მაპის ნაცვლად - გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი

მაპის ნაცვლად - გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი

საქართველომ უელსის სამიტზე მაპ-ის ნაცვლად შესაძლოა, გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი მიიღოს. რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ურთიერთობა ნატოსთან უფრო მჭიდრო ხდება. ქართული მხარე დარწმუნებულია, რომ ამ სამიტიდან ქვეყანა მნიშვნელოვან შედეგით დაბრუნდება. იქნება თუ არა ეს შედეგი მაპი, ამაზე უმრავალესობა ჯერჯერობით არ საუბრობს.

ალიანსმა დაასრულა მუშაობა 4 ასპირანტი ქვეყნის შესახებ 4 ანგარიშზე - საქართველო ერთ-ერთია. ანგარიშები უკვე გაეგზავნათ საგარეო საქმეთა მინისტრებს. მათი მთავარი მიზანია აღწერა იმის, თუ როგორ მიდის თანამშრომლობა ამ სახელმწიფოებთან და რა პროგრესი აქვთ სახეზე.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი ჯეიმს აპატურაი დარწმუნებულია, რომ უელსის სამიტი გახდება საფუძველი ალიანსსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობისთვის, რა ორდენი იქნება ამ პროგრესის დასადასტურებლად, ამაზე იმსჯელებენ მინისტრები. მისივე განმარტებით, ამ საკითხთან დაკავშირებით ალიანსი ფინალურ მომენტამდე ჯერ არ მისულა.

„შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს შესახებ მომზადებული ანგარიში პოზიტიურია. ვინაიდან ძალიან ბევრი რამ გაკეთდა და არჩევნები კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი იყო. მე დარწმუნებული ვარ, რომ რაც არ უნდა გადაწყდეს სამიტისთვის, ჩვენ ვნახავთ ნატო-სა და საქართველოს შორის კავშირების გამყარებას, პაკეტი კი შეიძლება მოიცავდეს ბევრ ელემენტს. ამ ელემენტებს კიდევ განიხილავენ. საქართველო უნდა ელოდოს ალიანსისგან მეტ მხარდაჭერას, ნატო-ს გაზრდილ პერსონალს თქვენს ქვეყანაში, მეტ შესაძლებლობას მჭიდრო თანამშრომლობისთვის“, - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი, ალექსი პეტრიაშვილი ვარაუდობს, რომ გაძლიერებული თანამშრომლობის პაკეტი მხოლოდ ნაწილი იქნება იმ გადაწყვეტილებების, რომელიც უელსის სამიტზე საქართველოსთან მიმართებაში იქნება მიღებული.

ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, სექტემბერში მთავრობას უფრო მეტი ექნება სათქმელი მოქალაქეებისთვის. მისივე თქმით, ვერც ერთი პოლიტიკოსი და დიპლომატი ვერ დაასახელებს ამ ეტაპზე თუ რა ერქმევა ნატო-ს მხრიდან უელსის სამიტზე საქართველოს პროგრესის დაფიქსირებას. მინისტრი ამბობს, რომ ნატო-ში ყველა თანხმდება, რომ ეს პროგრესი საქართველოზე აუცილებლად უნდა აისახოს.

„რეალურად, მართლაც მიმდინარეობს მუშაობა, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის და საქართველოსთან ნატო-ს მხარდაჭერისა და თანადგომის კუთხით მიღებულ იქნეს გადაწყვეტილებები. ყველაზე მთავარი ისაა, რომ დღის წესრიგში ძალიან მაღლა დგას და ერთ-ერთი მთავარი საკითხია ნატო-ს წევრ ქვეყნებსა და ხელმძღვანელობას შორის კონსულტაციების დროს საქართველოსთვის პროგრესის დაფიქსირების საკითხი. თუმცა, ამ საკითხზე კონსენსუსი ჯერჯერობით არ არის მიღწეული. ნატო არ არის ის ორგანიზაცია, რომელიც მესამე მხარეზე ყურებით იღებდეს გადაწყვეტილებას. განისაზღვრება და ფასდება რისკები ჩვენი ქვეყნისთვის, ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის.

გეოპოლიტიკური ვითარება არც თუ ისე მარტივია, რეგიონში გვაქვს ერთი ძალიან სერიოზული დაძაბულობის კერა რუსეთის მონაწილეობით. ანექსირებულია ყირიმ-სევასტოპოლი, ასევე მიმდინარეობს ძალიან სერიოზული ფართომასშტაბიანი სამხედრო დაპირისპირება აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე. ამ და სხვა გარემოებებს ნატო ძალიან სერიოზულად განიხილავს“, - აცხადებს პეტრიაშვილი.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი პარტნიორი და მეგობარი სახელმწიფოს მაღალი რანგის პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ნატო-ში ქვეყნები გაწევრიანებულან მაპ-ის გარეშეც. მინისტრის განმარტებით, მაპ-ი არ წარმოადგენს უსაფრთხოების გარანტიას, მაგრამ ეს სავალდებულო ნაბიჯია ნატო-ში შემდგომი ინტეგრაციისკენ.

„ჩვენ გადაჭარბებული მოლოდინების წინააღმდეგნი ვართ. საქართველოს აქვს რეალური მზაობა ნატო-ში გაწევრიანების, მაგრამ არ აქვს ეს მზაობა ნატო-ს ცალკეულ ქვეყნებს. ამ მზაობას აფასებენ. ნატო საქართველოსთვის უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიაა. ჩვენ ვღებულობთ ნატო-ს ოპერაციებში მონაწილეობას, ძალიან დიდი მსხვერპლი გავიღეთ. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ჩვენი კალენდარი, ნატოს კი აქვს მორალური და პოლიტიკური ვალდებულებაც ჩვენი გაწევრიანების.

მე აქცენტს გავაკეთებ აშშ-ის მიერ ვარშავაში გაკეთებულ განცხადებაზე, აქცენტს გავაკეთებ დიდი ბრიტანეთის განცხადებაზე, რომ ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის საქართველო, მოლდოვა, უკრაინა, აუცილებლად უნდა აღმოვუჩინოთ დახმარება მათი თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების კუთხით. ჩემთვის დღეს გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება, ვიდრე ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ იძლევა გარანტიას და სავალდებულოს არ ხდის ნატო-ს მხრიდან ჩვენი ქვეყნის დაცვას“, - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

სამიტზე საქართველოში მიმდინარე პროგესის ასახვის მოლოდინში არიან ექსპერტები. ისინი როგორც for.ge-სთან საუბრისას აცხადებენ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ნატოს უელსის სამიტზე დაფიქსირდეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის კუთხით წინსვლის კიდევ ერთი წინწადგმული ნაბიჯი.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თამჯდომარე დავით სიხარულიძე თვლის, რომ მნიშვნელოვანია ქვეყანამ მაქსიმალაური აქტიურობა გამოამჟღავნოს.

„ერთი მხრივ კონსოლიდირება მოვახდინოთ იმ მხარდამჭერი ქვეყების, რომლებსაც სერიოზული არგუმენტები აქვთ იმისათვის, რომ საქართველოს მიენიჭოს მაპი და გავამყაროთ ეს არგუმენტები. მეორე მხრივ კი, იმ სკეპტიკოსებს, რომლებსაც ჩვენი საწინააღმდეგო არგუმენტები აქვთ, მაქსიმალურად შევამციროთ. ამიტომ, მნიშვნელოვანია ქვეყანამ მაქსიმალური აქტიურობა გამოამაჟღავნოს“, - აცხადებს დავით სიხარულიძე.