სომხური საინფორმაციო პორტალი lragir.am-ის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ სომხეთსა და რუსეთს აფხაზეთის გავლით რკინიგზის აღდგენაზე უარი უთხრა. გამოცემა წერს, რომ სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგსიანი თბილისიდან ხელცარიელი დაბრუნდა. ოფიციალურ თბილისი კი ირწმუნება, რომ სერჟ სარგსიანის ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის თაობაზე საუბარი არ ყოფილა.
„ზუსტად ერთ კვირაში თბილისი ევროპული საბაჟო სივრცის ნაწილი და ევროატლანტიკური პასუხისმგებლობის ზონა გახდება. დასავლური პოლიტიკა ახლა მიმართულია რუსეთისა და მისი გაერთიანების ბლოკირებისკენ და საქართველოს არ აქვს არანაირი მოტივი, ამ პოლიტიკის წინააღმდეგ წავიდეს და დაეხმაროს რუსეთს, სომხეთსა და ირანს დაუკავშირდეს.
საქმე ეხება არა მხოლოდ სარკინიგზო მიმოსვლას, რომელიც ერთ-ერთ არგუმენტად სახელდება სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისთვის, არამედ იმასაც, რომ სომხეთ-საქართველოს საზღვარი გახდება საზღვარი ევროპულ და ევრაზიულ საბაჟო სივრცეებს შორის. სომხეთის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას საბაჟო გადასახადების გაზრდა მოჰყვება, რასაც ერევანი არ უარყოფს. თუ ამას დაემატა უთანხმოება საქართველოსთან რუსეთიდან სომხეთში ტვირთების დაუბეგრავად გადაადგილებასთან დაკავშირებით, მაშინ საქონლის ღირებულება სომხეთში მკვეთრად გაიზრდება“, - წერს გამოცემა.
გამოცემის ინფორმაციით, სერჟ სარგსიანმა ვერ მოახერხა, დაერწმუნებინა ქართული მხარე ტრანზიტის ბაჟისგან გათავისუფლების შესახებ. როგორც გამოცემა წერს, ამ დრომდე საქართველო ცდილობდა, დიდად არ შეწინააღმდეგებოდა რუსეთს, მაგრამ ერთი კვირის შემდეგ, როცა ის ევროატლანტიკური უსაფრთხოების ზონაში შევა, არაერთი საფრთხე საქართველოსთვის ნიველირებული იქნება. საქართველოს არ დარჩება არანაირი მიზეზი იმისთვის, რომ ხელი არ შეუშალოს რუსულ პროექტებს.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში ვიზიტამდე სერჟ სარგსიანი რუსეთის სარკინიგზო გზების პრეზიდენტ ვლადიმერ იაკუნინს შეხვდა, რომელმაც განაცხადა, რომ ქართულ-აფხაზური კორიდორის გავლით, სომხეთ-რუსეთის დამაკავშირებელი რკინიგზის ამოქმედებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.
როგორც ცნობილია აფხაზეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენაზე საუბარი 2004 წელს დაიწყო. შეიქმნა სამუშაო ჯგუფიც, რომელმაც დაათვალიერა თუ რა მდგომარეობაში იყო აფხაზეთის რკინიგზის ეს მონაკვეთი. ამ ჯგუფმა მაშინ დადო დასკვნა, რომ სოხუმიდან ენგურის ჩათვლით, სარკინიგზო ლიანდაგი საერთოდ არ არსებობდა. როგორც ეკონომიკის ექსპტერი გია ხუხაშვილი ამბობს, ამის შემდეგ ეს საკითხი დღის წესრიგში ოფიციალურად არ დამდგარა. მისივე თქმით, სარკინიგზო მაგისტრალის აღდგენა სომხური მხარის ინტერესშია და ლაპარაკი იწყება მხოლოდ მაშინ, როდესაც საქართველოს ოფიციალური პირი ჩადის სასომხეთში, ან პირიქით.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა სომეხ კოლეგასთან ტიგრან სარქისიანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ
აფხაზეთ-სომხეთს შორის სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა ძირითადად რუსეთის პოზიციაზეა დამოკიდებული. როგორც მაშინ ივანიშვილმა აღნიშნა, საქართველოსა და სომხეთს შორის ამ თემაზე უთანხმოება არ არსებობს და სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენის შესაძლებლობა ძირითადად რუსეთის პოზიციაზეა დამოკიდებული.
მაშინ ამ საკითხის კომენტირებისას შერიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, რომ სატრანსპორტო არტერიის გახსნით კმაყოფილი იქნება ყველა და მათ შორის სომხეთიც. თუმცა, ამ განცხადებას უკმაყოფილება მოჰყვა საქართველოს სტრატეგიული სახელმწიფოსგან. აზერბაიჯანელი პოლიტოლოგები არ გამორიცხვადნენ, რომ საქართველოს მისგან იაფი გაზის მოწოდების ტარიფები გაეზარდა.
გია ხუხაშვილი აცხადებს, რომ სარკინიგზო მიმოსვლის საკითხს ყოველთვის აყენებდა სომხური მხარე, რადგან ეს რკინიგზა სომხეთისთვის, რომელიც გეოპოლიტიკურ ჩიხშია მოქცეული, სასიცოცხლო მნიშვნელობის გზაა. მისი თქმით, ამ საკითხს კატეგორიულობით არ აყენებს რუსეთი, რადგან აფხაზეთის გავლით სომხეთის რკინიგზის გახსნით გარაკვეულ რისკებს ხედავს.
„ინტერესი აქვს მხოლდ სომხეთს. ის, რომ სომხეთი და რუსეთი ერთად არიან ამ საკითხში, ამას ვერ დავეთანხმები, რადგან ეს არის რისკი რუსეთისთვის. ჩვენთვის შეიძლება ამ შემთხვევაში პოზიტიურად იყოს განხილული საკითხი. ნებისმირი ინტეგრაციული და ეკონომიკური კომუნიკაცია აფხაზეთის დანარჩენ საქართველოსთან არის ძალიან საინტერესო შემდგომი ინტეგრაციისთვის.
ამ რკინიგზის პროექტს გარკვეუწილად ახლავს ეს პოზიტივი საქართველოსთვის და სწორედ ეს პოზიტივი ანერვიულებს რუსეთს. აქიდან გამომდინარე, რუსეთს არასოდეს ჰქონია იმის მცდელობა, რომ ეს პროექტი აქტიურ ფაზაში გადაეყვანა“, - აცხადებს for.ge-სთანა საუბრისას გია ხუხაშვილი.
ეკონომიკის ექსპერტი ლევან კალანდაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკური სარგებელი რკინიგზის გახსნით პრაქტიკულად არ ექნება. მისივე თქმით, ეს არის პირდაპირი დაინტერესება სომხური მხარის. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ სომხეთის რკინიგზა რუსეთის რკინიგზის გავლენის ქვეშ არის მოქცეული. შესაბამისად, კალანდაძე თვლის, რომ ეს იქნება პრაქტიკულად ჯაჭვის შეკვრა სომხურ-რუსული სარკინიგზო მაგისტრალის.
„ეს არ იქნება ქართული სარკინიგზო მაგისტრალი. ამითი ეკონიმიკურად და მათ შორის პოლიტიკურად ისარგებლებს მხოლოდ სომხური მხარე. სომხეთს პრობლემა აქვს სარკინიგზო გადაზიდვებთან დაკავშირებით რუსეთის მხარესთან და შესაბამისად, ერთადერთი ალტერნატივა და გამოსავალი სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენისა ეს არის სწორედ აფხაზეთზე გამავალი მაგისტრალი.
ეკონომიკურად ამას საქართველოსთვის სარგებელი არ მოაქვს, საქართველომ შეიძლება პოლიტიკურად ისარგებლოს იმ შემთხვევაში, თუ რკინიგზის თემა დადგება სავაჭრო თემად სხვადასხვა პოლიტიკური თუ ეკონომიკური საკითხების მსჯელობისას რუსეთის მხარესთან. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველო ამ ურთიერთობებში დომინანტი პოლიტიური მხარე არ არის, ამ პირობების გატანის ალბათობა არის მინიმალური. ვეჭვობ, რომ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენამ რაიმე სარგებელი, თუნდაც რგძელვადიან პრესპექტივაში მოუტანოს საქართველოს“, - აცხადებს ლევან კალანადაძე.
სომხეთი, რომ ამ პროექტის ერთ-ერთი ლობისტია, ადასტურებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე, რომლის განცახდებით, სარკინიგზო მიმოსვლის აღდგენა სომხეთის და რუსეთის საერთო ინტერესებში შედის.
„რუსული და სომხური ინტერესებისთვის ანგარიშის გაწევა შეიძლება საქართველოს მხრიდან, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ცალმხრივი, უნდა იყოს ორმხრივი, საქართველომ უნდა დაინახოს, რომ საქართველოსაც ეწევა ანგარიში და ძირითადად რუსეთისგან უნდა დაინახოს. ჯერჯერობით ასეთი ანგარიშგასაწევი ფაქტორი რუსეთიდან არ არის.
როგორც ჩანს, საქართველომ ამ მიზეზით მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ გადადგას ასეთი მეგობრული ნაბიჯი მანამ, სანამ მეორე მხარე არ დაუმტკიცებს იგივე განწყობას. არანაიარი გარანტია არაა, რომ ამ რკინიგზის საშუალებით იარაღი არ მივა სომხეთამდე და არ აღმოჩნდება საფრთხის წინაშე ჩვენი პარტიორი აზერბაიჯანი.
ეს რომ მარტო ქართულ-რუსული და სომხური ურთიერთობის საკითხი იყოს, მაშინ კიდევ რაღაც დათმობაზე წავიდოდა საქართველო, მაგრამ წინა პლანზე მოდის აზერბაიჯანის თემა და ძალიან მწვავედ. იცით, რომ მწვავე რეაქცია ჰქონდა ამ საკითხე აზერბაიჯანს. აზერბაიჯანმა იმდენ საკითხში გაუწია ანგარიში საქართველოს, რომ არანაირი უფლება არ აქვს საქართველოს, ანგარიში არ გაუწიოს აზერბაიჯანის ინტერესებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძე.