მთვარისა და დედამიწის დაახლოება დედამიწას მასშტაბურ კატაკლიზმებს მოუტანს

მთვარისა და დედამიწის დაახლოება დედამიწას მასშტაბურ კატაკლიზმებს მოუტანს

იაპონიას მორიგი დამანგრეველი მიწისძვრა თავს დაატყდა. გავრცელებული მონაცემებით, მიწისძვრის გამო დედამიწის ღერძი მთელი 10 სანტიმეტრით გადაიხარა. ამასთან ასტროფიზიკოსები 19 მარტს უამრავ ბუნებრივ კატასტროფას პროგნოზირებენ, როდესაც მთვარე დედამიწის ზედაპირს მაქსიმალურად მიუახლოვდება.

 

ამომავალი მზის ქვეყანაში გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად დედამიწის ღერძი რომ 10 სანტიმეტრით გადაიხარა, იტალიის გეოფიზიკისა და ვულკანოლოგიის ეროვნული ინსტიტუტი იტყობინება.

 

სეისმოლოგების განცხადებით, დღევანდელმა მოვლენამ დედამიწის ბრუნვის ღერძზე გაცილებით დიდი გავლენა მოახდინა, ვიდრე 2004 წელს სუმატრაზე მომხდარმა მიწისძვრამ, რომელმაც მაშინ დედამიწის ღერძი 6 სანტიმეტრით გადახარა.

 

იტალიის კოსმოსური სააგენტოს გეოდეზიური ცენტრის სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ის, თუ რა გავლენა მოახდინა ამ მიწისძვრამ დედამიწის ღერძზე, ზუსტ გამოკვლევას საჭიროებს. იტალიელი მეცნიერები აცხადებენ, რომ დღევანდელი მიწისძვრა იმაზე ნაკლები სიმძლავრისაა, რომელიც 1960 წელს ჩილეში მოხდა. მაშინ მიწისძვრის სიმძლავრემ 9,3-9,5 მაგნიტუდა შეადგინა.

 

იაპონიაში გუშინ 8.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ტოკიოს ჩრდილო-აღმოსავლეთით 373 კილომეტრის მოშორებით დაფიქსირდა. მიწისძვრამ ცუნამი გამოიწვია, ტალღების სიმაღლემ 10 მეტრს მიაღწია. კატასტროფას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

 

ასტროფიზიკოსების პროგნოზით, 19 მარტს მთვარე დედამიწის ზედაპირს მაქსიმალურად მიუახლოვდება , რასაც უამრავი სტიქიური უბედურება და ბუნებრივი კატასტროფა მოჰყვება, - ამის შესახებ უცხოური მედიასაშუალებები იუწყებიან.

 

დასავლელმა სპეციალისტებმა განსაზღვრეს, რომ ზუსტად 19 მარტს მთვარესა და დედამიწას შორის მანძილი, უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში, მაქსიმალურად მცირე იქნება და 356 ათას კილომეტრს მიაღწევს.

 

ასტროფიზიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ მთვარისა და დედამიწის მაქსიმალური დაახლოება დედამიწას მასშტაბურ კატაკლიზმებს მოუტანს. მსგავსი მოვლენები მიმდინარეობდა 1955, 1974, 1992 და 2005 წლებშიც. სწორედ ამ პერიოდში მოხდა არაერთი მიწისძვრა, დამანგრეველი ციკლონი თუ ცუნამი.

 

მიწისძვრის წარმოქმნა

დედამიწის ზედაპირის რყევითი მოძრაობა იწვევს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერ და გამანადგურებელ მოვლენას - მიწისძვრას.

 

მიწისძვრები ხდება დედამიწის ქერქში. დედამიწის გარეთა საფარი შედგება მოძრავი ქანებისაგან. ქანების მოძრაობა არ არის სწორი და თანამიმდევრული. ამ დროს აღინიშნება კუმშვითი და გამჭიმი ძაბვები. წნევა ქანებს აწვება და დედამიწის ზედაპირის რღვევას იწყებს დაგროვილი ენერგია სხვადასხვა ინტენსივობის მიწისძვრის სახით ვლინდება.

 

მიწისძვრის სიმძლავრე დამოკიდებულია მის ბუნებაზე და დედამიწის ზედაპირის მდგომარეობაზე. მიწა შეიძლება გაიხსნას, ამოიწიოს ან ჩაღრმავდეს. მთიან ადგილებში მიწისძვრამ შეიძლება გამოიწვიოს ზვავი ან მეწყერი, რომელსაც მოჰყვება გამდნარი ლავის მაგვარი თიხოვანი მასა. ხშირ შემთხვევაში, მეწყერის შედეგად, თიხოვანი და ქვიშიანი ნიადაგები ერევა ერთმანეთს და წარმოქმნის არამდგრად, მოძრავ ქანებს, ანუ ჭანჭრობს. ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა 1964 წლის ალასკის მიწისძვრის დროს.

 

ბუნების გამანადგურებელი ძალა

ბუნებრივი ძალებიდან მიწისძვრა ერთ-ერთი ყველაზე გამანადგურებელია. დიდი მასშტაბის მიწისძვრა შესაძლოა 10000-ჯერ მეტად დამანგრეველი იყოს, ვიდრე, მაგალითად, ატომური ბომბი, რომელიც 1945 წელს იაპონიის ქალაქ ჰიროსიმაში ჩამოაგდეს. მიწისძვრის დროს დედამიწა თითქმის ისევე ირყევა, როგორც გემი ზღვაში.

 

ზოგჯერ მიწის ზედაპირზე წარმოიქმნება მიწისძვრის, ანუ სეისმური ტალღები. 1906 წელს სან-ფრანცისკოს მიწისძვრის დროს, თვითმხილველების თქმით, გაჩენილი მიწის ტალღები 1 მეტრ სიმაღლეს აღწევდა. მიწისძვრის სიმძლავრის მიხედვით, მიწა შეიძლება ოდნავ ან ძლიერად შეირყეს, რის გამოც რელიეფი იცვლის ფორმას. მაგალითად, სან-ფრანცისკოში აღმოაჩინეს, რომ სან-ანდრეასის ნაპრალი 6 მეტრით იყო გადაადგილებული.

 

მიწისძვრების უმეტესობა გრძელდება მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში, მაგრამ ის შეიძლება გაგრძელდეს წუთით და ოდნავ მეტიც. მაგალითად, 1906 წლის სან-ფრანცისკოს მიწისძვრა მხოლოდ 40 წამი გაგრძელდა მაშინ, როდესაც 1964 წლის 24 იანვრის ალიასკის მიწისძვრა დედამიწას შვიდი წუთის განმავლობაში არყევდა. აქედან სამი საკმაოდ ძლიერი ინტენსივობის იყო.

 

ხშირად ძირითად მიწისძვრას თან სდევს შემდგომი ბიძგები. ყოველი მათგანი ნაკლებად ძლიერია წინანდელზე შედარებით. შემდგომ ბიძგებსაც შეუძლია დიდი ზიანის მიყენება. 1985 წელს ქალაქ მეხიკოში მომხდარმა მიწისძვრამ, მერკელის სკალის მიხედვით, 11 ბალი დააფიქსირა და ქალაქის ცენტრს დიდი ზიანი მიაყენა. მომდევნო დღეს შემდგომი ბიძგის ინტენსიობა 10 ბალს შეადგენდა და ქალაქი თითქმის მთლიანად განადგურდა. ორმა მიწისძვრამ 10000 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

 

მერკალის სკალა

დღესდღეობით, სეისმოლოგები უპირატესობას ანიჭებენ მერკალის სკალას, რომელიც 1902 წელს იტალიელმა სეისმოლოგმა მერკალმა გამოიგონა. მისი სკალა 12-ბალიანია და, დაახლოებით ასეთია:

 

2 ბალი: ძალიან სუსტი რხევები, ოდნავ შესამჩნევი.

5 ბალი: საკმაოდ ძლიერი რხევა, საგნები ირხევა და ძირს ვარდება, მინები იმსხვრევა.

7 ბალი: ძალიანძლიერი რხევა. სახურავებიდან ცვივა კრამიტი, ზიგიერთი შენობა იბზარება.

8 ბალი: უძლიერესი ძალიდ რხევა. სუსტი ნაგებობები, ძეგლები და კედლები იშლება.

10 ბალი: დამანგრეველი ძალის რხევა. შენობების უმრავლესობა ინგრევა. მიწა იბზარება. შეიძლება გამოიწვიოს ცუნამიც.

12 ბალი: კატასტროფული ძალით რხევა. დედამიწის რელიეფი იცვლება. წარმოიშვება ზედაპირული სეისმური ტალღები. უდიდეს მსხვერპლს და ზარალს იწვევს.

 

მიწისძვრის ზონები

მანამ, სანამ მიწისძვრის ბუნებას შეისწავლიდნენ, მეცნიერები ადგენდნენ სპეციალურ რუკებს, რომლებზეც აღნიშნავდნენ მიწისძვრის წარმოშობის ადგილებს მისი სიხშირის მიხედვით, ანუ ადგენდნენ სეისმურ დარაიონებას. მიუხედავად იმისა, რომ მიწისძვრის წარმოშობისაგან დედამიწის არც ერთი უბანი არ არის დაცული, არსებობს ისეთი ზონები, სადაც იგი მეტად მოსალოდნელია. ასეთ ზონებს განეკუთვნება ვულკანური ზონები, ისეთები, როგორიცაა ე. წ. „ცეცხლოვანი რკალი“ წყნარ ოკეანეში.

 

მიწისძვრების განსაზღვრისა და პროგნოზების მეთოდების გაუმჯობესების შედეგად, დაიხვეწა სპეციალური სეისმური რუკებიც და შესაძლებელი გახდა მიწისძვრის აქტივობის უფრო დეტალური სურათის დახატვა.

 

1960-იან წლებში სეისმოლოგია უფრო მეტად განვითარდა. მეცნიერები ქმნიდნენ სპეციალური სეისმური სადგურების ქსელს და აკვირდებოდნენ მიწის ყველანაირ ვიბრაციას. შეჯამებული შედეგების სეისმური რუკები აჩვენებდნენ, რომ მიწისძვრების წარმოქმნის ყველაზე საშიში მონაკვეთები მდებარეობს ახლად წარმოქმნილი მთების, ვულკანებისა და დედამიწის ქერქში არსებული ნაპრალების ადგილებში.

 

მიღებული მონაცემებით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა თეორია, რომლის მიხედვით, დედამიწის 100 კმ-ის სიღრმის ქერქი და მისი შემდგომი ფენა – მანტია, დაყოფილია რვა ტექტონურ ფილად, რომლებიც განლაგებულია დედამიწის შიდა, ნაწილობრივ გამდნარ ფენაზე – ასთენოსფეროზე. დედამიწის ამ ნაწილის მუდმივი აქტივობა იწვევს ტექტონური ფილების მოძრაობას.

 

წყალქვეშა მიწისძვრები

როდესაც მიწისძვრები ზღვაში ხდება, წარმოიქმნება დიდი ტალღა – ე. წ. ცუნამი. ოკეანის სიღრმეში ეს ტალღები ძნელად შესამჩნევია. ისინი ზღვაში 790 კმ/სთ-ში სიჩქარით მოძრაობენ, მაგრამ, როდესაც ნაპირს უახლოვდებიან, სიჩქარეს კარგავენ და სიმაღლეში იმატებენ, ზღვა უკან იხევს და უზარმაზარი ტალღების სერიებად იქცევა.

 

მცირე ზომის ყურეში შეღწევის დროს ცუნამის ტალღა სიგანეში იკუმშება და 20-მდე მეტრ სიმაღლეს აღწევს. ასეთი ცუნამი გზად ყველაფერს ანადგურებს. 1755 წელს, მიწისძვრის შემდეგ წარმოქმნნილმა 17-მეტრიანმა ცუნამიმ პორტუგალიის ქალაქ ლისაბონს გადაუარა. მიწისძვრის შემდგომმა ბიძგებმა გამოიწვიეს ნგრევა და ხანძარი. ლისაბონის შენობების სამი მეოთხედი დაინგრა, ნგრევამ 60000 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

 

დედამიწა მუდმივ რყევას განიცდის, მიუხედავად იმისა, რომ კატასტროფული ხასიათის მიწისძვრები არც თუ ისე ხშირია, ყოველწლიურად მიწისძვრების მკვლევარი ექსპერტები, ანუ სეისმოლოგები აფიქსირებენ 500000 მიწისძვრას – დაახლოებით, ერთ მიწისქვეშა ბიძგს ყოველ წუთში. ამ რყევების უმრავლესობა შეუმჩნეველია ყველასათვის, გარდა სეისმოლოგებისა და მათი სუპერ-სენსორული მიწისძვრის დეტექტორისა, რომელსაც სეისმომეტრი ეწოდება.

 

წარსულში სეისმოლოგები მიწისძვრის სიმძლავრეს ზომავდნენ რიხტერის სკალით, რომელიც 1935 წელს წარმოადგინა ამერიკელმა ექსპერტმა ს. ფ. რიხტერმა და რომელსაც მისი სახელი დაერქვა. დღესდღეობით უპირატესობას ანიჭებენ მერკალის სკალას, რომელიც 1902 წელს იტალიელმა სეისმოლოგმა მერკალმა გამოიგონა.

 

მიწისძვრის დროს კერიდან ყოველმხრივ ვრცელდება დრეკადი სეისმური ტალღები: პირველადი, ანუ გრძივი (P) და მეორადი, ანუ განივი (S). გრძივ ტალღებში რხევა მიმდინარეობს ტალღის გავრცელების მიმართულებით, ხოლო განივ ტალღებში კი – ტალღის გავრცელების პერპენდიკულარულად. დედამიწის ზედაპირზე ეპიცენტრიდან ვრცელდება, აგრეთვე, ზედაპირული (L) სეისმური ტალღები.

 

ბუნებრივ ნიშნებზე დაკვირვება

მიწისძვრის პროგნოზირების დროს დიდი მნიშვნელობა აქვს ბუნებრივი ნიშნების გათვალისწინებას, მაგალითად, ცხოველების ქცევაზე დაკვირვებას. როდესაც მოსალოდნელია მიწისძვრა, ძაღლები ყმუიან, ცხენები შფოთავენ, ჩიტები კი მოუსვენრად დაფრინავენ წრეში. 1975 წლის ჩინეთის ერთ-ერთ ქალაქში მიწისძვრამდე მოსახლეობამ ამოიცნო რამდენიმე მომასწავებელი ნიშანი, მათ შორის ცხოველთა უცნაური ქცევაც და შეძლო თავის დაცვა საშინელი ნგრევისაგან.

 

მიწისძვრების ზონებში მეცნიერების დაკვირვების საგანს წარმოადგენს წყაროები. აქ ისინი ამონტაჟებენ სპეციალურ აპარატურას, რომელიც წყლის შემადგენლობას აჩვენებს. საქმე იმაშია, რომ მიწისქვეშა ძვრების დროს გამოიყოფა აირი, სახელწოდებით რადონი, რომელიც დადემიწის ზედაპირზე ამოდის და ერევა წყალს. ამგვარად, წყაროს  წყალში რადონის რაოდენობის მომატება შესაძლოა მიწისძვრის მანიშნებელი იყოს.

 

ხშირ შემთხვევაში მიწისძვრამდე დედამიწის ზედაპირიდან გამოიყოფა ელექტრულად დამუხტული გაზები, რომლებსაც ოდნავ შესამჩნევი ნათება გააჩნიათ და მათ „მიჭისძვრის შუქებს“ უწოდებენ. ასევე მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ მიწისძვრის მოსალოდნელი ზონის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალბადის აირის დონე ათჯერ აღემატება ნორმას. სამწუხაროდ, ეს ფენომენი არ აღინიშნება ყველა მიწისძვრის დროს. მეცნიერები პროგნოზირებისათვის უამრავ სხვადასხვა ტექნოლოგიას იყენებენ, მაგალითად, დეფორმაციისა და დახრილობის აღმრიცხველ ხელსაწყოებს.

 

ფილების მოძრაობა და ნაპრალები

ნაპრალები დედამიწის ქერქში გიგანტური ზომის ბზარებს წარმოადგენენ. მათი სიგრძე და სიღრმე ხშირად რამდენიმე კილომეტრს აღწევს. მიწისძვრა წარმოიქმნება იმ შემთხვევაში, როდესაც დედამიწის შიდა ფილების მოძრაობის შედეგად წარმოქმნილი წნევა აწვება ნაპრალის ქანებს.

 

ეს პროცესი თანდათანობით მიმდინარეობს, ამიტომ ტექტონური ფილების მოძრაობა მუდმივი არ არის. ხშირ შემთხვევაში ფილები უძრავ მდგომარეობაში საკმაოდ დიდხანს რჩებიან. როდესაც წნევის ძალა მეტია ქანების სიმკვრივეზე, ისინი სკდება და ფილები მოძრაობაში მოჰყავს.

 

მიწისძვრის ზუსტი დროის წინასწარი გათვლა შეუძლებელია. დეტალური მონიტორინგისა და სეისმური რუკების შედგენის შედეგად, მეცნიერები პროგნოზირებენ მიწისძვრის მხოლოდ სავარაუდო ადგილსა და დროს. ზოგიერთი დიდი მასშტაბის მიწისძვრა იწყება უმნიშვნელო სეისმური ტალღებით. მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ დიდ მიწისძვრებს წინ უძღვებათ ტალღების გავრცელების სიჩქარის ვარიაცია დროში. მცირე ცვლილებები დედამიწის ზედაპირზე და ლოკალური ცვლილებები დედამიწის მაგნუტურ ველებში, ასევე, მიწისძვრების წინაპირობას წარმოადგენენ.

 

სეისმომეტრი

მეფის რუსეთის დროს 1862 წლიდან პლეხანოვის გამზირის დასაწყისში, ერთ მშვენიერ ეზიში განლაგდა კავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიური სადგური და სეისმური ცენტრი, რომელიც მდებარეობს მიწის ქვეშ 12 მეტრის სიღრმეზე. იქ ხდებოდა და დღესაც ხდება პერფობარათებზე მიწისძვრების ჩაწერა. ეს იყო პირველი გეოფიზიკური კერა.

 

მიწისძვრების პროგნოზირების ყველაზე საიმედო აპარატია სეისმოგრაფი. მიწისძვრისა და სეისმოძიების დროს იგი აღბეჭდავს დედამიწის ქერქის ყველაზე უმნიშვნელო რხევებსაც კი, გადაჰყავს ელექტროსიგნალებად, რომლებიც შემდეგ დიაგრამულ ქაღალდზე იწერება.

 

დედამიწის მოძრაობებზე დაკვირვებების ჩატარების დროს სეისმოლოგები ხშირად სატელიტის საშუალებით აგზავნიან ელექტროსიგნალებს განსაზღვრულ სადგურებში და აკვირდებიან ამ სადგურების ერთმანეთთან განლაგების სქემას.

 

ნგრევის თავიდან აცილება

მართალია, არც ერთი ხსენებული მეთოდი არ არის სრულყოფილი, მაგრამ ისინი სეისმოლოგებს მიწისძვრის ბუნების უკეთ შესწავლაში ეხმარებიან. მეცნიერები ცდილობენ თავიდან აიცილონ მიწისძვრის შედეგად მოსალოდნელი ნგრევები. ბევრ მეცნიერს სწამს, რომ ხელოვნურად გამოწვეული უმნიშვნელო ბიძგებით შეიძლება დედამიწის ქანების განლაგების შეცვლა და კატასტროფული მიწისძვრის თავიდან აცილება.

 

მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო გზაა მიწისძვრის ზონების სრული ევაკუაცია. თუმცა დღევანდელ პირობებში, როდესაც დედამიწის მოსახლეობა დღითი დღე იზრდება, ეს შეუძლებელი ხდება. გამოთვლები გვიჩვენებს, რომ 2035 წლისათვის მიწისძვრების ზონების მთავარ ქალაქებში 600 მილიონი ადამიანი იქნება დასახლებული.

 

ამერიკის და იაპონიის არქიტექტორები აუმჯობესებენ მიწისძვრის გამძლე შენობების პროექტებს. ისინი შენდება სპეციალური დრეკადი მასალისაგან, მათი საძირკველი კი საშუალო სიდიდის რხევებს უძლებს.

 

თავდაცვითი ზომები

- ისეთ ქალაქებში, სადაც ხშირია მიწისძვრები, მაგალითად, სან-ფრანცისკოსა და ტოკიოში, ტარდება სპეციალური მოსამზადებელი კურსები, რომლებზეც მოსახლეობას უსაფრთხოების წესებს ასწავლიან.

 

- ბავშვებს საწოლებთან ყოველთვის უდევთ ფეხსაცმელების წყვილი და ფარანი, რათა საჭიროების შემთხვევაში ღამის სიბნელეში მოახერხონ თავის გადარჩენა.

 

- მიწისძვრის დროს უკეთესია თავშესაფარი იპოვოთ მაგიდის, ან კარების ჩარჩოს ქვეშ, რადგან ეს ისეთი ადგილია, რომელიც იშვიათად თუ ჩამოინგრევა. გარეთ გაქცევისას ნანგრევებში მოყოლის მეტი საშიშროება არსებობს.

 

- მიწისძვრით გამოწვეული ხანძრები უმალვე უნდა ჩაიქროს, რათა თავიდან ავიცილოთ მათი გავრცელება ბუნებრივი აირის წყაროებთან, რამაც შეიძლება აფეთქებები გამოიწვიოს.

 

მიწისძვრის შედეგები

ყველაზე საშიშ და დიდ ზიანს  მიწისძვრა აყენებს დიდ ქალაქებს.

 

1995 წლის 17 იანვარს, დილის 5 საათსა და 46 წუთზე იაპონიის ქალაქ კობეში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მან უდიდესი ნგრევა გამოიწვია. სახლები ჩამოინგრა, ზოგი – გვერდზე გადაიხარა, ხიდები და გზები ისე დაინგრა, თითქოს ფიცრის ყოფილიყო, ხოლო რკინიგზა სრულიად განადგურდა. შენობების წაქცევის შედეგად, დაზიანდა ელექტროხაზების და გაზის მილები, რაც აფერხებდა მაშველების მუშაობას. დაღუპულთა რიცხვმა 5300 ადამიანს მიაღწია. ზოგი ნანგრევებში მოჰყვა, ზოგი კი მიწისძვრის შედეგად გამოწვეულ ხანძრებს შეეწირა.

 

საერთოდ მატერიალურმა ზარალმა 100 მილიონ დოლარს მიაღწია. თუმცა ექსპერტებმა იწინასწარმეტყველეს, რომ იაპონიაში დიდი მასშტაბის მიწისძვრა მოხდებოდა, მაგრამ ეპიცენტრის ადგილი ვერ გამოიცნეს. მათი ვარაუდით, ეს იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში უნდა მომხდარიყო.

 

ყველაზე დიდი მსხვერპლი მოჰყვა ჩინეთის მიწისძვრას 1556 წლის 2 თებერვალს შენსისა და ხენანის პროვინციაში, 830 000 ადამიანი დაიღუპა.

 

1976 წლის 28 ივლისს აღმოსავლეთ ჩინეთში დაიღუპა 750 000 ადამიანი.

 

მიწისძვრით დაზარალებულთა შორის პირველი ადგილი უკავია იაპონიას. 1923 წლის 1 სექტემბერს კონტიის დაბლობი ნამდვილ კატასტროფის ცენტრად იქცა. სტიქია აქ მსოფლიოში ყველაზე დამანგრეველი აღმოჩნდა. ტოკიოსა და იოკოჰამაში 575 000 საცხოვრებელი სახლი განადგურდა, ხოლო დაღუპულთა რიცხვი 142 807 ადამიანს შეადგენდა.

 

რეგისტრირებულ მიწისძვრათა შორის ყველაზე ძლიერი 1950 წელს ინდოეთში შტატ ახმში მოხდა. რიხტელის შკალის მიხედვით მისმა მაგნიტუტამ 9 ბალი შეადგინა.

 

ჩილეში 1960 წლის 22 მაისს დაფიქსირებული მიწისძვრის სიმძლავრე არ ჩამოუვარდებოდა ზემოთ აღნიშნულს. მისი სიმძლავრე 8,5 ბალს უტოლდებოდა.