენტს, რომელიც იქნება უმნიშვნელოვანესი ფუნდამენტი იმისათვის, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი. საერთაშორისო თანამეგობრობა, ევროკავშირის ლიდერები ბატონები ბაროზო და რომპეი ღიად აცხადებენ, რომ ასოცირების ხელმოწერა არაა საბოლოო შედეგი საქართველოსა და ევროკვაშირს შორის თანამშრომლობის. ევროკავშირი ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რათა დაჩაქარდეს საქართველოს ევროკვაშირთან დაახლოება.

რა განვითარება მოჰყვება 27 ივნისს ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას ქვეყანაში?

- უნდა ვიყოთ გულწრფელები, რომ ეს არ მოხდება 28 ივნისს და 29 ივნისს. ამას სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა იმისათვის, რომ რეფორმების განხორციელებამ, შესაბამისმა საკანონმდებლო ბაზის მიღებამ, საქართველოში წარმოებული პროდუქციის შესაბამის სტანდარტებამდე აყვანამ მოგვცეს შესაძლებლობა, რომ ქართული პროდუქცია გავიდეს 500 მილიონიან ევროკავშირის ბაზარზე, შემოვიდეს დამატებითი ახალი ინვესტიციები, შეიქმნას ქვეყანაში დოვლათი, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს ჰქონდეს უფრო ფართო შესაძლებლობა იმისა, რომ მოახდინოს საკუთარი პროდუქციის რეალიზება და საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა უვიზოდ იმოგზაურონ შენგენის ქვეყნებში.

ინტეგრაცია ხდება არა კონკრეტულ საზღვრებს სახელწოდებებსა და მიწებს შორის, არამედ ადამიანებს შორის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობას ჰქონდეს შესაძლებლობა ევროპულ თანამეგობრობასთან, ევროკავშირის მოქალაქეებთან ინტეგრირების თავისუფლად, ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე. ასევე ძალიან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მომავალში ევროკავშირი კვლავ აღმოუჩენს ძალიან სერიოზულ დახმარებას მცირე და საშუალო ბიზნესს წარმოებისათვის.

თუმცა, საქართველოს საკუთარი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობისთვის უცხოური ინვესტიცია სჭირდება...

-რასაკვირველია. მინდა გითხრათ, რომ დამოუკიდებელი ავტორიტეტული ევროპული ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად მოკლევადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკა 4,3 პროცენტით, ხოლო საქართველოს პროდუქციის ექსპორტი ევროკავშირის ბაზარზე 12 პროცენტით გაიზრდება. ამ დაანგარიშებაში არაა გათვალისწინებული კიდევ ის დამატებითი შესაძლო ინვესტიციები, რომელიც შეიძლება შემოედინოს ჩვენს ქვეყანაში და გარწმუნებთ, რომ ასეთი ინტერესი არის ძალიან დიდი.

ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა უქმნის მტკიცე გარანტიას ევროპელებს და სხვა ქვეყნის წარმომადგენელ ინვესტორებს, რომ საქართველოში მოქმედებს საერთაშორისოდ აღიარებული წესები და სტანდარტები. საქართველოში არის სტაბილურობა, საქართველო არის ევროკავშირის ასოცირებული წევრი და არის ევროკავშირის სავაჭრო ზონაში ინტეგრირებული ქვეყანა.

ამ კავშირების გაზრდას, გაუმჯობესებას ემსახურება კონკრეტულად ის ფინანსური მხარდაჭერაც, რომელსაც მივიღებთ ევროკავშირის მხრიდან. დაახლოებით 50 მილიონი ევრო იქნება მიმართული სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის. მნიშვნელოვანი თანხები იქნება მიმართული მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისათვის. ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქართველოს შესაბამისმა უწყებებმა შეძლონ და ხელი შეუწყონ ქართველ მეწარმეებს საკუთარი პროდუქციის იმ სტანდარტებამდე აყვანაში, რომელიც შემდგომ მათ მისცემს მწვანე შუქს ევროკავშირის ბაზრებზე და, რომელიც რეალურად მნიშვნელოვნად შესაძლებელს გახდის ჩვენი ეკონომიკის და ჩვენი მოქალაქეების შემოსავლის ზრდას.

ხელმოწერის შემდეგ ალბათ გაცილებით მეტი იქნება გასაკეთებელი იგივე შიდა რეფორმების თვალსაზრისით...

- რასაკვირველია. იცით, რომ ყველა ძირითადი მიმართულებით მიმდინარებს ძალიან ინტენსიური თანამშრომლობა. მინდა გითხრათ, რომ მართლმსაჯულების სფერო, საჯარო სექტორი, სოფლის მეურნეობა და სოფლად განვითარება არის ის სამი ძირითადი სფერო, რომელიც უახლოესი სამი წლის განმავლობაში იქნება ჩვენს შორის თანამშრომლობის პრიორიტეტები. მედიის განვითარება და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის განმტკიცება ასევე იქნება იმ ძირითად პრიორიტეტებს შორის, რომელიც რეალურად ჩვენს ქვეყანას გარდაქმნის მართლაც დემოკრატიულ ევროპულ სახელმწიფოდ.

ეს შეთანხმება არის საქართველოს მოდერნიზაციის გეგმა, რომელიც მართლაც რეალურად მნიშვნელოვნად გააძლიერებს ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიულ ინსტიტუტებს და ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც მუშაობდა ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე, რომელიც განარგრძობს ასოცირების შეთანხმების ინპლემენტაციაზე მუშაობას. ყველას მართლაც აქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე დამსახურება. ჩვენი ხალხი და ქვეყანა მადლიერი უნდა იყოს იმ ადამიანების, ვინც მიიღო მონაწილეობა, განურჩევლად იმისა, თუ ვინ იყო ხელისუფელებაში და რა დროს. რეალურად ეს არის ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის უდიდესი მონაპოვარი და ვულოცავ ყველას.

აქვე მინდა გკითხოთ, რამდენად აქვს ხელისუფლებას გააზრებული ის საფრთხეები, რომელიც შეიძლება ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ დაემუქროს ქვეყანას რუსეთისგან?

- გამოწვევები ყველანაირი ტიპის შეიძლება იყოს. ხელისუფლებას შესწავლილი აქვს მოვლენების ყველა შესაძლო განვითარება და ეს განხილული აქვს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან. შეიძლება ეს იყოს ეკონომიკური ხასიათის გამოწვევები, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს პირდაპირი ტიპის სამხედრო კონფრონტაცია იყოს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თავი ავარიდოთ შემდგომ ესკალაციას რეგიონში.

ისედაც დაძაბულია ვითარება, როდესაც შენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი არის ოკუპირებული რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ. ჩვენ გვაქვს საპასუხო რეაქციები, გეგმები ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირთან ერთად. მთავარია შევინარჩუნოთ სტრატეგიული სიმშვიდე, არ წამოვეგოთ პროვოკაციებს, გავაგრძელოთ ეკონომიკური და დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობა.