„ქართულმა ოცნებამ“ უკანონო შემოწირულობები დააბრუნა

„ქართულმა ოცნებამ“ უკანონო შემოწირულობები დააბრუნა

კოალიცია „ქართულ ოცნებას“ ოფიციალურ საბანკო ანგარიშზე უკანონო შემოწირულობები ჩაურიცხეს. სახელმწიფო აუდიტთან არსებული პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ 20-20 ათასი ლარი რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში მყოფმა კომპანიებმა გაიღეს.

პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსი ზურა აზნაურაშვილი for.ge-სთან განმარტავს, რომ „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონი იურიდიული პირის შემთხვევაში ითვალისწინებს მოთხოვნას, რომ მისი ყველა პარტნიორი და საბოლოო ბენეფიციარი აუცილებლად უნდა იყოს მხოლოდ საქართველოს მოქალაქე. „ქართული ოცნების“ შემომწირველ ორ იურიდიულ პირს კი პარტნიორებში სხვა ქვეყნის მოქალაქეები აღმოაჩნდათ.

საჯარო რეეტრის ვებგვერდზე არსებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია „ჯეოსპირტპრომის“ 100%-იანი წილის მფლობელი და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი რუსეთის მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილია, ხოლო „დუგლაძეების ღვინის კომპანიაში“ ოთხი პარტნიორიდან ერთი გიორგი კაპანაძე რუსეთის მოქალაქეა. მას ამ კომპანიაში 8%-იანი წილი აქვს.

„კოალიცია „ქართულ ოცნებას“ მიეცა მითითება, რომ დააბრუნოს ჩარიცხული თანხა, ხოლო იურიდიული პირების მიმართ შედგენილი იქნება ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც გაიგზავნება სასამართლოში - გადაწყვეტილების მიღების მიზნით. ჩვენ ვითხოვთ ორმაგი ოდენობის ჯარიმის გამოყენებას აღნიშნული იურიდიული პირების მიმართ“, - აცხადებს ზურა აზნაურაშვილი.

პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ „ქართული ოცნების“ ანგარიშზე „ჯეოსპირტპრომმა“ და „დუგლაძეების ღვინის კომპანიამ“ თანხები 29 და 30 მაისს ჩარიცხეს. დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში კი უწყება ამ ფინანსური ოპერაციის კანონიერების საკითხს სწავლობდა.

კანონის თანახმად, რუსეთის მოქალაქეების მფლობელობაში არსებული კომპანიების მიერ ჩარიცხული 40 ათასი ლარის უკან დასაბრუნებლად „ქართულ ოცნებას“ კონკრეტული ვადა განესაზღვრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხები, მისი პირვანდელი მფლობელის ნაცვლად, სახელმწიფო ბიუჯეტში გადაირიცხებოდა.

პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარისთვის for.ge კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის პრესსამსახურს დაუკავშირდა. საარჩევნო შტაბში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე ოფიციალურ კომენტარს მოგვიანებით თავად გაავრცელებდნენ.

განცხადების თანახმად, კოალიციამ „დუგლაძეების ღვინის კომპანიასა“ და „ჯეოსპორტპრომს“ შემოწირული თანხები უკვე დაუბრუნა.

„20 ივნისს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა წერილობით გვაცნობა, რომ აღნიშნული კომპანიების მიერ განხორციელებული შემოწირულობით, ორგანული კანონის 25-ე მუხლის მეორე „ბ“ პუნქტით დადგენილი ნორმა დაირღვა, რასაც ჩვენი მხრიდან მოჰყვა მყისიერი რეაგირება და ორივე კომპანიას, იმავე დღეს უკან დაუბრუნდა მათი მხრიდან შემოწირული 20 000-20 000 ლარი, რაზეც არსებობს შესაბამისი საგადასახადო დავალება. „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ანგარიში ღიაა და ნებისმიერ მოქალაქეს ან იურიდიულ პირს შეუძლია კანონით დადგენილი წესით განახორციელოს შემოწირულობა“, - აცხადებენ კოალიციაში. 

უკანონო შემოწირულობად მიჩნეული თანხის „ქართული ოცნების“ მიერ დაბრუნება საქალაქო სასამართლოში საქმის წარმოებას ხელს ვერ შეუშლის. ზურაბ აზნაურაშვილის განმარტებით, საქალაქო სასამართლოში დოკუმენტაცია 24 ივნისს გადაიგზავნება და მთავარი მოთხოვნა „ქართული ოცნებისთვის“ თანხის გადამრიცხავი იურიდიული პირებისთვის თანხის ორმაგი ოდენობით ჯარიმის დაკისრება იქნება.

სასამართლოს მიერ ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ქართული ოცნების“ თითოეულ შემომწირველს 40 ათასი ლარის ჯარიმა დაეკისრება.

პოლიტიკური სუბიექტებისთვის უკანონო შემოწირულობებთან დაკავშირებით ფინანსური მონიტორინგის სამსახური მუშაობას განაგრძობს. მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიკურ პირთა შემთხვევაში დასაშვები შემოწირულობის მაქსიმალური თანხა 60 ათასი ლარია. ზურაბ აზნაურაშვილი for.ge-სთან ადასტურებს, რომ მის უწყებას ამ დროისთვის რამდენიმე ფინანსურ შემოწირულობაზე კითხვები აქვს და მათ შორის არის კონკრეტული პირების მიერ გაღებული 60-ათასლარიანი შემოწირულობების კანონიერების საკითხიც.

„კითხვები რაზეც გვაქვს, არის 60 ათასი ლარიც და შედარებით მცირე თანხებიც. შემოწირულობებთან დაკავშირებით ისევ ვმუშაობთ. ინფორმაცია გამოვითხოვეთ სასამართლოდან, შემოსავლების სამსახურიდან - საკმაოდ ხანგრძლივი პროცესია შემოწირულობის შესახებ ინფორმაციის შესწავლა. ასევე ვსწავლობთ კონკრეტული დარღვევების საკითხს - 160-მდე დამოუკიდებლი კანდიდატის მიმართ გვაქვს პრეტენზია ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო. მათ წინააღმდეგ საქმეები გაგზავნილია სასამართლოში, ასევე გვქონდა საუბარი სამი პოლიტიკური გაერთიანების წინააღმდეგ, მათ შემთხვევაშიც ინფორმაციის წარმოუდგენლობის გამო მოვითხოვთ სანქციებს. საქმე სასამართლოში გაიგზავნა და დაჯარიმებსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებაც იქნა მიღებული. ეს პოლიტიკური სუბიექტებია - კონსერვატიული პარტია, „საქართველოს გზა“ და „პატრიოტთა ალიანსი“,- განმარტავს ზურაბ აზნაურაშვილი.

ფინასური მონიტორინგის სამსახური და უკანონო შემომწირველების გამოვლენისა და დაჯარიმების შესახებ კანონი ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში ჩართვიდან სამ თვეში ამოქმედდა. საქართველოში რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2011 წლის 30 დეკემბრიდან აწარმოებს.

„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში დეტალურად არის გაწერილი ის ვალდებულებები, რომელთა შესრულებაც პოლიტიკურ პარტიებს ევალებათ. ყველა ქმედება, რომელიც კანონის რეგულაციათა გვერდის ავლით განხორციელდება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას იწვევს.

ამ კანონის ფარგლებში 2012 წელს პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის იმდროინდელმა ხელმძღვანელმა ნათია მოგელაძემ ბიძინა ივანიშვილს ბიუჯეტის სასარგებლოდ 80 მილიონი ლარი გადაახდევინა - 74 მილიონი ლარი უშუალოდ ჯარიმის სახით, 6 მილიონი კი, როგორც აღსრულების სამსახურის საფასური.