საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ლატვიის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრს რაიმონდ ვეიონისს პრეზიდენტის სასახლეში უმასპინძლა. შეხვედრას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ.
საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიის თავდაცვის მინისტრს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციასა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბრის ერთ-ერთი თემა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივები იყო. ყურადღება რეგიონში შექმნილ ვითარებაზეც გამახვილდა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ასევე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ლატვიაში თეიმურაზ ჯანჯალია და ლატვიის თავდაცვის სამინისტროს დელეგაციის წევრები იმყოფებოდნენ.