ნავსი გატყდა - შემომწირველების სიმცირეს აღარც ოპოზიციური პარტიები უჩივიან

ნავსი გატყდა - შემომწირველების სიმცირეს აღარც ოპოზიციური პარტიები უჩივიან

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულობის სახით 8 მილიონ 200 ათას ლარამდე მიიღო, ნინო ბურჯანაძის პარტიამ დაახლოებით 2,6 მილიონი ლარი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი დაახლოებით 703 ათასი ლარი.

პოლიტიკური პარტიების შემომწირველებით და მათი კუთვნილი ან მათ მმართველობაში მყოფი კომპანიებით „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ დაინტერესდა. ორგანიზაციის ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიების 387 დონორი 875 კომპანიასთან იყო წარსულში ან ამჟამადაც არის დაკავშირებული. მათივე განმარტებით, პირდაპირი და უშუალო კავშირი 20 შემომწირველის შემთხვევაში 22 კომპანიასთან იკვეთება.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ დონორებთან პირდაპირ კავშირში მყოფმა კომპანიებმა 10 მილიონნახევრამდე ლარი მიიღეს კონკურენტული და გამარტივებული შესყიდვების სახით. აქედან 5, 6 მილიონამდე ლარი გამარტივებული ტიპის შესყიდვას წარმოადგენდა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემთხვევაში, კონკურენტული და გამარტივებული შესყიდვის კონტრაქტების საერთო ღირებულება დაახლოებით, 1,4 მილიონ ლარს შეადგენს. აქედან 140 ათასამდე ლარი გამარტივებული შესყიდვებით მიღებული შემოსავალია, ხოლო „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 167 ათასამდე ლარი მიიღეს, აქედან გამარტივებული კონტრაქტების წილი 67 538 ლარია.

რაც შეეხება არაპირდაპირ კავშირებს, კვლევის თანახმად, „ქართულ ოცნებასთან“ არაპირდაპირი კავშირი 170 კომპანიის შემთხვევაში იკვეთება. „ნაციონალურ მოძრაობას“, ამ კუთხით, 81 კომპანია უკავშირდება, ბურჯანაძის პარტიას 86 კომპანია, რესპუბლიკურ პარტიას - 11, „ეროვნულ ფორუმს“ – 6; კონსერვატორებს -4; „თავისუფალი დემოკრატებსა“ და „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ – 2-2 კომპანია. 

„მიუხედავად იმისა, რომ ყველაზე მეტი კონტრაქტები „ქართული ოცნების“ შემომწირველთა კომპანიებმა მიიღეს, მათ არც ოპოზიციური პარტიების შემომწირველები ჩამოუვარდებიან. ის ტენდენცია რომელიც ფიქსირდებოდა გასული წლების განმავლობაში, როდესაც თითქმის 99% შემთხვევაში სახელმწიფო ტენდერებისა და გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტებს მხოლოდ სახელისუფლებო პარტიის დონორებთან კავშირში მყოფი შემომწირველები იღებდნენ, არ არის შენარჩუნებული. ასევე, არ შენარჩუნდა ის ტენდენცია, როდესაც იურიდიულ პირებთან კავშირში მყოფი შემომწირველები მხოლოდ სახელისუფლებო პარტიებს წირავდნენ თანხებს. დღეს შეიძლება ითქვას, რომ იურიდიული პირები და მათთან კავშირში მყოფი კომპანიები ოპოზიციური პარტიების სასარგებლოდ შემოწირულობებს ახორციელებენ. თუმცა, მმართველი კოალიციის სასარგებლოდ გაკეთებული შემოწირულობები მეტია.

აღსანიშნავია, რომ ტენდერების და გამარტივებული შესყიდვების საფუძველზე ხელშეკრულებების დადება პოლიტიკურ პარტიების დონორებთან დაკავშირებულ კომპანიებთან არ წარმოადგენს სამართალდარღვევას, მაგრამ ამასთან ერთად აუცილებელია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ყურადღება გაამახვილოს ამ თემაზე და შეისწავლოს მსგავს გარემოებებში გაფორმებული კონტრაქტები“, - აცხადებენ „გამჭვირვალობა - საქართველოს“ წარმომადგენლები.

„ქართული ოცნების“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა მთლიანობაში 40 მილიონამდე ლარის ღირებულების კონტრაქტები მიიღეს, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემომწირველებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 2 მილიონამდე ლარის, ხოლო „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა დაახლოებით 1,5 მილიონი ლარი მიიღეს.