საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ლატვიელ კოლეგას რაიმონდ ვეიონისს უმასპინძლა.
შეხვედრის დასაწყისში საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ლატვიელ სტუმარს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ალასანიამ ხაზგასმით აღნიშნა ლატვიელი დამკვირვებლების მონაწილეობა ევროკავშირის მონიტორინგის მისიაში და ნატოს მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სააგენტოს პროექტში „საქართველო III” ლატვიის მხარის აქტიური ჩართულობა.
მინისტრებმა საქართველოსა და ლატვიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო მიმართულებები განიხილეს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები იყო. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის მნიშვნელობაზე. საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა რაიომონდ ვეიონისს ავღანეთსა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ირაკლი ალასანიამ ლატვიელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სფეროში გატარებული რეფორმები გააცნო. მან განსაკუთრებით აღნიშნა თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში მიღწეული პროგრესი, მათ შორის ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამასთან შეერთება, შეიარაღებულ ძალებში გატარებული ინსტიტუციონალიზებული რეფორმები, წოდებრივ ანაზღაურებაზე გადასვლა, ჯარის დეპოლიტიზირება, სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესება და ინფრასტრუქტურის განვითარება.
საქართველოსა და ლატვიის თავდაცვის მინისტრებმა ერთმანეთს საჩუქრები გადასცეს და შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებისთვის კომენტარები გააკეთეს.
„ჩვენთვის დიდი პატივია, რომ დღეს ვმასპინძლობთ ბატონ რაიმონდს საქართველოში, რომელიც ძალიან კარგი მეგობარია ჩვენი ქვეყნის და ჩვენი შეხვედრა და მისი ვიზიტი საქართველოში არის დემონსტრირება ლატვიის სახელმწიფოს მხარდაჭერის საქართველოს ევრპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისა.
ორმხრივი თანამშრომობა ლატვიასა და საქართველოს შორის ძალიან დინამიურად ვითარდებოდა აქამდეც და ჩვენ დღეს შევთანხმდით, რომ გავაღრმავებთ სპეციფიური მიმართულებებით ჩვენს თანამშრომლობას. ეს ეხება სადაზვერვო თანამშრომლობას, ეხება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინსტიტუციურ მშენებლობაში მათ მხარდაჭერას.
რა თქმა უნდა, დღეს ვისაუბრეთ ჩვენი რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებზე, კონკრეტულად, თუ რა ვითარებაა უკრაინაში და როგორი ნაბიჯები უნდა გადადგას ნატომ, ევროკავშირმა და რეგიონალურმა ქვეყნებმა, რომ დავიცვათ საკუთარი თავი და საკუთარი ინტერესები.
ლატვია მხარს უჭერს საქართველოს სრულ გაწევრიანებას ნატოში და დარწმუნებული ვართ, რომ მომავალ სამიტზეც ლატვიის ხმა და ლატვიის მხარდაჭერა იქნება ასევე მნიშვნელოვანი, როგორც სხვა ბალტიის ქვეყნების ხმა და აღმოსავლეთ ევროპის მხარდაჭერაც.
მინდა კმაყოფილებით ავღნიშნო, რომ ბატონი მინისტრი დათანხმდა, რომ მონაწილეობა მიიღოს ბათუმში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დაგეგმილ უსაფრთხოების კონფერენციაში, სადაც გავაგრძელებთ ჩვენი რეგიონისთვის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვას“ - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ.
ლატვიის თავდაცვის მინისტრის განცხადებით: „მინდა აღვნიშნო, რომ საქართველოსა და ლატვიას მრავალი წლის მეგობრობა აკავშირებს. შეხვედრის დროს ბევრი საკითხი განვიხილეთ, მათ შორის რეგიონალური უსაფრთხოების კუთხით. რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებულმა ქმედებებმა ცხადყო, რომ აუცილებელია მოკავშირე ქვეყნების გაერთიანება და უფრო მეტი ფიქრი რეგიონის უსაფრთხოებაზე.
ლატვია საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში სრულ მხარდაჭერას უცხადებს. ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის შეხვედრებზე ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ საქართველო უნდა გახდეს ნატოს წევრი ქვეყანა. უელსის სამიტზე ნატომ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება შემდგომი ნაბიჯებისთვის, თუ როგორ უნდა შეუერთდეს საქართველო და დარჩენილი სამი ქვეყანა ნატოს. გაწევრიანების სამოქმედო გეგმა ყველა ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მიზნის მისაღწევად საქართველომ სხვადასხვა მიმართულებით ბევრი რეფორმა გაატარა, მათ შორის თავდაცვის სფეროში. საქართველოში დემოკრატიული პროცესები მიმდინარეობს. საპარლამენტო, პრეზიდენტისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებლის სტატუსით ვიმყოფებოდი. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველო სწორ გზად ადგას და მალე ნამდვილ დემოკრატიულ ქვეყნად ჩამოყალიბდება“.