საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ლატვიის თავდაცვის მინისტრი რაიმონდ ვეიონისი ესტუმრა. ლატვიელ კოლეგას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მასპინძლობს.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ეროვნული გვარდიის სამხედრო სასულე ორკესტრმა ლატვიისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა.
მიღების ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან. მოგვიანებით, ირაკლი ალასანია და რაიმონდ ვეიონისი მედიისთვის ბრიფინგს გამართავენ.
დღესვე, ლატვიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს და ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრება.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, რაიმონდ ვეიონისი ბათუმში 26-28 ივნისს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების“ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.