შედგა თუ არა გარიგება „ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის გორში, ეს არის საკითხი, რომელზეც გორში აქტიურად საუბრობენ. For.ge-ს ინფორმაციით, მოლაპარაკებების პირველი რაუნდი 18 ივნისს გორის უნივერსიტეტში შედგა, სადაც სოფლის მეურნეობის და ეკონომიკის მინისტრებმა სამთავრობო პროგრამის, „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის პრეზენტაცია გამართეს, სადაც წინასაარჩევნო დაპირებებიც ისმოდა. For.ge-ს ინფორმაციით ამ შეხვედრაში მონაწილეობდა შიდა ქართლის გუბერნატორი ზურა რუსიშვილი და ადგილობრივი ბიზნესმენები.
ამ ბიზნესმენებში საკმაოდ იყვნენ წარმოდგენილნი „ნაციონალური მოძრაობის“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და შტაბის წევრებიც. როგორც ამ შეხვედრის მონაწილე ამბობს, იაფი კრედიტებითა და სახელმწიფო ქონების იაფად გადაცემის სანაცვლოდ „ნაციონალურ მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ შტაბები, გუბერნატორის შუამავლობით შეთანხმდნენ, რომ მეორე ტურში „ნაციონალური მოძრაობა“ „ქართულ ოცნებას“ მინიმუმ, ხელს არ შეუშლის და სადაც შესაძლებელი იქნება დაეხმარებიან. ამავე წყაროს ინფორმაციით, დეტალები ჯერჯერობით ცენტრალურ ოფისებთან შეთანხმებული არაა. მისივე ინფორმაციით, მთავარი იყო მოლაპარაკებისა და თანამშრომლობის შესახებ თანხმობა ადგილობრივ დონეზე მიღებულიყო.
აღსანიშნავია, რომ გორი ერთ-ერთია იმ რვა თვითმმართველი ქალაქიდან, სადაც თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური ჩატარდება. ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებში გორში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა, ზურაბ ჯირკველიშვილმა ხმების 40.38 პროცენტი მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა არჩილ საბიაშვილმა 14.87 პროცენტი, ხოლო „ირაკლი ოქრუაშვილი - ქართული პარტიის“ კანდიდატმა ერგემლიძემ 29.27 პროცენტი. რაც შეეხება თვითმმართველი თემის გამგებლობის კანდიდატს, „ქართული ოცნება“ დავით ონიაშვილი - 46.85 პროცენტი, „ნაციონალური მოძრაობა“ – 16.14 პროცენტი, „ირაკლი ოქრუაშვილი ქართული პარტია“ - ბონდო ვათიაშვილი 26.5 პროცენტი.
შესაბამისად, მეორე ტურში ერთმანეთს „ქართულ ოცნება“ და „ქართული პარტია“ დაუპირისპირდება. ახალმა პოლიტიკურმა მოთამაშემ ირაკლი ოქრუაშვილმა გორში მეორე ადგილი აიღო და „ნაციონალური მოძრაობაც“ ჩააჩოჩა. რეგიონში სტაბილიზაციისთვის „ქართულ ოცნებას“ საკრებულოში სჭირდება პარტნიორი და ვინ იქნება ეს პარტნიორი ჯერჯერობით უცნობია.
რაც შეეხება ინფორმაციას „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალაური მოძრაობის“ გარიგების შესახებ, for.ge-სთან საუბრისას გორის მკვიდრმა აღნიშნა, რომ ეს ინფორმაცია ნადვილად არსებობს გორში. მისი თქმით, თუ ასეთი გარიგება მოხდება, ეს წამგებიანი იქნება „ქართულ ოცნებისთვის“, ისევე როგორც კოაბიტაცია ირაკლი ოქრუაშვილთან, რადგან მისივე განცხადებით, გორის მოსახლეობა ხელისუფლებისგან სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.
შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი for.ge-სთან საუბრისას ადასტურებს გორის უნივერსიტეტში შეხვედრას, თუმცა უარყოფს ინფორმაციას სავარაუდო გარიგებაზე.
„შეხვედრა ნამდვილად შედგა, გუბერნატორმა გახსნა. შეხვედრას ესწრებოდა სოფლის მეურნეობის მინისტრი და ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელი. გაიმართა „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის პრეზენტაცია. ამის შემდეგ იყო კითხვა-პასუხის რეჟიმი. შეხვედრას ესწრებოდნენ ბიზნესმენებიც, მაგრამ რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის შემდგარ გარიგებას, მსგავსი რამე არა ყოფილა, არანაირ კავშირში არაა ეს თემა ამ შეხვედრასთან“, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
„ნაციონალურ მოძრაობასთან“ გარიგებას კატეგორიულად უარყოფს პარტია „ქართული ოცნების“ გორის საოლოქო ორგანიზაციის უფროსი ნინო ზურაბიშვილი.
„მაგ სისიულელეზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. სხვა დროს ჯობია ხოლმე წყარო დააზუსტოთ. შეიძლება 100 შეხვედრა მოხდა იმ დღეს გორის უნივერსიტეტში, რაც შეეხება გარიგებას „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის, ეს არის აბსურდი“, - განუცხადა for.ge-ს ნინო ზურაბიშვილმა.
ოპონენტებს პარტიის დისკრედიტაციაში ადანაშაულებს „ნაციონალურაი მოძრაობის“ გორის რეგიონალური ორგანიზაციის თავმჯდომარე კახა ტალიაშვილი.
„ეს არის ტყუილი. ჩვენთვის ორივე პოლიტიკური ძალა და მათი ღირებულება მიუღებელია, რადგან არც ერთი ძალა ქვეყნის ინტერესებს არ ემსახურება. ჩვენ მონიტორინგს გავუწევთ იმ ტყიულ დაპირებას, რომელიც მისცეს ხელისუფლებას. არანაირი გარიგება ჩვენ არ გვჭირდება, პირადად მე არც ვაპირებ არჩევნებში წასვლას“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას კახა ტალიაშვილი.
მეორე ადაგილზე გასული „ირაკლი ოქრუაშვილი -ქართული პარტიის“ წევრები არ გამორიცხავენ, რომ ასეთი გარიგება მართლაც შემდგარიყო მმართველ კოალიციასა და ყოფილ სახელისუფლებო გუნდს შორის. ჩვენ შევეცადეთ თავად ოქრუაშვილთან დაკავშირებას, თუმცა, როგორც პარტიის წევრებმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, ოქრუაშვილი საქართველოში არ იმყოფება.
„მეორე ტურში მივიღებთ მონაწილეობას და გავიმარჯვებთ კიდეც. რაც შეეხება „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის კოაბიტაციას და შეხვედრას, ნებისმიერ გორელს შეეკითხეთ რას ფიქრობენ ამასთან დაკავშირებით“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას „ქართული პარტიის“ პრეს-ცენტრის უფროსმა ნოდარ სხირტლაძემ.