მთავრობამ ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილს 633 0553,34 ლარი აპატია და საინვესტიციო პირობების შესრულება გადაუვადა. მთავრობამ 2014 წლის 11 ივნისის #1044 განკარგულებით, ლაშა პაპაშვილს საინვესტიციო პროექტის შეუსრულებლობისათვის 630 553,34 ლარის პირგასამტეხლო აპატია და საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის #891 განკარგულებით განსაზღვრული განსხვავებული პირობები დაუდგინა.
საქართველოს პრეზიდენტის 2009 წლის 14 დეკემბრის #891 განკარგულების საფუძველზე, საქართველოს მთავრობასა და ლაშა პაპაშვილს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მყიდველს 1000 ლარად ადიგენის მუნიციპალიტეტში, დაბა აბასთუმანში, „აღობინის დასახლებაში" მდებარე 78 ათას 998 კვ/მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მათზე დამაგრებული შენობა-ნაგებობები, გადაეცა.
სანაცვლოდ, ბიზნესმენმა ლაშა პაპაშვილმა ხელშეკრულებით იკისრა რიგი ვალდებულებების შესრულება, მათ შორის 2013 წლის ბოლოსთვის სასტუმროს ტიპის დასასვენებელი კომპლექსის ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, ეტაპობრივად 3 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელება: - 2011 წლის 24 დეკემბრამდე 0,5 მლნ ლარის ინვესტირება, ხოლო 2013 წლის 24 დეკემბრამდე 2,5 მლნ ლარის ინვესტირება. ლაშა პაპაშვილს ნაკისრი ვალდებულებით, სასტუმროს ფუნქციონირებისათვის, 3 წლის განმავლობაში მინიმუმ 10 ადამიანი უნდა დაესაქმებინა.
2011 წლის 23 დეკემბრისათვის პაპაშვილმა ნაცვლად ნაკისრი 0,5 მლნ ლარის ინვესტიციისა, განახორციელა 85 ათას 030 ლარის ინვესტიცია, ხოლო 2013 წლის ივნისამდე პაპაშვილს განხორციელებული ქონდა 326 530 ლარის ინვესტიცია, მაშინ როდესაც ხელშეკრულების მიხედვით, შემდგომი 6 თვის ბოლოს მას განსახორციელებელი ქონდა 2,5 მლნ ლარის ინვესტიცია.
საინვესტიციო პირობების შეუსრულებლობის გამო, 2014 წლის 13 მაისის მდგომარეობით, ლაშა პაპაშვილისთვის დაკისრებული პირგასამტეხლოს საერთო რაოდენობა 630 553,34 ლარს შეადგენდა, ხოლო სასტუმროს ფუნქციონირებისათვის 10 ადამიანის 3 წლით დასაქმებაზე პირგასამტეხლო ხელშეკრულებით განსაზღვრულია თითოეული ადამიანისათვის 50 ლარის ოდენობით ყოველ დარღვეულ დღეზე.
2014 წლის 17 იანვარს ბიზნესმენმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიმართა და ითხოვა, რომ ნასყიდობის ხელშეკრულებაში მას ჩაენაცვლოს შპს „აღობილი" (405004720) რომელიც საინვესტიციო ვალდებულების შესრულებისათვის წარადგენს საინვესტიციო თანხის 10 %-ის საბანკო გარანტიას. პაპაშვილმა ასევე ითხოვა, დაკისრებული და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს პატიება, შესრულებული ინვესტიციის, ნაცვლად 3 მლნ ლარისა 326 530 ლარის დადასტურება და ასევე მოითხოვა ხელშეკრულების ერთ-ერთი პუნქტის რედაქტირება, რომლის მიხედვითაც, საინვესტიციო პროექტის განხორციელების ვადა 2018 წლის 29 მაისამდე უნდა გაიზარდოს და საინვესტიციო თანხის საერთო მოცულობა კი 7 მლნ ლარით განისაზღვროს.
ლაშა პაპაშვილმა ასევე ითხოვა გადაცემულ ქონებაზე სახელმწიფოს სასარგებლოდ რეგისტრირებული იპოთეკის გაუქმება, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სანაცვლოდ.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, პაპაშვილის წერილი განიხილა სახელმწიფო ქონების განკარგვის მიზნით დადებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებული საკითხების შემსწავლელმა კომისიამ (2014 წლის 28 მარტი, ოქმი #13) და მიზანშეწონილად მიიჩნია, პაპაშვილისათვის დაკისრებული და დასაკისრებელი პირგასამტეხლოს გადახდისაგან განთავისუფლება, იმ პირობით, რომ პაპაშვილი ან მისი უფლებამონაცვლე 2018 წლის 29 მაისამდე უზრუნველყოფს 35 სასტუმრო ნომრიანი დასასვენებელი კომპლექსის დასრულებას. კომისიამ ბიზნესმენს ასევე სხვა პირობებიც განუსაზღვრა, რაც თავად პაპაშვილის მიერ წარდგენილი წერილის საფუძველზე იყო მოთხოვნილი..