სანამ ევროპა რეაგირების ფორმებს ეძებს...

სანამ ევროპა რეაგირების ფორმებს ეძებს...

ცხინვალის ახალი პარლამენტი „რესპუბლიკის“ რუსეთთან მიერთების საკითხს რეფერენდუმზე დაყენებას აპირებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტის ახლად არჩეული სპიკერი ანატოლი თიბილოვი სააგენტო „იტარ-ტასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ „ერთიანი ოსეთის“ წინასაარჩევნო კამპანია მთლიანად რუსეთთან შეერთების ინიცირებაზე იყო აგებული. პარტიამ დე ფაქტო პარლამენტის ე.წ. არჩევნებში ხმათა 46% მიიღო. 

„ჩვენ უარს არ ვამბობთ ჩვენს ლოზუნგებზე და ამ საკითხთან დაკავშირებით ორმაგი მიდგომა არ გვექნება. საკითხი რეფერენდუმზე დადგება“, - აღნიშნა ანატოლი თიბილოვმა.

ამასთან საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ცხინვალში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ურთიერთოებების საკითხებში ვლადისლავ სურკოვი. სააგენტოს „რესის“ ინფორმაციით, სურკოვმა ცხინვალსა და ძაუს დასახლებაში ობიექტების აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა, მარიონეტული რეჟიმის ლიდერს და დეფაქტო პარლამენტის დეპუტატებს შეხვდა. ცნობილია, რომ რუსეთი ე.წ. სამხრეთ ოსეთს აღდგენითი სამუშაოებისთვის ყოველწლიურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხებს უყოფს.

შეგახსენებთ, რომ ბოლო ერთი თვის განმავლობაში პუტინის თანაშემწის ეს მესამე ვიზიტია ოკურიპრებული სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. თავად სურკორმა „რია ნოვოსტთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთში სტუმრობისას რესპუბლიკის რუსეთთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის შესაძლო ჩატარების შესახებ არ უსაუბრია. სურკოვი თიბილოვის ამ იდეას დაუმუშავებელს და რუსეთთან შეუთანხმებელს უწოდებს.

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსეთთან მიერთების თაობაზე დაგეგმილი რეფერენდუმი ევროსაბჭოში დებატების საფუძველი გახდა. მოლდოვის დელეგაციის წევრის ვალერიუ გერმანსკის განცხადებით, ევროსაბჭოს დონეზე აუცილებელია, რომ ყურადღება სეპარატიზმის პრობლემებზე გამახვილდეს.

„ამ კვირაში ასოცირების ხელშეკრულება გაფორმდება და ეს უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რუსეთის მხრიდან კი ასეთი განცხადებები, ჩვენი ქვეყნების ევროინტეგრაციის გზას და ტერიტორიულ მთლიანობას ძირს უთხრის. ევროსაბჭოს დონეზე, ყურადღება პოსტსაბჭოთა ქვეყნებში სეპარატიზმის პრობლემებზე უნდა გამახვილდეს. ძალიან სამწუხაროა, რომ რუსეთის ფედერაცია სეპარატიზმს მხარს უჭერს“, - განაცხადა ვალერიუ გერმანსკიმ.

თავის მხრივ უკრაინის დელეგაციის წევრმა ვოლოდომირ არიევმა აღნიშნა, რომ ოკუპირებულ ცხინვალში ქართული და საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით ვერანაირი რეფერენდუმი ვერ ჩატარდება.

„რუსეთი ყველაფერს აკეთებს, რომ ცივ ომში დამარცხებისთვის შური იძიოს. ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკების, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის დასავლეთისკენ სვლას, პუტინი პირად შეურაცხყოფად აღიქვამს. ვიდრე რუსეთის ხელისუფლებაში ხალხი ორ ვადაზე მეტხანს იქნება, ისინი მეფეებად გადაიქცევიან და ყველანაირ საშუალებას გამოიყენებენ, მეზობელ ქვეყნებში ვითარების დესტაბილიზაციისთვის. ვერანაირი რეფერენდუმი ვერ ჩატარდება ვერც ქართული და ვერც საერთაშორისო კანონმდებლობის მიხედვით. ვეცდებით ყველაფერი გავაკეთოთ, რომ რუსეთი და პუტინი საერთაშორისო გაერთიანებამ ტერორიზმისა და სეპარატიზმის ხელშემწყობად გამოაცხადოს“, - განაცხადა ევროსაბჭოში უკრაინის საპარლამენტო დელეგაციის წევრმა არიევმა.

ქართული მხარე თვლის, რომ რეფერენდუმი ოს მოსახლეობას მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. საპაარლამენტო უმრავლესობის წევრი თინა ხიდაშელი ამბობს, რომ არავისთვის მოულოდნელი არ იქნება, თუ ხვალ ცხინვალთან დაკავშირებით რუსეთის დუმა მსჯელობას დაიწყებს.

ამასთან, ხიდაშელმა ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებებსაც უპასუხა, რომლის თანახმად პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულმა განცხადებებმა, იმის შესახებ, რომ ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის წინ რუსეთისგან რაიმე პროვოკაციას გამორიცხავდა, დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე გავლენა იქონია.

„ამაზე ვეღარ იტყვის მსოფლიო, როგორც ვთქვათ ყირიმის შემთხვევაში ამბობდა, რომ მოუმზადებელი იყვნენ, დღეს მნიშვნელოვანწილად შეიძლება ვთქვათ, რომ ჯერი საერთაშორისო თანამეგობრობაზეა, ჩვენი ლიდერობით, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ნათელი უნდა გახდეს ერთობლივი პოზიცია ყველასი“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

საქართველოს საგარეო უწყებაში კი აცხადებენ, რომ ნებისმიერი რეფერენდუმი, თუ არჩევნები, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარდება, წარმოადგენს უკანონო აქტს. რეფერენდუმის ჩატარება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და საზღვრების ურღვევობის პრინციპებს. მაია ფანჯიკიძის უწყებაში აცხადებენ, რომ რეფერენდუმის ჩატარების შემთხვევში, მას არ ექნება არავითარი იურიდიული ძალა და მას კანონიერად არ სცნობს საერთაშორისო საზოგადოება.

პოლიტოლოგი ოსო ცინცაძე ამბობს, რომ თიბილოვის იდეაფიქსია როგორმე მიიერთოს რუსეთმა, მაგრამ რუსეთი ამ ნაბიჯს არ გადადგამს.

„რუსი ექსპერტები იმაზე ამახვილებენ ყურადღებას, რომ მოსკოვს ყელში ამოუვიდა სეპარატისტების თვითშემოქმედება, მოსკოვი ამით არაფერს არ იგებს. უნდა მიიერთოს ყირიმი, ახლა ცხინვალი, პუტინს მართლა არ უნდა, რომ გიტლერივით შევიდეს ისტორიაში, ეს რუსეთის ინეტერსებში არ არის და არც ჯინაზეა გაკეთებული. რეფერენდუმი ლუგანსკშიც და დონეცკშიც ჩატარდა, მაგრამ რა, პუტი წავიდა მიერთებაზე? ჯარის შეყვანაც ვერ გაბედა. ამიტომ, აქ არაფერი არ შეიცვლება.

დღეს რა მდგომარეობაც არის ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით, ეს არის იდეალური ვარიანტი რუსეთისათვის. ვინაიდან, რუსეთი უყურებს თუ დადგა საქართველოსთან ვაჭრობის საკითხი, აფხაზეთს სავაჭროდ არ გაიმეტებს, მაგრამ ცხინვალის რეგიონს ადვილად გაიმეტებს სავაჭროდ, ხურდა ფულად გაიმეტებს, ეს ოსებმაც იციან. ამიტომაც არის, რომ ყოველნაირად ცდილობენ დაუმტკიცონ პუტინს, რომ თიბილოვი პუტინზე უფრო მეტი პატრიოტია“, - აცხადებს სოსო ცინცაძე.

პოლიტოლოგი გამორიცხავს, რომ რუსეთმა ამ რეფერენდუმის საფუძველზე მიიერთოს ე.წ. სამხრეთ ოსეთი. მისივე შეფასებით, თიბილოვის ეს განცხადება არანაირ კავშირში არაა 27 ივნისთან როდესაც საქართველომ ხელი უნდა მოაწეროს ასოცირების ხელშეკრულებას. ცინცაძის განცხადებით, რუსეთის პასუხი ასოცირების ხელშეკრულებაზე იქნება ეკონიმიკური და არა სამხედრო-პოლიტიკური.

„ეს გამორიცხულია. ნუ ვიფიქრებთ იმაზე, რომ რაც არ უნდა გააკეთოს ახლა პუტინმა ყველაფერი ეს არის პასუხი ასოცირების ხელშეკრულებაზე. ჩვენს ჯინაზე რუსეთი რასაც იზამს ამას ჩვენ ვნახავთ 2-3 თვის მერე. ძირითადად ეს იქნება ეკონომიკურ ასპექტში.

იცით, რომ ჩამოსული არიან რუსი ექსპერტები, ამოწმებენ ჩვენს ხილის და ბოსტნეულს, აი მათი დასკვნები ვნახოთ, ეს იქნება შემდეგი პასუხი და არა ახლა ოსეთის ან აფხაზეთის მიერთება, ეს გამორიცხულია“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ცოცო ცინცაძე.

პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძისთვის მიუღებელია ვერსია თითქოს, რუსეთი არაფერ შუაშია. მისი თქმით, იმ ვერსიაზე ფიქრი, რომ თიბილოვმა დამოუკიდებელი განცხადება გააკეთა, განსახილველად არ ღირს. კითხვაზე, ყირიმის ფონზე შედის თუ არა დღეს რუსეთის გეგმაში ოკუპირებულ რეგიონში რეფერენდუმის ჩატარება, პოლიტოლოგი პასუხობს, რომ გააჩნია რა გეგმით მოქმედებს ზოგადად რუსეთი.

„თუ რუსეთი მოქმედებს იმ გეგმით, რომ სანამ გაგვივა გავიტანოთ ყველა მიმართულებით, მაშინ ის აფხაზეთსა და ოსეთში ეცდება გაიმეოროს უკრაინული რეფერენდუმის გზა, მაგრამ თუ რუსეთი მოქმედებს ფრთხილად, მაშინ, წესით, მან ჯერ უნდა დაინახოს რითი დამთავრდება უკრაინული პროცესები, შეირგოს ყირიმი და მერე იფიქროს სხვა ნაბიჯებზე.

ასეთი სიფრთხილე რუსეთს სტილში არ ეტყობა. ამიტომ, მგონია, რომ რუსეთის წარმომადგენლის ეს განცხადება, დიპლომატური ჟესტია და თუ ამას დავამატებთ იმ პროცესებს რაც აფხაზეთში ხდება, სადაც „ხელისუფლებაში“ მოდის ისეთი ადმინისტრაცია, რომელიც რუსულ დირიჟორობას აჰყვება, მაშინ მგონია, რომ რუსეთი ცდილობს, მაქსიმალური მიიღოს, სანამ ევროპა რეაგირების ფორმებს ეძებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.