სკოლის დირექტორებს თათბირს სოციალური კომისიის ხელმძღვანელი უტარებს?!

სკოლის დირექტორებს თათბირს სოციალური კომისიის ხელმძღვანელი უტარებს?!

რამდენიმე დღის წინ, ჩოხატაურის საგანმანათლებლო რესურსცენტრში საჯარო სკოლის დირექტორები თათბირზე დაიბარეს. თათბირი კი არც მეტი და არც ნაკლები, საკრებულოს სოციალური კომისიის თავმჯდომარემ, ზაურ ოსეფაიშვილმა ჩაატარა. როგორც შეხვედრაზე მყოფებმა გვითხრეს, საუბარი ერთი გაზეთის ირგვლივ მიმდინარეობდა:

 

”ბატონმა ზაურმა გვითხრა, რომ  გაზეთი “გურიის დრო” უნდა გამოვიწეროთ”, - აღნიშნა ერთ-ერთმა დირექტორმა, რომლის ვინაობას ჩვენ შეგნებულად არ ვასახელებთ.

 

ერთმა ისიც გაგვიმხილა, რომ ოსეფაიშვილმა გუბერნატორიც მოიშველია. ”ამის შესახებ საქმის კურსშია გუბერნატორიც”, - უთქვამს და სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის და გაზეთის ჩუქების პირობაც დაუდევს.

 

სოციალური კომისიის ხელმძღვანელის მიერ დარეკლამებულ გაზეთში გურიის გუბერნატორის ინტერესებზე სამთავრობო წრეებში კარგა ხანია საუბრობენ. გავრცელებული ინფორმაციით, ჩიტაიშვილმა  გაზეთი საკუთარი პიარისთვის და მომავალი პოლიტიკური კარიერის ასაწყობად შექმნა და ახლა სახელმწიფო რესურსების გამოყენებით ცდილობს მას ბაზარზე ადგილი დაუმკვიდროს.

 

ჩვენ ვეცადეთ უშუალოდ გუბერნატორის პოზიციაც გაგვეგო ამ საკითხთან მიმართებაში, თუმცა ჩიტაიშვილმა ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მხარის პირველმა პირმა ჩვენთან საუბარი არც გაგზავნილი სმს შეტყობინების შემდეგ ისურვა.

 

იმ ფონზე, როცა გუბერნატორი არცთუ უნაკლო წარსულის მქონე ადამიანს მოადგილედ ინიშნავს, როცა მისი დანიშნული კადრი ძებნილი ხდება და როცა მისი გუბერნატორობის დროს რამდენიმე რეზონანსული, კორუფციული დანაშაული ხდება ცნობილი, ბუნებრივია რომ პოლიტიკური რეაბილიტირება და მისი კეთილი სახის დანახვა ნამდვილად სჭირდება.

 

შეხვედრა ვერც ოსეფაიშვილთან მოვახერხეთ. ჩვენს ზარს არც მან უპასუხა, ხოლო კაბინეტში რამდენჯერმე მისულებს არ დაგვხვდა.

 

რესურ-სცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა წილოსანი ოსეფაიშვილის დირექტორებთან შეხვედრას ადასტურებს, თუმცა უარყოფს, რომ ოსეფაიშვილმა მათ გაზეთის გამოწერა დაავალა:

 

”მე, პირადად ვისმენდი საუბარს. ზაურ ოსეფაიშვილმა აღნიშნა, რომ სოციალურად დაუცველი მოსწავლეებისთვის გაზეთი უფასო იქნებოდა და მათ ნაწერებსაც უსასყიდლოდ დაეთმობოდა ფართი”, - აღნიშნა წილოსანმა და იმ დირექტორების ვინაობის გამხელა მოგვთხოვა, ვინც ჩვენთან საუბრისას დაადასტურა, რომ მათ გაზეთის გამოწერა დაავალდებულეს.

 

ჩვენ არ ვართ ვალდებულები მათი ვინაობა გაგიმხილოთ... მით უმეტეს არ არის გამორიცხული მათ თანამდებობები დაატოვებინონ...

- რომელი დირექტორი გინახავთ, მე რომ საყვედური მეთქვას? ვისაც რაც უნდა, იმას ამბობს... შეხვედრაზე შემოვიდა ზაური და თქვა, რომ გაზეთში იქნება ჩანართი, ოღონდ მჭირდება სოციალურად დაუცველი ბავშვების სია, რომლებიც მიიღებენ ამ გაზეთს უფასოდო.

 

გამოდის, რომ ერთი ხათუნა წილოსანია მართალი და 7 სკოლის დირექტორი, რომლებსაც ჩვენ ვესაუბრეთ - ტყუის...

- დაძალება არ ყოფილა, - აღნიშნა წილოსანმა და ისიც გვითხრა, რომ თათბირზე გუბერნატორის სახელი არავის უხსენებია.

 

ამ შეხვედრას გამოხმაურება სკოლებშიც მოჰყვა. როგორც პედაგოგები ჩვენთან პირად საუბრებში ამბობენ, ზემდგომისგან დავალებით წამოსულმა სკოლის ხელმძღვანელებმა, სკოლებში თათბირები გამართეს და პედაგოგებს გაზეთების გამოწერა დაავალეს..

 

მედია-ექსპერტის ზვიად ქორიძის თქმით, ეს პროცესი  ჯანსაღი არ არის და ასეთი მედია-საშუალება, ვერ დაიმსახურებს მკითხველის ნდობას, რაც მნიშვნელოვანია გაზეთისთვის:

 

”ასეთ ქმედებით საჯარო მოხელე უპირისპირდება იმ მედია საშუალებებს, რომელიც, დამოუკიდებელია ხელისუფლებისგან. ძალიან ცუდია, როდესაც სარედაქციო პოლიტიკას ვიღაც ჩინოსანი ან საჯარო მოხელე განკარგავს. მივიჩნევ, რომ კომისიის თავმჯდომარის მიერ თათბირზე გაკეთებული განცხადებები და კონკრეტული გაზეთის გამოწერა მითითება არაეთიკურია.

 

აღსანიშნავია ისიც, რომ მსგავსი დავალდებულებები სკოლებში უცხო ხილი არ გახლავთ. როგორც მოსწავლეთა მშობლებმა გვითხრეს, ჟურნალ “ბატი ბუტას,” რომელიც საბავშვო ბაღის და უმცროსი კლასის  ასაკობრივი ჯგუფისთვის არის განკუთვნილი, ყოველთვიურად აწერინებენ მე-5 და მე-6 კლასელ მოსწავლეებს და მასში 3 ლარს ახდევინებენ.

 

წილოსანი უარყოფს, რომ სკოლებში რაიმეს დავალდებულება ხდება. თუმცა, პედაგოგები და სკოლის დირექტორები გაზეთის დაძალებასთან ერთად იმაზეც საუბრობენ, რომ 3 კილოგრამი ჰიბრიდული სიმინდის ყიდვა გარანტირებული აქვთ, რადგან ასეთია სამსახურში დარჩენისთვის გასაღები ხარკი.