დღეს, საქართველოს თავდაცვის უწყებას ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე მარიუს ველიჩკა ესტუმრა. ლიტველ კოლეგას თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მიხეილ დარჩიაშვილმა უმასპინძლა. უცხოელი სტუმარს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანიაც შეხვდა.
შეხვედრის დასაწყისში მიხეილ დარჩიაშვილმა ლიტველ კოლეგას საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისა და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. ყურადღება გამახვილდა საქართველოსთვის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მნიშვნელობაზე. მარიუს ველიჩკამ საქართველოს თავდაცვის უწყებაში გატარებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ ინფორმაცია მიიღო. განსაკუთრებით აღინიშნა თავდაცვის ტრანსფორმაციის პროცესში მიღწეული პროგრესი, მათ შორის ნატოს კეთილსინდისიერების ამაღლების პროგრამასთან შეერთება, შეიარაღებულ ძალებში გატარებული ინსტიტუციონალიზებული რეფორმები, წოდებრივ ანაზღაურებაზე გადასვლა, ჯარის დეპოლიტიზირება, სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესება და სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურის განვითარება.
მხარეებმა საქართველოსა და ლიტვას შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ნატოსა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში საქართველოს მონაწილეობას. კოლეგებმა რეგიონალური უსაფრთხოების საკითხებიც მიმოიხილეს.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ლიტვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ მოინახულებს. მარიუს ველიჩკა ბათუმში 26-28 ივნისს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ
„საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების“ კონფერენციაშიც მიიღებს მონაწილეობას.